LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ჩვენი ქვეყნისთვის ზედმიწევნით შესრულდა: ირაკლი ღარიბაშვილი

153
ღარიბაშვილი- კმაყოფილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ „12 რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ჩვენი ქვეყნისთვის ზედმიწევნით შესრულდა პარლამენტის მიერ, მთავრობის და ყველას ჩართულობით“.

მისივე განცხადებით, საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, რომელიც მანამდე ძალიან რთული წარმოსადგენი იყო.

ღარიბაშვილის განმარტებით, „ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ყველა სიკეთე და პროგრესი, რომელიც ბოლო 10 წელში იქნა მიღწეული, „ქართული ოცნების“ დამსახურებაა“.

„მინდა შევეხო წლის მთავარ მოვლენას, ეს არის ევროკავშირის გადაწყვეტილება, საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, რომელიც მანამდე ძალიან რთული წარმოსადგენი იყო. ამ ომმა დააჩქარა პროცესები, ჩვენ ეს კარგად გვესმის. რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებოდით, რომ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს, თუმცა გვესმის, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება მხოლოდ და ეს არ იყო დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ამ ეტაპზე არ მიენიჭა სტატუსი. ჩვენ გვჯერა, რომ ამ სტატუსს ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე მიიღებს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის გარემოება და წარმატებული რეფორმები, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად გავატარეთ. 12 რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ჩვენი ქვეყნისთვის ზედმიწევნით შესრულდა პარლამენტის მიერ, მთავრობისა და ჩვენი, ყველას ჩართულობით. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ ველოდებით ჩვენი ევროპელი კოლეგების გადაწყვეტილებას.

მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ყველა სიკეთე, ყველა ის პროგრესი, რომელიც იქნა მიღწეული ბოლო ათ წელიწადში, ეს არის ჩვენი გუნდის დამსახურება მხოლოდ, იქნებოდა ეს ჯერ კიდევ ასოცირების შეთანხმება, შემდეგ თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანა ევროკავშირის წევრობაზე და მიღებული ევროპული პერსპექტივა. ეს ყველაფერი არის „ქართული ოცნების“ დამსახურება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისათვის, ირაკლი ღარიბაშვილის წლიურ ანგარიშს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ ესწრება.

magti 5g