LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ერთმანეთის სიყვარული გვჭირდეს… ეს სიმღერა მსმენელს სიყვარულის ხასიათზე მოიყვანს” – ნინო ბაღიაშვილი

10
ნინო-ბაღიაშვილი

3 თებერვალს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ნინო ბაღიაშვილი სტუმრობდა. გადაცემის სტუმარმა თავის პროფესიებზე, მუსიკალურ შემოქმედებაზე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და მსმენელს ახალი სიმღერა „შენი სიყვარული მჭირს“ წარუდგინა. „არ დაიდარდოს“ მსმენელმა სიმღერის „დამხატე“ ცოცხალი შესრულებაც მოისმინა.

ნინო, გარდა მომღერლობისა, აქტიურად ხარ ჩართული სამედიცინო სფეროშიც. ვისაუბროთ შენს მეორე პროფესიაზე.

რაც შეეხება სამედიცინო სფეროს, აქტიურად ვარ ჩართული პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობის სერვისში, ასევე ვარ სამედიცინო თარჯიმანი. ვარ თურქული ენის მასწავლებელიც, როგორც სამედიცინო, ისე სალაპარაკო მიმართულებით. ახლა უკვე საექთნო კურსიც გავიარე და წინ კიდევ ბევრი საინტერესო ამბავი ელით როგორც მსმენელებს ისე, პაციენტებს.

რა პერიოდით ხარ საქართველოში?

ჯერჯერობით საქართველოში ვარ. მუსიკალური კუთხითაც მოვიცალე იმისთვის, რომ ჩემს მსმენელს ახალი, საინტერესო პროექტი შევთავაზო. ზუსტად არ ვიცი, რამდენი ხნით ვიქნები საქართველოში, რადგან პაციენტებზე ვარ დამოკიდებული, არ ვიცი, როდის, რა მომენტში დავჭირდები მათ.

ვისაუბროთ სიმღერაზე „შენი სიყვარული მჭირს“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ეს სიმღერა მცირე დროში დამზადდა. ზოგადად, შემოქმედებით ადამიანებს ახასიათებთ ის, რომ ხანდახან დრო არ აქვთ ხოლმე, დღის საათებში არ სცალიათ და ეს სიმღერა ღამის საათებში იწერებოდა და ცოტა რთულია, როცა ღამის თენება გიწევს. უამრავი ადამიანის შრომა დევს ხოლმე თუნდაც ერთი სიმღერის მიღმა. ეს სიმღერა ზაზა გოჩიტაშვილთან, „Z studio“-ში ჩაიწერა და მას ძალიან დიდ მადლობას მოვუხდი, რომ ასე ვთქვათ, მიძლებს (იცინის). ძალიან დიდი მადლობა არანჟირების თანაავტორებსაც, დათა და გიგა ლოლაშვილებს. უამრავჯერ ვეტყვი მათ მადლობას ასეთი კარგი სიმღერისთვის, მოცლისთვის და ჩემთან ერთად ღამის გათენებისთვის. მუსიკის ავტორი ნონა მულაძე გახლავთ, ტექსტი ნონას და მე გვეკუთვნის. „შენი სიყვარული მჭირს“- თუ დააკვირდებით, ჩემი სიმღერების სათაურები ცოტა უფრო მიმართვის ფორმაა, სათაური უკვე დაახლოებით ამბობს ხოლმე თავის სათქმელს ტექსტთან დაკავშირებით. ყოველთვის ვიძახი ხოლმე, რომ დაავადებები, ყველაფერი უბედურება და ყველაფერი ცუდი ადამიანის ცხოვრებაში სიყვარულის ნაკლებობით ჩნდება და ყველას გულწრფელად ვუსურვებ მენტალურ ჯანმრთელობას, იმას, რომ სხვისი სიხარული უხაროდეთ და ერთმანეთის სიყვარული სჭირდეთ, სხვა არაფერი. ამ სიმღერაში ეს ძირითადი აზრია ჩადებული. იმედი მაქვს, ადეკვატურად შეაფასებენ ამ სიმღერას და სახელწოდებას. ეს არის ფოლკლორის ცოტა გათანამედროვებული ვერსია. ვფიქრობ, რომ ეს სიმღერა მსმენელს სიყვარულის ხასიათზე მოიყვანს. ისეთი ტექსტია, ისეთი შინაარსი დევს და ისეთი ადამიანების შექმნილია, რომ ძალიან რთულია, ასეთი სიმღერა მსმენელმა არ შეამჩნიოს.

პირველად ვის უზიარებ ხოლმე ახალ სიმღერას, ვისი აზრია შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანები ვისი აზრიც მნიშვნელოვანია, მაგრამ ძირითადი შემფასებელი მაინც დედა არის ხოლმე და როგორც ყოველთვის, მაინც აქვს ხოლმე შენიშვნები.

შენი შვილი თუ მღერის და რამდენად აქვს სურვილი გაჰყვეს ამ გზას?

ჩემი შვილი ამღერდა, თუმცა სრულიად სხვადასხვა გემოვნების ადამიანები ვართ. რამდენად გაჰყვება სიმღერას, თუნდაც მოყვარულის დონეზე, ეს უკვე არ ვიცი, ეს თავისი გადასაწყვეტია, მე ყველანაირად ხელს შევუწყობ თავისი სურვილების და ოცნებების ასრულებაში.

სამომავლო გეგმები როგორია?

ძალიან კარგი გეგმები მაქვს, ეს უკვე სატელევიზიო სფეროში.

 

ნინო ბაღიაშვილი – შენი სიყვარული მჭირს

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები