10 თებერვალს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ თამარ ალადაშვილი სტუმრობდა. გადაცემაში თამარის ახალი პოპურის პრემიერა შედგა. „არ დაიდარდოს“ მსმენელმა სიმღერის „მხატვარი“ ცოცხალი შესრულებაც მოისმინა.
თამარ, არაერთხელ გაგიმართავს კონცერტი ამერიკაში, მოგვიყევი ემიგრანტებთან შეხვედრებზე და მიღებულ ემოციებზე.
წარმოუდგენლად ამაღელვებელი ემოციაა, რადგან იქ რაღაცნაირად ყველას ენატრება ერთმანეთთან შეხვედრა, მით უმეტეს ახლა პანდემიის შემდგომი პერიოდი იყო და ასე ვთქვათ, გახსნაზე ვიყავი ჩასული. ჩემი ორივე კონცერტი სრული ანშლაგით ჩატარდა და მადლობა თითოეულ ემიგრანტს იმისთვის, რომ გამონახეს დრო და იყვნენ მოსულები ჩემს მოსასმენად. ამ კონცერტის გამოძახილია ის სიმღერაც, რომლის პრემიერაც დღეს შედგება, რადგან იქ ვიმღერე პირველად ეს პოპური. სპეციალურად მათთვის ჩაიწერა არანჟირება და მათთვის გაკეთდა ეს ნამუშევარი. დღესაც ვლად არამოვი, ბუსო მშვენიერაძე ამ სიმღერას მღერიან ამერიკაში, ეს სიმღერა დარჩა როგორც ყველაზე მოთხოვნადი ნომერი და ძალიან მიხარია.
საიდან გაჩნდა აღნიშნული პოპურის იდეა?
ამ სიმღერას ცოცხლად ვმღეროდი ხოლმე, რა თქმა უნდა, სხვის ვერსიას. ამ პატარა პოპურში ყველასთვის საყვარელი ორი სიმღერაა გაერთიანებული. პანდემიის დროს ჩავწერე ცალ-ცალკე თურქ მომღერალთან ერთად და ძალიან კარგი ნამუშევრები გამოვიდა. ცალ-ცალკე ძალიან ბევრი ნახვა ჰქონდათ ამ სიმღერებს და გადავწყვიტე გამეერთიანებინა. ვფიქრობ, ძალიან კარგი რამ გამოვიდა. ჩაიწერა „Z Studio“-ში. სიმღერის ჩაწერის პროცესი იმდენად მუხტიანი იყო, რომ სიმღერასაც ეტყობა. ერთი ნამღერით მაქვს ჩაწერილი ეს სიმღერა.
ვისაუბროთ საბავშვო სტუდიაზე.
წელს 10 წლის იუბილე ვიზეიმეთ, 2 ივლისს გვქონდა საიუბილეო კონცერტი. ძალიან კარგი და წარმატებული კონცერტი ჩავატარეთ. იქამდე გადავიღეთ კლიპი „ხორუმი“ და ამ ყველაფერში ჩართული იყო თავდაცვის სამინისტროც. სპეციალურად ამ კლიპისთვის 6 ტანკი გამოიყვანეს. გრანდიოზული გადაღება იყო, სამდღიანი უწყვეტი რეჟიმით. ძალიან ნაყოფიერი წელი გვქონდა. ამის მერე კიდევ ერთი გრანდიოზული კონცერტი ჩავატარეთ. ჩაიწერა ასევე ჩვენი „რაჭული“, რომელიც ძალიან გაჰიტდა და მადლობა ყველას, ვისაც ეს სიმღერა ასე უყვარს. ჩავწერეთ კიდევ 2 ახალი სიმღერა და ახლა კიდევ ფესტივალებისთვის ვემზადებით. აქტიურად ვართ.
2022 წელი რამდენად გამორჩეული იყო შენთვის შემოქმედებითი კუთხით?
ძალიან აქტიური იყო. ჩართული ვიყავი ასევე მხატვრობაში, ვიყავი ერთ-ერთი გალერეის ამბასადორი. ზაფხულში ჩატარდა საერთაშორისო გამოფენა, სადაც, რა თქმა უნდა, წარმომადგენელი ვიყავი. ახლა კიდევ ერთი გამოფენა ჩატარდა და დიდი ამბავი გამოიწვია ჩემმა ნამუშევრებმა. მერე დავბრენდეთ და ჩემი ნამუშევრებისგან სასაჩუქრე ყუთი გავაკეთეთ.
თამუნა ალადაშვილი – პოპური
გადაცემის აუდიოჩანაწერი
თამუნა ალადაშვილი – მხატვარი. Live
თამუნა ალადაშვილი. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი