LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენი მისია იქნება, გავაცნოთ მომხმარებლებს ჩვენი ქვეყანა და გავასინჯოთ ქართული სამზარეულო” – პარიზში ქართული სამზარეულო “მომე” იხსნება 

304
მომე

ქართველმა გოგონამ, რომელიც 5 წელია, საფრანგეთში ცხოვრობს, პარიზში პირველი ქართული სამზარეულოს გახსნა გადაწყვიტა. ბარბარე ხარხელი “ფორტუნასთან” ამბობს, რომ სასტუმროების ინდუსტრიაში მუშაობის შემდეგ ფრანგ მეუღლესთან ერთად ადგილობრივ ბაზარზე ქართული ტრადიციული კერძების შეტანის იდეა გაუჩნდა.

“ეს არის სამზარეულო, ე.წ. dark kitchen, რომელიც მუშაობს მიწოდების და წაღების სერვისზე. კონცეფცია საკმაოდ პოპულარულია აშშ-ში, ევროპაში, სადაც ფართის ქირაობა საკმაოდ ძვირი და რთულია. ეს ბაზარი აქ საკმაოდ განვითარებულია, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს და შესაბამისად, ცოტა დრო აქვთ იმისთვის, რომ კერძები მოამზადონ სახლში. ამ პლატფორმაზე პარიზში ქართული სამზარეულო არ არის, რამდენიმე ქართულ რესტორანს, რომლებიც აქ მუშაობს, მიწოდების სერვისი არ აქვს, რადგან ადგილზე ბევრი კლიენტი ჰყავთ. შესაბამისად, ეს ნიშა დავიკავეთ”, – ამბობს ბარბარე ხარხელი.

როგორც პროექტის ავტორი გვიყვება, მომხმარებლებს მომეს კერძების შეკვეთა მიტანის სერვისის აპლიკაციებში შეეძლებათ. ბარბარე ხარხელის თქმით, მათი სამიზნე სეგმენტი, ძირითადად 25 წლიდან 45 წლამდე აქტიური დასაქმებული ადამიანები იქნებიან, რომლებსაც სახლში კერძების გაკეთების დრო არ აქვთ.

“საქართველოზე და ჩვენს სამზარეულოზე აქ მწირი ინფორმაცია აქვთ, ამიტომ ჩვენი მისია იქნება, რომ გავაცნოთ მომხმარებლებს ჩვენი ქვეყანა და გავასინჯოთ ქართული სამზარეულო. ამისთვის, მარკეტინგულ აქტივობებსაც ვგეგმავთ. ვინც სინჯავს ჩვენს კერძებს, ყველას ძალიან მოსწონს. მენიუში გვაქვს ფხალეული, ხაჭაპური, ლობიანი, ხინკალი, პური და ყველი. სამზარეულოში ჯერჯერობით მე თვითონ ვიმუშავებ, მაგრამ ვგეგმავთ დამხმარეს აყვანასაც. პირველ ეტაპზე, ქართველების დასაქმებას ვგეგმავთ, რომლებსაც სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება აქვთ. საკმაოდ მიჭირს თანამშრომლის აყვანა. ბევრი ქართველი არალეგალურად არის ჩამოსული და არ აქვთ მუშაობის უფლება”, – აცხადებს ბარბარე ხარხელი “ფორტუნასთან”.

ე.წ. dark kitchen-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ სამომავლოდ, გაფართოება და ობიექტების სხვა ლოკაციებზე გახსნასაც იგეგმება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g