რამდენად მნიშვნელოვანია სიმსივნის დროული დიაგნოსტიკა და პრევენცია, რამდენად დიდი როლი აქვს გენეტიკურ ფაქტორს სიმსივნის განვითარებაში, რა სიმპტომები მიგვანიშნებს ონკოლოგიური პრობლემის არსებობაზე, რა სიახლეებია სიმსივნის მკურნალობის მეთოდებში – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ კლინიკურმა ონკოლოგმა, კლინიკა „პირველის“ ექიმმა ნინო ხუფენიამ ისაუბრა.
ნინო, კლინიკა „პირველმა“ გამოაქვეყნა ძალიან საინტერესო სტატისტიკა, სადაც მთავარი მინიშნება იყო იმაზე, რომ სწორი, დროული პრევენცია 40 %-ით ამცირებს სიმსივნის განვითარების რისკს. მინდა, უფრო მეტი ვისაუბროთ პრევენციის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.
ძალიან დიდი მადლობა ამ საკითხის აქტუალურობის წამოწევისთვის, რადგან დღესდღეობით ონკოლოგიური დაავადებები და მათი მართვა ძალიან დიდ გამოწვევას წარმოადგენს მედიცინაში. ჩვენ, ექიმები, ონკოლოგები ვცდილობთ, რომ გავზარდოთ მოსახლეობის ინფორმირებულობა, მივაწოდოთ მათ ინფორმაცია ამ დაავადების, მისი მკურნალობის შესახებ, რომ ეს დაავადება არ არის განაჩენი, ვცდილობთ, მოსახლეობაში არსებული ეს სტიგმა მოვხსნათ. ონკოლოგიაზე საუბრისას, მნიშვნელოვანია პრევენციულ ღონისძიებებზე საუბარი, რადგან როგორც აღნიშნეთ, პრევენციული ღონისძიებებით ამ დაავადების თავიდან არიდება დაახლოებით 40 %-მდე არის შესაძლებელი.
პრევენცია შეიძლება დავყოთ პირველად და მეორად პრევენციულ ღონისძიებებად. პირველად პრევენციულ ღონისძიებებში იგულისხმება ისეთი რისკ ფაქტორები, რომელთა თავიდან აცილებაც შეგვიძლია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში თამბაქოს მოხმარებას აღვნიშნავ. დღეს მთელს მსოფლიოში რეალურ ეპიდემიას წარმოადგენს თამბაქოს მოხმარება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად 6 მილიონი სიკვდილი არის დაკავშირებული თამბაქოს მოხმარებასთან და თამბაქოს მოხმარებით გამოწვეულ როგორც ონკოლოგიურ, ისე არა ონკოლოგიურ დაავადებასთან. FDA-ს მიერ თამბაქოში შემავალი 7000-მდე ნივთიერებიდან 70-მდე ნივთიერება მიჩნეულია, როგორც კანცეროგენი, ანუ სიმსივნის გამომწვევი ფაქტორი. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი პირველი პრევენციული ღონისძიება თამბაქოს მოხმარებისგან თავის არიდებაა. თამბაქოს მოხმარება ყველაზე ხშირ შემთხვევაში ფილტვის კიბოს განვითარებას უკავშირდება. ფილტვის კიბოს მქონე პაციენტების დაახლოებით 80% მწეველია. აღნიშნული სტატისტიკა გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ რისკფაქტორის თავიდან აცილება.
შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტორია ცხოვრების ჯანსაღი წესი, ფიზიკური აქტივობა, რადგან არსებობს კორელაცია და არსებობს ოფიციალური კვლევები იმის შესახებ, რომ სიმსუქნე, დაბალი ფიზიკური აქტივობა, რიგ ონკოლოგიურ პათოლოგიებს იწვევს.
ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია რადიაციაც. დადგენილია, რომ ულტრაიისფერი გამოსხივება, მზის სხივები წამყვანი ფაქტორია კანის სიმსივნეების განვითარებაში. რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელობა აქვს ექსპოზიციის ხანგრძლივობას, ექსპოზიციის რაოდენობას, მზისგან დამცავ საშუალებს, ტანსაცმელს და ა.შ. ზედმეტი მზისგან თავის არიდება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიებაა კანის კიბოს განვითარების პრევენციაში.
