LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული გალერეა მანანა თუმანიშვილის გამოფენას მასპინძლობს

177
მანანა-თუმანიშვილი

კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მანანა თუმანიშვილის გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია დაესწრო.

ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი ექსპოზიცია აერთიანებს მანანა თუმანიშვილის 70-მდე ნამუშევარს, რომლებიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში სხვადასხვა ტექნიკით არის შესრულებული.

მანანა თუმანიშვილის მხატვრობას გამოარჩევს ფერის განსაკუთრებული გრძნობა და ემოციურობა. იგი მუდმივად ეძებს გამომსახველობით საშუალებებს და უკვე ნაცად მხატვრულ მასალას ახალ ხერხებს უკავშირებს.

მანანა თუმანიშვილი თავის შემოქმედებაში აკვარელთან ერთად იყენებს შერეულ ტექნიკას. იგი ნამუშევრებში ცოცხალი სხეულის რბილსა თუ მკვრივ ფორმებს სხვადასხვა საღებავითა და ტექნიკით (აკრილი, პასტელი, გუაში, ტუში, მონოტიპია) აძლიერებს. ზოგჯერ აკვარელის გამჭვირვალობა პასტოზურობით არის შეცვლილი. ჩამუქებული სიღრმეებიდან გამოკრთის ფერადოვანი ლაქებით გამოსახული ფიგურები და საგანთა ფორმები.

მანანა თუმანიშვილი 1966 წლიდან თბილისის სამხატვრო აკადემიაში პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. ასწავლიდა ხელოვნების ისტორიას, დამწყებ მხატვრებს კი აკვარელის რთული ტექნიკით მუშაობის ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებდა. 1968 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს გამოფენებში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის – „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში საიუბილეო წიგნ-ალბომების გამოცემის ხელშეწყობა“ – ფარგლებში გამოიცა მანანა თუმანიშვილის ალბომი. კონკურსი 2022 წლის აპრილში გამოცხადდა. მისი მიზანია ქართული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კვლევისა და გამომცემელთა საქმიანობის ხელშეწყობა; ქართული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ხელოვანთა შემოქმედების პოპულარიზაცია, კერძოდ, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული (2021-2023 წწ.) და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების განვითარების საეტაპო მნიშვნელობის მოვლენათა ამსახველი წიგნ-ალბომის მომზადება-გამოცემა.

სამინისტროს მიერ კონკურსისათვის გამოიყო 150 000 ლარი.

მანანა თუმანიშვილის გამოფენა ეროვნულ გალერეაში 2023 წლის 4 თებერვლამდე გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g