LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის არის აუცილებელი, ვირუსის დროს, ბავშვის კლინიკაში გადაყვანა – ეკა გეთიას რეკომენდაციები

126
ეკატერინე-გეთია

წარმოადგენს თუ არა ბავშვის კლინიკაში გადაყვანის წინაპირობას შეუპოვარი ცხელება და ხველა, როგორ ხდება კლინიკაში ცხელების მართვა და რატომ არის კლინიკა უპირატესი ბავშვთა შემთხვევაში, რამდენად მნიშვნელოვანია ვირუსული ინფექციის დროს კვლევების ჩატარება, როგორ მოვიქცეთ ყელის და ყურის ტკივილის დროს – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ მედიცინის დოქტორმა, ექიმმა, პედიატრმა – ეკატერინე გეთიამ ისაუბრა.

შეუპოვარი ცხელება და ხველა, რომელსაც მშობელი ვერ ერევა სახლის პირობებში, წარმოადგენს თუ არა ბავშვის კლინიკაში გადაყვანის წინაპირობას?

თუ ხველა და ცხელება ორივე ერთად არსებობს, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი სიმპტომებია და ეს მწვავე ვირუსულ ინფექციებს ახლავს. აღსანიშნავია, რომ რესპირაციული ინფექციების გარდა, ხველას შეიძლება ისეთი გამომწვევი მიზეზები ჰქონდეს, როგორიცაა ალერგია, ცივი სასმლის მიღება, ცივი ჰაერის შესუნთქვა და ა.შ. ხველის მექანიზმში ყოველთვის წამყვანია ისეთი ნოზოლოგიები, როგორიცაა ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, რინიტი, სინუსიტი, ფარინგიტი, თუმცა ღრმად და შორს წასულ სიტუაციებში გვაქვს ხოლმე ისეთი გართულებები, როგორიცაა პლევრიტი, პნევმონია. ვერ ვიტყვი, რომ პირველივე დახველებაზე აუცილებლად უნდა მიმართოთ კლინიკას, თუმცა მშობლების შეშფოთებას იწვევს ის, რომ ირგვლივ ხედავს ახლობელ ადამიანებს, რომელთაც ძალიან სწრაფად გაურთულდათ სიტუაცია და საკმაოდ სერიოზულ გამწვავებამდე მივიდნენ. შესაბამისად, ყველა მშობელი ცდილობს პედიატრთან დაკავშირებას და თუნდაც მინიმალური დანიშნულების მიღებას.

რაც შეეხება ცხელებას, ეს ორგანიზმის დაცვითი, შეგუებითი რეაქციაა. ცხელებით პაციენტი შეიძლება სახლის პირობებშიც იმყოფებოდეს, თუმცა თუ გავიხსენებთ მის მექანიზმს, უნდა ხდებოდეს სითბოს წარმოქმნა და სითბოს გაცემა და თუ სითბოს წარმოქმნასა და გაცემას შორის ადეკვატური ბალანსი არ არსებობს, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იწყება ის, რისიც მშობლებს ეშინიათ, შემცივნება, სიფერმკრთალე, ხელის და ფეხის გულების გაციება, სიცხე არ ემორჩილება დამწევს და ა.შ. ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ იმის დიფერენცირება, თუ რა პერიოდში უნდა მივმართოთ გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

საყურადღებოა ხველა, რომელსაც თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, სუნთქვის გახშირება, გაძნელება. მინდა, გამოვყო ბავშვების ცალკე ჯგუფი, რომლებიც ცხელების დროს განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ თავიანთი მცირე ასაკიდან გამომდინარე. 3 თვემდე ასაკის პაციენტი, რომელსაც 38 გრადუსზე მეტი აქვს ტემპერატურა, მშობელმა აუცილებლად უნდა გადაიყვანოს კლინიკაში, თუნდაც სახლის პირობებში უკვე მიცემული ჰქონდეს სიცხის დამწევი. ასევე კლინიკაში უნდა გადაიყვანოთ 3-დან 6 თვემდე ასაკის ბავშვები, რომელთაც 39 გრადუსზე მეტი ტემპერატურა აქვთ. აქ მარტო მწვავე რესპირატორულ ინფექციებზე არ არის საუბარი, ცხელებით შეიძლება დაიწყოს სხვადასხვა პათოლოგიებიც, საშარდე გზების ინფექციები, გასტროეზოფაგური რეფლუქსი, რომელსაც მოჰყვება ხოლმე გადაცდენები, რომელთა შედეგადაც მიმდინარეობს ხოლმე გართულებული ოტიტები.

როგორ მართავთ ცხელებას კლინიკაში, რით განსხვავდება ის ცხელების სახლში მართვისგან და პატარა ბავშვების შემთხვევაში რატომ არის კლინიკა უპირატესი?

პატარა ბავშვების შემთხვევაში კლინიკა უპირატესია, რადგან მაღალი რისკის ჯგუფია. პაციენტებს, რომელთაც ბოლომდე არ აქვთ ფორმირებული და ჩამოყალიბებული, თუნდაც, ცენტრალური ნერვული სისტემა, რასაც ადვილად შეუძლია კრუნჩხვითი განტვირთვა განავითაროს, მაღალი სიცხის შემთხვევაში ფებრილური გულყრის განვითარების საკმაოდ მაღალი რისკი აქვთ. როდესაც პატარა ასაკის ბავშვები მოჰყავთ კლინიკაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება, დიფერენცირება, რასთან გვაქვს საქმე, ვირუსთან თუ ბაქტერიასთან და ა.შ. , რის შემდეგადაც პაციენტს სათანადო დანიშნულება ეძლევა. კლინიკის პირობები საშუალებას იძლევა, რომ სასიცოცხლო მაჩვენებლების 24 საათიანი მონიტორინგი მოხდეს. ცხელების დროს ასეთ პაციენტებს ხშირად ემართებათ ხოლმე გაუწყლოება, დეჰიდრატაცია, რადგან ამ დროს ბევრ სითხეს კარგავენ და შესაძლოა ჰიპოვოლემიური მდგომარეობაც განვითარდეს. ამას მოჰყვება ისიც, რომ პატარა ბავშვები ცხელების დროს დისკომფორტს განიცდიან. სითხეზე და კვებაზე უარი პირველი ნიშანია იმის, რომ მიმართოთ კლინიკას, რათა მოხდეს სადღეღამისო სითხის ბალანსის შევსება.

არის თუ არა რაიმე ინფორმაციის მომცემი პირველადი კვლევები, სისხლის საერთო ანალიზი, C-რეაქტიული ცილის რაოდენობრივი განსაზღვრა ცხელების დროს და რამდენად აუცილებელია აღნიშნული კვლევების ჩატარება?

ისეთი რუტინული კვლევების ჩატარება, როგორიცაა სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, C-რეაქტიული ცილის რაოდენობრივი განსაზღვრა, არის ის მინიმუმი, რომელიც ნებისმიერ ექიმს მისცემს იმის საშუალებას, რომ განასხვაოს, ადგილი აქვს მხოლოდ ვირუსულ ინფექციას თუ ეს ვირუსული ინფექცია უკვე გართულდა მეორადი ბაქტერიული ინფექციით, საჭიროა თუ არა ანტიბიოტიკოთერაპიის ჩართვა. კვლევები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პაციენტმა  სწორი მკურნალობა მიიღოს, რომ საბოლოოდ არ მიიღოს მწვავე გართულება, შორსწასული პნევმონია, მენინგიტი და ა.შ. ზოგადად, ბოლო პერიოდის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ერთი და იგივე პაციენტი ერთი თვის მანძილზე შეიძლება 2-3-ჯერ შემოტრიალდეს კლინიკაში, თითქოს, რაღაც ციკლურობა ახასიათებს ახლა არსებულ ვირუსს. შესაძლებელია ისიც, რომ ბავშვის იმუნიტეტი დაქვეითებული იყოს ერთი ვირუსით, რომელიც უკვე გადალახა ბავშვმა და შემდეგ უკვე სხვა ვირუსთან მოუწიოს შეხება.

ხშირად სახლის პირობებში ფიზიოლოგიური ხსნარით ინჰალაცია შედეგს არ იძლევა, რა არის ამის მიზეზი, რა დამატებითი ტიპის მკურნალობას და მედიკამენტებს შეიძლება მიმართოს მშობელმა ამ დროს?

პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ფიზიოლოგიური ხსნარით ინჰალაცია სამკურნალო მეთოდი არ არის, ეს არის დამატებითი საშუალება იმისთვის, რომ მოხდეს ცხვირის და პირის ღრუს ლორწოვანის დატენიანება, რომ არ მოხდეს დიდი რაოდენობით ლორწოს სეკრეტის დაგროვება. თუ სპაზმურ ხველაზე მიდგა საკითხი, ამ დროს აუცილებლად ბრონქოდილატატორები უნდა გამოვიყენოთ, რაც პატარა ბავშვის ორგანიზმს ლორწოს სეკრეტის დაშლის საშუალებას მისცემს. მშობლების შეშფოთებას, რომ სახლის პირობებში ფიზიოლოგიური ხსნარით ვერ ხსნიან ხველას, სავსებით ვეთანხმები, თუმცა ფიზიოლოგიური ხსნარი, რომლითაც კლინიკის პირობებში კეთდება ინჰალაცია, სავსებით განსხვავებულია, რადგან ხდება ჟანგბადის შერევა და ეს კოქტეილი გვაძლევს ჰიპოქსიის მოხსნის და ზედა და ქვედა სასუნთქი გზების დატენიანების საშუალებას.

როცა ცხელებას ვერ ვიმორჩილებთ სიცხის დამწევი პრეპარატით, რა თქმა უნდა, ბავშვი კლინიკაში გადაგვყავს, მაგრამ თუ არსებობს რაიმე ალტერნატიული, დამატებითი მეთოდი, რასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვაწვდის?

ზოგადად, ცხელების მკურნალობა მოიცავს სპეციფიკური მდგომარეობების მკურნალობას, ანტიპირეტული საშუალებების გამოყენებას და ასევე ფიზიკურ მეთოდებს. ძალიან ხშირად მშობლები თვითნებურად, არასწორად, არასწორი დოზირებით იყენებენ პირველადი მოხმარების პარაცეტამოლსა და იბუპროფენს. ასეთ დროს კი, რა თქმა უნდა, პედიატრის რეკომენდაცია აუცილებელია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ერთჯერადად მიცემული პრეპარატი უცებ ტემპერატურას ვერ დაწევს და ჩვენ გარკვეული მოთმინება გვმართებს, რადგანაც ნებისმიერ ორგანიზმში ჰიპოთალამუსი უკვე დაპროგრამებულია და ის ორგანიზმში უშვებს ისეთ ქიმიურ რეაქციას, რომ ორგანიზმი ამას ცხელებით პასუხობს და ამ შინაგან ცხელებას ჩვენ ვერაფრით დავწევთ, თუ ორგანიზმს სხვა მექანიზმების ჩართვის საშუალებას არ მივცემთ. აღსანიშნავია, რომ კლინიკაში არა მარტო პერორალურ და პერექტალურ საშუალებებს ვიყენებთ, არამედ ინტრავენურ მედიკამენტებსაც მივმართავთ.

რატომ არის მნიშვნელოვანი ვიცოდეთ გრიპის ვირუსთან გვაქვს საქმე თუ უბრალოდ ბანალური ვირუსული ინფექციასთან და მშობელს რამდენად შეუძლია ამის გარჩევა?

გრიპი ეს არის მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც ვირუსი იწვევს. გრიპი ყველაზე მძიმედ მიმდინარეა და ფაქტობრივად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის გაიგივებულია კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან, რადგანაც დამახასიათებელი, ისეთი სიმპტომები ახლავს, რომელიც ორივე სიტუაციაში ვლინდება. აღნიშნული სიმპტომებია: ძალიან მაღალი ცხელება, კუნთების, თავის, სახსრების ტკივილი, ხველა, სურდო და ა.შ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გრიპის დროს არის მძიმე ინტოქსიკაცია. გრიპის დროს არათუ პატარებს, არამედ 12-15 წლის ბავშვებსაც კი ხშირად არ აქვთ ადგომის, გადაადგილების თავი, ვერ იღებენ სითხეებს, რადგან გამოხატული ინტოქსიკაცია აქვთ და ცხელება რჩება ისევ შეუპოვარი და მას ვერ უგდებენ ანტიპირეტული საშუალებებით. როცა მშობელი ასე მწვავედ და ასე მძიმედ მიმდინარე სიტუაციას ხედავთ, მან ეჭვი, რა თქმა უნდა, გრიპის ვირუსზე უნდა მიიტანოს და არა ბანალურ ვირუსულ ინფექციაზე.

ახლა საქართველოში A ტიპის გრიპი ცირკულირებს, ეს „დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა სააგენტომაც“ დააანონსა. მშობლისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არ აქვს ბავშვი გრიპით არის ავად თუ ვირუსული ინფექციით, მისთვის ბავშვი ავადაა და მისთვის მნიშვნელოვანია ბავშვმა მიიღოს საჭირო დახმარება, მაგრამ ექიმისთვის მნიშვნელოვანია, რადგან გრიპს ყოველთვის ახლავს გარკვეული გართულებები, რომლებიც შეიძლება თავიდან ავიცილოთ დროული დიაგნოსტიკით და შესაბამისი ზომების მიღებით. საუბარი მაქვს ანტივირუსული თერაპიის ჩართვაზე. მშობლები ვირუსული ინფექციების დროს ხშირად მიმართავენ ანტიბიოტიკოთერაპიას, რისი წინააღმდეგიც ვარ. თუ ცხელება 7-10 დღე გრძელდება, ის ვერანაირ ნორმის ფარგლებში ვერ ჯდება. თუნდაც, სისხლის ანალიზი არ იყოს მწვავე და არ იყოს ცვლილებები სხვადასხვა ლაბორატორიული მარკერების მხრივ, მშობლების შიში და შფოთვა აბსოლუტურად გამართლებულია, რადგან ამდენი ხნის ცხელებას და ორგანიზმის დაუძლურებას შეიძლება მეორადი გართულებები მოჰყვეს. ყველა ტიპის გრიპი და მათ შორის A ტიპი საკმაოდ სერიოზულია.

რაც შეეხება აცრებს, ასეთ პერიოდში აცრებზე საუბარი ცოტა დაგვიანებულია, თუმცა საბოლოოდაც არ გამოირიცხება. თუ პაციენტი არის ჯანმრთელი და ბოლო ორი კვირის განმავლობაში მას არავითარი მწვავე რესპირაციული ინფექცია არ ჰქონია, არ აწუხებს არაფერი, ასეთ შემთხვევაში დაგვიანებულად არ ითვლება და მას შეუძლია აცრით სარგებლობა. 4 კომპონენტიანი ვაქცინა ორივე ტიპის გრიპზე მოქმედებს, როგორც A-ზე, ისე B-ზე. მას შეუძლია ფაქტობრივად ბოლომდე გადაფაროს რისკი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტს გრიპი არ დაემართება, ის უბრალოდ გართულებებს აირიდებს თავიდან.

ბავშვთა შემთხვევაში ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომებია ყელის და ყურის ტკივილიც. რა გამოსავალი არსებობს ასეთ დროს და აღნიშნული სიმპტომების დროს თუ არის საჭირო და აუცილებელი ბავშვის კლინიკაში გადაყვანა?

ყელის და ყურის ტკივილი ეს ისეთი სიმპტომებია, რომელთა მოთმენაც არა თუ პატარებს, არამედ დიდებსაც არ შეუძლიათ და ამ დროს აუცილებლად დროულად უნდა მოხდეს ჩარევა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში სიმპტომურად უნდა დავეხმაროთ პაციენტს, თუ ტკივილი აქვს, ტკივილგამაყუჩებელი საშუალება უნდა მივცეთ და თუ ასაკი ხელს გვიწყობს, შესაძლებელია ადგილობრივი სპრეების გამოყენებაც, რომლებიც ტკივილგამაყუჩებლებით არიან გაჯერებული. ადგილობრივად ასევე შესაძლებელია ყურის წვეთების გამოყენებაც, რომელთაც ხშირად ვიყენებთ ხოლმე პაციენტებთან. ყელის და ყურის ტკივილი ამ სეზონზე წამყვანი სიმპტომებია, აღნიშნული პრობლემებით ამდენი პაციენტი სხვა სეზონების დროს არ გვყოლია. როგორც უკვე აღვნიშნე, ყურის ტკივილის დროს ადგილობრივ წვეთებს ვიყენებთ, თუმცა ეს ყურის ტკივილი შემდგომ შეიძლება ანთებით პროცესში გადაიზარდოს, რასაც თან ახლავს ცხელებაც და რა თქმა უნდა, თუ ანალიზებით სისხლში ბაქტერიების არსებობა დადასტურდება, ასეთ შემთხვევაში დროულად უნდა მოხდეს ანტიბიოტიკოთერაპიის დანიშვნაც.

უნდა დავაძალოთ თუ არა საკვების ან სითხეების მიღება ვირუსიან ბავშვს?

ვირუსული ინფექციების დროს კვების დაძალება არ უნდა მოხდეს, კვება უნდა იყოს მადის შესაფერისი. თუ ბავშვი არ ითხოვს კვებას, ვერ ჭამს ან რაღაც საკვებს ვერ იღებს, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამით რამეს დავაშავეთ და მის მდგომარეობას საფრთხეს შევუქმნით. ნუ დააძალებთ ბავშვს კვებას, რადგან ამას შეიძლება მოჰყვეს ღებინების რეფლექსი, გულისრევის შეგრძნება, რაც კიდევ უფრო გაგიუარესებთ მდგომარეობას. ორგანიზმი ცხელების დროს ისედაც ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავს იმაზე, რომ მოაწესრიგოს ცხელების მომენტი და ამ დროს ზედმეტად დაძალებულ კვებაზე კიდევ უფრო მეტი ენერგია უნდა დახარჯოს, რაც სავსებით მიუღებელია. თუ  ბავშვი პატარაა, რეკომენდებულია საკვების დაბლენდერებული სახით მიცემა, რადგან უფრო ადვილად ასათვისებელი და მოსანელებელია. აუცილებელია ნახშირწყლებით გაჯერებული ან ცილოვანი კვება. ცილოვანში იგულისხმება მაწონი, კეფირი, ხაჭო, ისეთი რძემჟავა პროდუქტები, რომლებიც ღვიძლის დეზინტოქსიკაციას უწყობს ხელს, რადგანაც ვირუსი იქნება თუ ბაქტერია, ყველა დარტყმას ღვიძლი იღებს, ღვიძლის მეშვეობით ხდება ყველაფრის გაწმენდა და ამ დროს შესული ეს ბაქტერიები კუჭ-ნაწლავის ტრაქტს აწესრიგებს და დამზოგველი სიტუაციის შექმნით ბავშვის მდგომარეობა მსუბუქდება. სასურველია მრავალფეროვანი სეზონური ხილის და ბოსტნეულის მიღება, თუმცა დაძალების გარეშე. ვერ დავაძალებთ წყლის და კომპოტის დალევას, უნდა დავალევინოთ იმის ფარგლებში, რაც სიამოვნებს. მშობლები ხშირად ღელავენ, რომ მოავადე ბავშვი მოწყენილი, მივარდნილია, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ წოლითი რეჟიმი ვირუსული ინფექციის დროს ერთ-ერთი პირველი მოწოდებაა, მოწოდებულია ფიზიკური აქტივობის შემცირება, რადგან ამით ბავშვის ორგანიზმს ვზოგავთ და არ ვაძლევთ საშუალებას ზედმეტი ენერგია დახარჯოს.

ძალიან ხშირად ექიმები გვეუბნებიან, რომ წლის განმავლობაში 10-12-ჯერ ავადობა შეიძლება ნორმად ჩაითვალოს, რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა, რომ ავადობიდან ავადობამდე ისე აუმაღლოს ბავშვს იმუნური სისტემა, რომ შემდეგი ვირუსი უფრო ადვილად გადაიტანოს და რადგან ყველა ვირუსი ძირითადად ბაღიდან მოდის, ხომ არ იქნება სასურველი, რომ ასეთ მწვავე პერიოდში პატარა ბავშვები ბაღს მოვარიდოთ?

საბავშვო ბაღი, სკოლა და სოციუმი ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია. რაც არ უნდა მოვაცილოთ ბავშვი სოციუმს, რაც არ უნდა სკაფანდრში ჩავსვათ და აკვარიუმი შევუქმნათ, ვირუსი სახლის პირობებში მაინც შეხვდება. ჩემი რეკომენდაცია იქნება, წლის ყველა სეზონზე მოახდინოთ ბავშვის იმუნიტეტის გაკაჟება, გაჯანსაღება და არავითარ შემთხვევაში არ დასვათ სახლში. პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, ეს სუფთა ჰაერზე გასვლაა, რაც ქართველ მშობლებს ნაკლებად უყვართ. დღის განმავლობაში 2 საათი სეირნობა, როგორც წესი, ორგანიზმისთვის მიღებულია. -10 გრადუსამდე ნებისმიერი ასაკის, სამ კილოზე მეტი წონის ბავშვის გარეთ გაყვანა თავისუფლად შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, ამინდის შესაბამისი ჩაცმულობით. მნიშვნელოვანია ჰიგიენის დაცვა, ხელების დაბანა, ოთახის ხშირი განიავება, ოთახის ტემპერატურის დაცვა და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები