წინა აზიაში, ირანში, ავღანეთში, თურქეთსა და ჩინეთში თუ გიმოგზაურიათ და იქაური ბუნების სილამაზით დამტკბარხართ, ალბათ თქვენს თვალს არ გამოჰპარვია ველ-მინდვრების მშვენება, ულამაზესი ყვავილი ყაყაჩო – არა წითელი და ჩვენთვის კარგად ნაცნობი, არამედ თეთრ-იისფერი ან თეთრ-ვარდისფერი, რომელსაც მედიკოსებიო საძილე ყაყაჩოს უწოდებენ. მისი უნიკალურობა არა მხოლოდ მის სილამაზეშია, არამედ მის განსაკუთრებულ სამკურნალო თვისებებში, რომლის წყალობით მან მთელ მსოფლიოში მოიპოვა აღიარება.
როგორც ცნობილია მცენარის ყველა ნაწილი ნარკოტინს, მორფინსა და კოდეინს შეიცავს. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით რძე-წვენში გვხვდება. გამშრალ რძე-წვენს ოპიუმს უწოდებენ, რომლისგანაც ფხვნილებს, ნაყენსა და მშრალ ექსტრაქტს ამზადებენ. ეს პრეპარატები მედიცინაში ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი მოქმედებით გამოირჩევა, რომლებიც სისხლძარღვების სპაზმის, სტენოკარდიის, ჰიპერტონიის დროს გამოიყენება. ამ პრეპარატების მიღება ექიმის რეკომენდაციის გარეშე აკრძალულია და ისჯება კანონით. ყველა პრეპარატი შხამიან ნივთიერებათა რიგს მიეკუთვნება, ამიტომ მათი შენახვა ბავშვებისაგან შორს უნდა მოხერხდეს.
სილამაზის რეცეპტებს ჯერ კიდევ აფროდიტეს ხანაში იცნობდნენ. შესაბამისად ყველაზე უტყუარი და შედეგიანი სწორედ აფროდიტეს რეცეპტებია, რომლის მთავარი კომპონენტი ერთი „უბრალო“, ყველასთვის ხელმისაწვდომი და კარგად ნაცნობი ოხრახუშია. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სილამაზე და ახალგაზრდობა მთლიანად ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული – ჯანმრთელობა კი თავის მხრივ სწორ კვებასა და ცხოვრების ჯანსაღ წესზე. ჯერ კიდევ ავიცენამ გამოიკვლია და დაადასტურა, რომ ოხრახუში თირკმელების საუკეთესო გამწმენდი საშუალებაა.
ოხრახუშის ფოთლები და ღერო შეიცავს ეთერზეთებს, ფლავონოიდებსა და ვიტამინებს. მასში განსაკუთრებით უხვადაა ც-ვიტამინი. იგი 5-ჯერ აღემატება ლიმონსა და ფორთოხალში არსებული ც-ვიტამინის რაოდენობას. გარდა ამისა, მდიდარია რკინით, კალციუმით, ფოსფორითა და მაგნიუმით. ოხრახუშს არა მარტო სამკურნალოდ, არამედ ხალხურ კოსმეტიკურ საშუალებებშიც აქტიურად იყენებენ. განსაკუთრებით პიგმენტური ლაქებისა და გამონაყარის გასაქრობად, ასევე ნაოჭების წინააღმდეგ საბრძოლველად. იგი კანის არაჩვეულებრივი მათეთრებელი საშუალებაა, რომელიც მას ელასტიკურობას ანიჭებს.