გამოვყოფ ასევე ინფექციებს და ვირუსებს, რომელთა პრევენციაც დღესდღეობით დანერგილია მსოფლიოში და გამოვყოფ ჰეპატიტის ვირუსს, ჰეპატიტის ინფექციას და HPV ვირუსს, რომელიც ადამიანის პაპილომა ვირუსია. მათი კორელაცია დაახლოებით 25 % შემთხვევაში აღინიშნება ონკოლოგიური დაავადებების განვითარებაში, კერძოდ კი ღვიძლის სიმსივნეების და საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებაში.
პაპილომა ვირუსის ვაქცინაციის შედეგად 90 %-ით არის შესაძლებელი საშვილოსნოს ყელის კიბოს თავიდან არიდება, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. გარდა ამისა, დაბინძურებული გარემო ერთ-ერთი დიდი რისკფაქტორია ფილტვის კიბოს განვითარებისთვის და არა მარტო. რაც შეეხება მეორად პროფილაქტიკას, ეს უკვე სკრინინგს შეეხება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, მოსახლეობას რეგულარული სკრინინგისკენ მოვუწოდო. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში 4 ძირითადი დაავადების წინააღმდეგ სკრინინგი დანერგილია. ჩვენ გვაქვს ძუძუს კიბოს სკრინინგი, რომელიც 40-70 წლის ქალბატონებისთვის არის მოწოდებული და ეს კლინიკური კვლევა მოიცავს მამოგრაფიას. გვაქვს საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი, რომელიც მოიცავს პაპ ტესტს და HPV დეტექციას. გვაქვს პროსტატის კიბოს სკრინინგი, რომელიც მოიცავს სპეციფიკური ანტიგენის კვლევას სისხლში, 50-70 წლის მამაკაცებისათვის და გვაქვს ნაწლავის კიბოს სკრინინგი, რომელიც ასევე 50-70 წლის მამაკაცებისათვის არის და მოიცავს ტესტს ფარულ სისხლდენაზე, საჭიროების შემთხვევაში კოლონოსკოპიას და ბიოფსიას.
მიუხედავად იმისა, რომ ეს სკრინინგული კვლევა სახელმწიფო პროგრამაა და არის უფასო, მომართვიანობა ძალიან დაბალია, ამიტომ მოსახლეობას მომართვიანობისკენ მოვუწოდებ. იმ ასაკობრივ კატეგორიას და სქესთა კატეგორიას, რომელიც ჩამოვთვალე, რა თქმა უნდა, უფრო რეგულარული სკრინინგისკენ მოვუწოდებ, რადგანაც როგორც უკვე გითხარით, პირველადი და მეორადი პროფილაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია ონკოლოგიური დაავადებების განვითარების პრევენციაში.
რამდენად ძლიერია გენეტიკური ფაქტორი სიმსივნის განვითარების კუთხით?
გენეტიკური ფაქტორი ონკოლოგიური დაავადების განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ონკოლოგიური დაავადებების მეტი წილი მეორადი გენური მუტაციით არის გამოწვეული. უფრო გასაგები რომ იყოს მოსახლეობისთვის, ონკოლოგიური დაავადებები შეძენილი და მემკვიდრული გენეტიკური მუტაციებიდან ვითარდება. თითოეულ უჯრედში გენი არის პასუხისმგებელი ამ უჯრედის არსებობაზე, განვითარებაზე, გამრავლებაზე, გამრავლებაზე, გაყოფაზე და ონკოლოგიური დაავადება სწორედ რომ ამ გენის ცვლილების შედეგად უჯრედების არაკონტროლირებადი ზრდა გახლავთ. რიგ შემთხვევაში, ამ პროცესს მემკვიდრული გენეტიკური მუტაცია განაპირობებს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში შეძენილი მუტაცია.
აღსანიშნავია, რომ ძუძუს კიბოს შემთხვევაში, დაახლოებით 5-10 % არის მხოლოდ გენეტიკური ფაქტორი, ანუ 5-10 %-ში გვაქვს მემკვიდრული ძუძუს კიბო, რა შემთხვევაშიც გამოვლენილია ის გენეტიკური მუტაციები, რომელიც ჩვენთვისაა ცნობილი. აღნიშნული გენებია BRCA 1 და BRCA 2, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ქალებს ძუძუს კიბოს განვითარების რისკი აქვთ. BRCA 1-ის შემთხვევაში დაახლოებით 35-დან 60 %-მდეა ძუძუს კიბოს განვითარების რისკი, BRCA 2-ის შემთხვევაში კი დაახლოებით 45-დან 70 %-მდე. ძუძუს კიბოს გარდა, ამ გენების მუტაციის შემთხვევაში, მაღალია საკვერცხის კიბოს განვითარების რისკიც. თუ ჩვენ გვაქვს BRCA 1-ის გენეტიკური მუტაცია, საკვერცხის კიბოს განვითარების რისკი საკმაოდ მაღალია და ის 60 %-ს შეადგენს, BRCA 2-ის შემთხვევაში რისკი დაახლოებით 11%-ია.
არსებობს გენეტიკური ნაწლავის კიბოც, მაგრამ პროცენტულობას თუ დავაკვირდებით, გენეტიკური ნაწლავის კიბო მხოლოდ 5% შემთხვევაში გვხვდება. არსებობს ისეთი გენეტიკური დაავადებები, რომელთა იდენტიფიკაციაც და კორელაციაც მემკვიდრულ დაავადებასთან უკვე დადგენილია, ასეთია ლინჩის სინდრომი, ადენომატოზური პოლიპი, რა შემთხვევაშიც, როგორც მოგახსენეთ, 5-10 %-ია მემკვიდრული ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკი, მაგრამ დანარჩენი 80 % შეძენილ მუტაციებზეა დამოკიდებული. შეძენილ მუტაციას სწორედ რომ იმ ფაქტორების ზეგავლენა იწვევს, რაზეც ზევით ვისაუბრეთ.
რას გვეუბნება სტატისტიკა, რა ტიპის სიმსივნური დაავადებები ჭარბობს ქალებსა თუ მამაკაცებში?
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებული სტატისტიკით, ბოლო 2020-2021 წლის მონაცემებით, საერთო პოპულაციაში 18 მლნ ახალი შემთხვევაა დარეგისტრირებული. საერთო პოპულაციიდან მამაკაცებში ყველაზე ხშირ სიმსივნეს გამოვყოფ, ესენია: ფილტვის კიბო, წინამდებარე ჯირკვლის კიბო, ანუ პროსტატის კიბო, კოლორექტული კიბო, კუჭის და ღვიძლის და სანაღვლე გზების კიბო. რაც შეეხება ქალთა პოპულაციას, ქალთა პოპულაციაში მსოფლიოს მასშტაბით პირველ ადგილზე სარძევე ჯირკვლის კიბოა, მეორეზე, ფილტვის, შემდეგ კი, კოლორექტული, საშვილოსნოს ყელის კიბო და ფარისებრი ჯირკვლის კიბო. რაც შეეხება საქართველოს სტატისტიკას, საქართველოში 13 000 ახალი შემთხვევაა დარეგისტრირებული. მამაკაცთა შემთხვევაში ონკოლოგიური დაავადებების სიხშირის მხრივ პირველი ხუთეული უცვლელია, მაგრამ ქალთა შემთხვევაში ცოტა განსხვავება გვაქვს, მსოფლიო სტატისტიკასთან შედარებით. მართალია, პირველ ეტაპზე აქაც ძუძუს კიბოა, მაგრამ მეორე ეტაპს ფარისებრი ჯირკვლის კიბო იკავებს, შემდეგ კოლორექტული კიბო, საშვილოსნოს და ენდომეტრიუმის კიბო მოდის. ვახსენე ფარისებრი ჯირკვლის კიბო, რომელიც მსოფლიო პოპულაციაში მეხუთე ადგილზეა, საქართველოში კი მეორე ადგილზე, ანუ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანმა სიმსივნეებმა საკმაოდ წინ წამოიწია, თუმცა ექსპერტთა მონაცემებით, ეს მხოლოდ ავადობის ზრდასთან არ არის დაკავშირებული, ეს დაკავშირებულია გამოვლინების და დიაგნოსტიკის დახვეწასთანაც.
მინდა აღვნიშნო, რომ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ძირითადად 4 ფორმა აქვს და ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ფორმა, რის მიხედვითაც ის სტატისტიკურად მეორე ადგილზეა, პაპილური კარცინომაა, რომელსაც ძალიან ნელი ზრდა და საუკეთესო პროგნოზი ახასიათებს. რადგანაც სტატისტიკას შევეხეთ, მინდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, პირველ, მეორე სტადიაზე მხოლოდ 35-40 % შემთხვევების დიაგნოსტირება ხდება, ონკოლოგიური დაავადებების დანარჩენი, 60, 65, 70 პროცენტი მესამე, მეოთხე სტადიაზე დგინდება, რაც გვიანი დიაგნოსტიკის ერთ-ერთი მაჩვენებელია, ამიტომაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ადრეული დიაგნოსტიკა, ონკო სიფხიზლე და რეგულარული კვლევების არის ამოსავალი იმის, რომ არსებობის შემთხვევაში, ადრეულ სტადიაზე მოხდეს დიაგნოზის დადგენა. სწორედ რომ ადრეული დიაგნოსტირება განსაზღვრავს შორეულ კარგ პროგნოზს.
რა სიმპტომები მიგვანიშნებს ონკოლოგიური პრობლემის არსებობაზე და იმაზე, რომ აუცილებლად უნდა დავგეგმოთ ექიმთან ვიზიტი?
ეს ძალიან ვრცელი თემაა, რადგან თითოეულ ონკოლოგიას, თავისი ლოკალოზაციის მიხედვით, თავისი სიმპტომი აქვს, მაგრამ მოდით, გამოვყოფ იმ ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებებს, რომლებზეც უკვე ვისაუბრე.
ძუძუს კიბოს შემთხვევაში, გამოვყოფ ქალთა პოპულაციას, რომელთაც აღენიშნებათ სარძევე ჯირკვლის ფიბროადენომატოზური დაავადებები, მკვრივი სარძევე ჯირკვალი, ფიბროცისტული დაავადებები, ადრე (12 წლამდე) განვითარებული მენარხე, გვიანი (45 წელს ზევით) მენოპაუზა, ასევე ქალბატონებს, რომლებიც ხანგრძლივად არიან ჰორმონ ჩანაცვლებით თერაპიაზე. ასეთ ქალბატონებს მცირედად აქვთ მომატებული ონკოლოგიური დაავადებების, ძუძუს კიბოს განვითარების რისკი, ამიტომ მათ რეგულარული პროფილაქტიკური კვლევებისკენ მოვუწოდებ.
ძუძუს კიბოს შეიძლება ახლდეს შემდეგი სიმპტომები, ძუძუში განვითარებული წარმონაქმნი, ანუ კვანძის არსებობა ძუძუში, ძუძუს თავის ჩაბრუნება, ფერის ცვლილება, იღლიაში რაღაც გადიდებული წარმონაქმნის არსებობა, გამონადენი დვრილიდან. ჩამოთვლილი სიმპტომების უგულებელყოფა არ შეიძლება და დაუყოვნებლივ მოითხოვს სპეციალისტთან კონსულტაციას.
ჩვენს პოპულაციაში მეორე ადგილზე ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეა. ამ შემთხვევაშიც გვაქვს ისეთი სიმპტომები, რომელთაც ყურადღება უნდა მიექცეს, ეს სიმპტომები გახლავთ, თუნდაც ზოგ შემთხვევაში პალპირებადი კვანძი კისრის მიდამოში, ხმის ტემბრის შეცვლა, ტაქიკარდია, ადვილად დაღლა, ოფლიანობა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს აუცილებლად დაავადების არსებობას, მაგრამ უფრო მეტი სიფხიზლისკენ მოგვიწოდებს.
რაც შეეხებათ მამაკაცებს, მათ შემთხვევაში, როგორც გითხარით, წამყვანი არის ფილტვის კიბო და ფილტვის კიბოს შემთხვევაში, სიმპტომები ძალიან გვიან იწყება. 70 %-ში დიაგნოსტირებაც იმიტომ ხდება გვიან სტადიაზე, რომ სიმპტომატიკა არ ახასიათებს. პაციენტებს, ვინც აქტიური მწეველები არიან ფილტვის კიბოს განვითარების რისკი აქვთ. დავაკონკრეტებ, რომ მწეველობა წელიწადში 20 კოლოფი სიგარეტის მოწევით ითვლება. მართალია, ჩვენს ქვეყანაში ამ ეტაპზე არ არსებობს ფილტვის კიბოს სკრინინგი, მაგრამ მსოფლიოში არსებობს. ჩვენს ქვეყანაში არსებობს შესაძლებლობა დაბალ დოზირებული კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარების და იმ მამაკაცებს და ქალბატონებს, ვინც აქტიური მწეველები არიან, ვისაც აქვთ პროფესიულ შეხება მავნე ნივთიერებებთან, მათ, ვისაც აქვთ ოჯახური ანამნეზი ფილტვის კიბოსი, ამ კვლევის ჩატარებისკენ მოვუწოდებ. აღნიშნული კვლევის ჩატარება კლინიკა „პირველშიც“ არის შესაძლებელი. რაც შეეხება ფილტვის კიბოს სიმპტომებს, ეს გახლავთ ხველა, ზოგჯერ სისხლიანი, ადვილად დაღლა, ქოშინი, ზოგადი სისუსტე, წონაში კლება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს სიმპტომები რიგ შემთხვევაში უკვე გვიან სტადიას ნიშნავს და ამ დროს დაავადება უკვე შორს არის წასული.
რაც შეეხება წინამდებარე ჯირკვლის კიბოს, ამ შემთხვევაში ისეთი სიმპტომებია ყურადსაღები, როგორიც არის დიზორიული მოვლენები, ძირითადად შარდვასთან დაკავშირებული მოვლენები, რომელიც სხვათა შორის მამაკაცებს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აწუხებთ ხოლმე, თუმცა არ აქცევენ ყურადღებას, ამიტომ აღვნიშნავ, რომ ეს არის ერთ-ერთი ისეთი სიმპტომი, რა შემთხვევაშიც აუცილებელია ექიმთან ვიზიტი.
ნაწლავის კიბოს შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია წონაში კლება, როცა ადამიანი ჩვეულებრივად იკვებება, მაგრამ თვეების განმავლობაში ვითარდება წონის დეფიციტი, რასაც ეტაპობრივად თან შეიძლება ახლდეს სისუსტის განვითარება, მადის დაქვეითება, კვების შემდეგ დისკომფორტი, არარეგულარული ნაწლავის მოქმედება. ყველა ამ სიმპტომის დროს აუცილებელია ექიმთან, სპეციალიზებულ კლინიკაში ვიზიტი და დამატებითი კვლევების ჩატარება.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამ სიმპტომების არსებობა, აუცილებლად ონკოლოგიურ დიაგნოზს არ ნიშნავს, უბრალოდ ამ სიმპტომებმა უნდა გვიბიძგოს დამატებითი, გაღრმავებული კვლევებისკენ, რომლითაც უნდა გამოირიცხოს ონკოლოგიური პათოლოგიების არსებობა.
ახსენეთ, რომ არის რიგი ონკოლოგიური დაავადებები, რომლებიც სამწუხაროდ, ძალიან გვიან იძლევა სიმპტომატიკას, სწორედ ამ ტიპის სიმსივნეები წარმოადგენს თუ არა ყველაზე აგრესიულად მიმდინარე სიმსივნეებს?
