LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტი 1.768 მილიარდი ლარი იქნება – რას გეგმავს მერია

149
კახა კალაძე
დედაქალაქის ბიუჯეტი 1.768 მილიარდი ლარი იქნება. განცხადება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ფინანსთა სამინისტროსთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რომელიც უკვე დასრულდა.

„დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საბოლოო ბიუჯეტი განისაზღვრა 1.632 მლრდ ლარით. 2022 წელს ეს თანხა 1.560 მლრდ ლარი იყო. ფინანსთა სამინისტროსგან მისაღები ტრანსფერი შეადგენს 440 მლნ ლარს, სესხის ნაწილი არის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მისაღები თანხები, რომლითაც სხვადასხვა პროექტი უნდა განხორციელდეს და ეს არის 136 მლნ ლარი. მთლიანობაში 2023 წლის დედაქალაქის ბიუჯეტი იქნება 1.768 მილიარდი ლარი“, – განაცხადა კალაძემ.

მერმა ცენტრალურ მთავრობას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მისივე თქმით, მომავალ წლის ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი თანხა – 530 მლნ ლარი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა-განვითარებას მოხმარდება. ასევე, დაგეგმილია რამდენიმე ახალი და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება.

„აღნიშნული თანხიდან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენისა და განვითარებისთვის დაიხარჯება 530 მლნ ლარი; ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-ექსპლუატაციისა და ავარიული შენობების გამაგრება-ჩანაცვლებისთვის 243 მლნ ლარი გამოიყოფა, ხოლო ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის – 211 მლნ ლარი. ასევე, მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულება, რომლისთვისაც გამოყოფილია, დაახლოებით, 500 მლნ ლარი. 2023 წლისთვის დაგეგმილი გვაქვს ისეთი მნიშვნელოვანი და მსხვილი პროექტები, როგორებიცაა: 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა; წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაცია-განახლება; დიდუბის ხიდის, უნივერსიტეტის ქუჩის, მშვიდობის ხიდის, სულხან-საბას, ინგოროყვასა და წინამძღვრიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია. გარდა ამისა, მომავალ წელს მოხდება ვაზისუბნის, ციციშვილის, მუხიანის, პირველი რესპუბლიკის პარკების რეაბილიტაცია. რეკრეაციული სივრცეები რეაბილიტირდება სამგორსა და ისანში, ასევე, სამგორში მოეწყობა ახალი პარკი. გარდა ამისა, გამგეობებიც განახორციელებენ სხვადასხვა პროექტს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g