რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ბაჩო რამიშვილი სტუმრობდა, რომელმაც თავის შემოქმედებაზე და პროექტზე „მარტის გაცილება“ ისაუბრა და მსმენელს ახალი სიმღერა „დაზამთრებამდე“ წარუდგინა. რადიოს მსმენელმა სიმღერის „მოგონებებს“ ცოცხალი შესრულებაც მოისმინა.
ბაჩო, როგორ შეიქმნა სიმღერა „დაზამთრებამდე“?
ეს სიმღერა ძველ ლექსზე „დეკემბერი“ შეიქმნა. „დეკემბერზე“ აქამდეც იყო სიმღერა შექმნილი, თუმცა რაღაც დროის შემდეგ ცვლილება განიცადა და ამ სიმღერასთან ერთად მელოდიური მისამღერიც შეიქმნა. ჯერ დაიბადა მისამღერი და შემდეგ ეს ლექსი ამღერდა. ვფიქრობ, ეს ლექსი ძალიან მოუხდა ამ სიმღერას. სიმღერაზე შეთემ იმუშავა.
რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში, ახალ სიმღერებზე თუ მუშაობ?
რა თქმა უნდა, ვმუშაობ ახალ სიმღერებზე. დროთა განმავლობაში უფრო პროდუქტიული ვხდები, საკუთარი თავის რეალიზებას უფრო მეტად ვცდილობ. რაც შეეხება პოეზიას, მარტი მოდის და შესაბამისად დავიწყეთ მზადება „მარტის გაცილებისთვის“. გვინდა, რომ „მარტის გაცილება“ რუსთაველის თეატრში ჩავატაროთ. ვფიქრობთ, რომ გრანდიოზული ღონისძიება იქნება. გაერთიანებული იქნება საკონცერტო და პოეზიის პროგრამა, სხვა სიახლეებზე და დეტალებზე საუბარი ჯერჯერობით არ მინდა.
როგორ შეაჯამებდი 2022 წელს?
იმედის მომცემი წელი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი თითქოს ნელ-ნელა დალაგდა. ვფიქრობ, 2023 წელი ყველასთვის კარგი იქნება.
რამდენად გამორჩეულია შენთვის ახალი წელი?
ახალი წელი როგორც პატარა ბავშვს, ისე მიხარია ხოლმე, ერთადერთი თოვლის ბაბუის არ მჯერა და არ ველოდები (იცინის). წელს დუბაიში ვხვდები ახალ წელს, რაღაც ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი და იქ მივდივართ.
ბაჩო რამიშვილი – დაზამთრებამდე
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ბაჩო რამიშვილი – თუ გრძნობები აამღერეს სიმებმა
ბაჩო რამიშვილი. პრემიერა გადაცემაში “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი