პაპმა ფრანცისკემ ხალხს მოუწოდა, საშობაო დღესასწაულებსა და საჩუქრებზე წელს ნაკლები დახარჯონ, დაზოგილი თანხა კი „უკრაინის ტანჯულ ხალხს“ გაუგზავნონ, რათა მათ შიმშილისა და სიცივის გადალახვაში დაეხმარონ.
განცხადება კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ვატიკანში გამართული ყოველკვირეული აუდიენციის დროს გააკეთა.
„სასიამოვნოა შობის აღნიშვნა და წვეულებების გამართვა, მაგრამ მოდით, ოდნავ შევამციროთ საშობაო დანახარჯები. მოდით, უფრო თავმდაბლად აღვნიშნოთ შობა, დახარჯეთ ნაკლები და იქონიეთ უფრო მოკრძალებული შობა, მოკრძალებული საჩუქრებით და დაზოგილი თანხა გაუგზავნეთ უკრაინელ ხალხს“, – აღნიშნა პაპმა.
რომის პაპმა უკრაინელებზე საუბრისას განაცხადა, რომ ისინი მშივრები არიან და სცივათ, ბევრი კი ექიმებისა და ექთნების ნაკლებობის გამო იღუპება.
„მოდით, არ დავივიწყოთ ისინი. დიახ, აღვნიშნოთ შობა მშვიდობით, უფალთან, მაგრამ გულებში უკრაინელებთან ერთად“ – დასძინა პაპმა ფრანცისკემ.