გამოვლენილია ყველაზე აგრესიული სიმსივნეები და ეს არის 5 წლიანი გადარჩენადობის მიხედვით. ესენი გახლავთ: პანკრეასის კიბო, ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების ავთვისებიანი სიმსივნე, პლევრის ავთვისებიანი სიმსივნე. სამწუხაროდ, ეს სიმსივნეები გვიან სტადიაზე იძლევიან სიმპტომატიკას და თუ ადამიანი სხვა მიზეზის გამო პროფილაქტიკურ კვლევებს არ იკეთებს, ამ დაავადების დეტექცია ადრეულ სტადიაზე არ ხდება. ყველა ონკოლოგიური პათოლოგია მაშინ არის აგრესიული, როდესაც მისი გვიანი დიაგნოსტიკა ხდება. გვიანი დიაგნოსტიკის დროს შეზღუდულები ვართ მკურნალობაში და შესაბამისად, ეს შეზღუდული მკურნალობა არის პროგნოზის განმსაზღვრელი. ადრეულ სტადიაზე შესაძლებელია კომპლექსური მკურნალობა, კომბინირებული მკურნალობა, ქირურგიიდან დაწყებული იმ მთელი რიგი თანამედროვე სისტემური მკურნალობით დამთავრებული, რომელიც საბოლოო ჯამში გვაძლევს შედეგს და იმ შორეულ, კარგ პროგნოზს, რომელიც გვინდა, რომ პირველი, მეორე სტადიის დროს და ადრეული დეტექციის დროს მივიღოთ. სამწუხაროდ, აგრესიული სიმსივნეები პირდაპირ დაკავშირებულია მის გვიან გამოვლენასთან.
ძალიან ხშირად ხდება საქართველოში დასმული დიაგნოზების შემდგომ სხვა ქვეყნებში, თურქეთში, გერმანიაში და ა.შ. გადამოწმება. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?
ალბათ, ძალიან დიდი დრო დაგვჭირდება იმისთვის, რომ სრულად ვისაუბროთ ამ თემაზე, მაგრამ პირველი ძალიან მკაფიოდ, რასაც დავაფიქსირებ, ეს არის ჩემი აზრი, ის, რომ ამ ყველაფერს ასე მასიურად არ ვეთანხმები. სამწუხაროდ, პირველი მიზეზი ექიმების უნდობლობაა. ჩვენს მოსახლეობას დაკარგული აქვს ექიმების ნდობა, მეზობლის, მეგობრის, ნათესავის თუ მედიისგან მიწოდებული უმეტესწილად არასწორი ინფორმაციის გამო, რომ საქართველოში დადგინდა რაღაც დიაგნოზი, შემდეგ სხვა ქვეყანაში გადამოწმდა და არ დადასტურდა. ეს არ არის რეალობა, შეიძლება, წლების წინ, ჩვენ არ გვქონდა შესაძლებლობა, თუნდაც ტექნოლოგიური თვალსაზრისით, რომ ჩაგვეტარებინა ის კვლევები, რომელსაც მოითხოვდა კონკრეტული დაავადების დიაგნოსტირება და არ გვქონდა მკურნალობის ის საშუალებები, რაც მსოფლიო სტანდარტით იყო და ამიტომ ხდებოდა პაციენტების გადინება უცხოეთში, მაგრამ დღეს საქართველოში ონკოლოგიური დაავადების დიაგნოსტიკა, მისი მართვა და მკურნალობა აბსოლუტურად შეესაბამება მსოფლიოს სტანდარტებს, ამის თქმა ძალიან ხმამაღლა და თამამად შემიძლია. მეც მქონია პირად პრაქტიკაში ისეთი შემთხვევა, რომ პაციენტთან ერთად დამიგეგმავს უცხოეთში ვიზიტი და საბედნიეროდ, აბსოლუტურად იდენტური ყოფილა უცხოეთიდან მიღებული ინფორმაცია, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ეს ყველაფერი ექიმის გვერდის ავლით ხდება.
აქვე მინდა გითხრათ ისიც, რომ ჩვენ, კლინიკა „პირველი“ აქტიურად ვთანამშრომლობთ უცხოელ კოლეგებთან, მაგალითად, გვაქვს მემორანდუმი ისრაელის კლინიკასთან და მათთან ერთად ხდება რთული შემთხვევების განხილვა. მათ ეგზავნებათ საქართველოში ჩატარებული კვლევების ყველანაირი დოკუმენტაცია და მინდა გითხრათ, რომ მკურნალობის ყველა იმ ეტაპზე გვეთანხმებიან ხოლმე, რაც პაციენტის პირველად დიაგნოსტიკას მოსდევს. ის, რომ ჩვენ ერთობლივად, კოლეგებთან ერთად განვიხილავთ ამ ყველაფერს ეს ჯანსაღი მიდგომაა, მაგრამ ის, რომ პაციენტები მკურნალობას თურქეთში და სხვადასხვა ქვეყნებში იტარებენ, ეს ძალიან დიდი უნდობლობაა ექიმების მიმართ. ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ პაციენტმა მკურნალობის შედეგები უცხოეთში გადაამოწმა და აბსოლუტურად ჯანმრთელი აღმოჩნდა. შემდეგ, პაციენტმა სოციალურ ქსელში, მედიაში გამოაცხადა, რომ მას საქართველოში ტყუილად ჩაუტარეს მკურნალობა, რომ მას არასწორად დაუსვეს დიაგნოზი, მაგრამ საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ პაციენტს არა თუ არასწორად დაუსვეს დიაგნოზი, არამედ იმდენად სრულფასოვნად უმკურნალეს, რომ სრული პასუხი ჰქონდა და არსად არ იყო დაავადების გავრცელება. როდესაც მორფოლოგიის მასალა წაიღეს საფრანგეთში, დიაგნოზიც დადასტურდა და მკურნალობის ყველა ეტაპიც, მაგრამ ეს ყველაფერი ერთი თვის განმავლობაში ხომ არასწორად შუქდებოდა მედიაში, სოციალურ ქსელში და ეს ხომ ესმოდა ხალხს, ზუსტად ეს არის უნდობლობის მიზეზიც.
რა სიახლეებია სიმსივნის მკურნალობის მეთოდებში?
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაში. დასაწყისში ვახსენე გენები, გენური მუტაციები და თანამედროვე კვლევების აქტიურ საგანს ამ მიმართულებით ადამიანის ორგანიზმის კვლევა წარმოადგენს და დღესდღეობით ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაში აქტიურად წამოვიდა სამიზნე თერაპია და იმუნოთერაპია. სამიზნე თერაპია გულისხმობს კონკრეტულად გამოვლენილი გენური მუტაციის შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ ამ მუტაციაზე ზემოქმედებას, შესაბამისად, შედეგი მკურნალობაზე არის გაცილებით უფრო მაღალი, ვიდრე სისტემური მკურნალობის დროს.
დღეს სამიზნე თერაპიის ძალიან ბევრი მედიკამენტია ჩვენს ქვეყანაში, თითქმის ყველა დარეგისტრირებულია, ხელმისაწვდომია და ეს მედიკამენტები ძალიან იმედის მომცემია. ძალიან მნიშვნელოვანია იმუნოთერაპიაც, რომელიც ჩვენს იმუნურ პასუხს განაწყობს ონკოლოგიური პროცესის წინააღმდეგ და იწვევს იმუნური გზის გააქტიურებას. 2018 წელს ამერიკელმა და იაპონელმა მკვლევრებმა ნობელის პრემია მიიღეს იმუნოთერაპიის დარგში და ამ მკურნალობის დანერგვაში. ჩვენს ქვეყანაში დღეს თითქმის ყველა იმუნოთერაპიის მედიკამენტი არის დარეგისტრირებული. რა თქმა უნდა, არსებობს ფინანსური საკითხი და ჩვენი ეს მუშაობა, შეხვედრა ჯანდაცვის, სახელმწიფო მუშაკებთან, მოიცავს იმას, რომ ხელმისაწვდომი იყოს ის თანამედროვე მედიკამენტები და მკურნალობა, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. რაც შეეხება „პირველს“, ეს არის კლინიკა, რომელიც მაღალი, თანამედროვე სტანდარტებით პასუხობს ყველა იმ საერთაშორისო გამოწვევას, რომელიც გვაქვს თანამედროვე ონკოლოგიაში, იმ შესანიშნავ გარემოსთან ერთად, რომელიც არის მოწყობილი თითოეული პაციენტის ფსიქო-ემოციური, ფსიქო-სოციალური ფონის შესაქმნელად. მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური საშუალებებით და მკურნალობის იმ სტანდარტებით, რომელიც მოიაზრება მსოფლიოში, კლინიკა „პირველი“ სრულ კომპლექსურ მიდგომას და მკურნალობას სთავაზობს პაციენტებს.