საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შემდეგ ობიექტებს:
- „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“;
- „გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიცია“;
- „რთვლის ტრადიცია საქართველოში“;
- „მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიცია და მისი კულტურული კონტექსტი“;
- „მესხური სამზარეულო – აპოხტის, წიბოსა და აპოხტის ხინკლის დამზადებისა და გამოყენების ტრადიცია“;
- „ინფექციურ დაავადება „ბატონებთან“ დაკავშირებული რიტუალური ქმედებები, სიმღერა და წესჩვეულებები საქართველოში“.
ეროვნული სააგენტოს დირექტორის ბრძანება დღეს, 2023 წლის 9 იანვარს ამოქმედდა.
ამავე ბრძანებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა დაევალა;
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციას კი – ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში აღნიშნული ობიექტების მონაცემების საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.