“პა-სეანსის” სიმბოლო ცუცა კაპანაძე “რუსთავი 2-ის” შუადღის გადაცემაში პირდაპირ ეთერში ამერიკიდან ჩაერთო და ტელევიზიასთან დაკავშირებული ძველი ამბები გაიხსენა.
როგორც ცუცა საუბრობს, ახსოვს პერიოდი, როდესაც შიმშილი და სიცივე იყო, თუმცა ადამიანებს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ.
“მე საქართველოდან წამოსვლა იმ პერიოდში მომიწია, როდესაც “პა-სეანსი” აღარ გადიოდა. შემდეგ “იმედზე” ვიყავი, სერიალში “ყავა და ლუდი”. მეგობრებმა ამერიკაში წასვლა მირჩიეს და ასეც მოხდა. აღმოვაჩინე, რომ ამერიკაში “პა-სეანსის” კასეტები იყიდებოდა და გამიკვირდა. შემდეგ მითხრეს რომ სომეხ ბიჭს ჰქონდა მაღაზია, მას შემოჰქონდა და ასე მოხვდა “პა-სეანსი” ამერიკაში. დღემდე მაქვს ეთერის მონატრება და შიმშილი. 45 წელი სცენაზე ვიდექი. ტელევიზია იგივე ნარკოტიკია, რომელსაც ვერ ელევი. მე ამერიკაში ქართული კულტურის ცენტრში ვმუშაობ. დღემდე მოდიან და გვეუბნებიან, რომ ჩვენმა გადაცემამ გადაარჩინა და გადაატანინა ის მძიმე წლები. გვშიოდა, გვწყუროდა, გაზი არ იყო, მაგრამ როგორ გვიყვარდა ერთმანეთი. ცუდია, რომ დღეს ეს ყველაფერი გაცივდა”, – საუბრობს ცუცა კაპანაძე.