2022 წლის მესამე კვარტალში საქართველოში მოქმედ ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოებზე მომსახურება გაძვირდა.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს სამაცივრე, სასაკლაო მეურნეობებისა და ელევატორების გამოკვლევის 2022 წლის მესამე კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა.
მონაცემების მიხედვით, ამ პერიოდში საქართველოში 119 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 18.5% ქვემო ქართლის რეგიონში მდებარეობს, 16.8% – კახეთში, 14.3% – იმერეთში, 13.4% – შიდა ქართლში, 10.9% – სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო 26.1% – სხვა რეგიონებშია განთავსებული.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წლის III კვარტალში სასაკლაოებში 107.8 ათასი სული პირუტყვი დაიკლა, საიდანაც 44.2% – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 43.1% – ღორი, ხოლო 11.1% ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 1.5%-ს შეადგენს.
როგორც სტატისტიკიდან ჩანს, ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის შემთხვევაში – 32.6 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის – 14.9 ლარი, ხოლო ღორის დაკვლის საფასური – 27.5 ლარი იყო. რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს აღემატება (რქოსანი პირუტყვი – 30.4 ლარი; ცხვარი და თხა – 12.2 ლარი; ღორი – 26.6 ლარი).
საანგარიშო პერიოდში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 978.7 ათასი ერთეულით განისაზღვრა.
სასაკლაოების მიერ 2022 წლის III კვარტალში 13.2 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე 40.5% მოდის, 40% – ფრინველის ხორცზე, 18% – ღორის ხორცზე, 1.5% – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.
საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 14.8 ათას პირს, საიდანაც 32.2% შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 061 კაცი შეადგინა.