15 თებერვალს თაკო მელიქიშვილის და ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას გადაცემას „გზაჯვარედინი“ ნუმეროლოგი და ფსიქოლოგი, ვენგო ლომთაძე სტუმრობდა. გადაცემის მთავარი თემა დაბადების თარიღი და ადამიანის ნუმეროლოგიური კოდი გახლდათ.
ანზორ ოდიშარია: დღევანდელი გადაცემის თემა ჩვენი ნუმეროლოგიური კოდია, ანუ გაგაცნობთ, თუ რა უნარები, მახასიათებლები გაქვთ, თქვენი დაბადების დღის რიცხვის მიხედვით, რისგან უნდა დაიცვათ თავი და ა.შ.
ვენგო ლომთაძე: საერთოდ, ძალიან ბევრი რაღაც იწყება, როცა ჩვენი მონაცემებით ვინტერესდებით. ბევრი შემთხვევითობას მიაწერს თავის დაბადების დღის თარიღს, მაგრამ სინამდვილეში, ადამიანი რაოდენ ცუდ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს და რაოდენ დაკარგულადაც არ უნდა გრძნობდეს თავს, ყველაფერი მათ დაბადების თარიღში იმალება. დაბადების თარიღზე წვდომით ადამიანი ძალიან ბევრ რამეს იგებს საკუთარ თავზე.
როგორც აღნიშნეთ, ადამიანი დაბადების თარიღით ბევრ რამეს იგებს საკუთარ თავზე, მაგრამ რამდენად ეხმარება ეს პრობლემების გამოსწორებაში?
ვენგო ლომთაძე: შველა დამატებითი პროცესია, ჯერ უნდა გავიგოთ, რას უნდა ვუშველოთ, საიდან მოდის ეს ყველაფერი. როდესაც ადამიანს რაღაც პრობლემები აქვს, ჩვენ ჯერ უნდა აღმოვაჩინოთ, თუ რას უნდა ვებრძოლოთ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რა თვისებებს უნდა დავუმეგობრდეთ და როგორ გამოვიყენოთ ისინი ცხოვრებაში. აღსანიშნავია, რომ ყოველთვის სწორი არ არის იმპულსების ძალადობრივად მოთოკვა, რადგან ეს ჯანმრთელობის პრობლემების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. შესაბამისად, ადამიანებს უნდა ვასწავლოთ, იმპულსების სწორად გამოხატვა, რომ ყველაფერი საკუთარ თავში არ ჩაიკლან.
როგორც მივხვდი, უმჯობესია, რომ ყოველთვის გამოვხატოთ ჩვენი ემოცია, იმპულსები, უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, მათი სწორად გამოხატვა.
ვენგო ლომთაძე: მაგალითად, სპორტი, სადაც ექსტრემია, დაპირისპირებაა, ბრძოლაა, აგრესიული იმპულსის გარეშე არ იარსებებდა. მას საფუძვლად აგრესიული იმპულსი უდევს, მაგრამ ეს ხომ ცუდი არ არის, ეს არის კონსტრუქციულად მიმართული აგრესიული იმპულსი. როდესაც ადამიანი ვარჯიშობს, სპორტულ კარიერაში წარმატებას აღწევს და ა.შ. სხვა ადამიანს ეპაექრება, რადგან სპორტი შეჯიბრის გარეშე არ არსებობს, ჩვენ ვიღაცას ვუმტკიცებთ, რომ ძლიერები ვართ, რომ ჭკვიანები ვართ, რომ რაღაც შეგვიძლია და ა.შ. შესაბამისად, ეს აგრესიის იმპულსი სპორტში ძალიან კარგად არის ჩადებული და ზუსტად ის არეალია, სადაც შეგვიძლია, რომ აგრესიული იმპულსი კარგად განვავითაროთ. ადამიანებს, რომელთაც დაბადების თარიღში ბევრი ოთხიანი აქვთ, აქვთ ეს აგრესიული იმპულსები, მაგრამ ასევე აქვთ მძლავრი ენერგეტიკაც. ასეთი ადამიანი შეიძლება წავიდეს სპორტში, კარიერულ ასპარეზზე, მაგრამ შეიძლება წავიდეს თვითგანადგურებისკენ, თუ ის ოჯახის წევრებს ესხმის თავს, მათ უპირისპირდება და გულს სტკენს საყვარელ ადამიანებს. იმპულსი ორივე შემთხვევაში ერთია, თუმცა როგორ გამოიყენებს ამ იმპულსს კონსტრუქციულად თუ დესტრუქციულად, ეს უკვე მის თავისუფალ ნებაზეც არის დამოკიდებული.
რა რიცხვში დაბადებულ ადამიანებში არის ჩადებული აგრესიის იმპულსი?
ვენგო ლომთაძე: 4, 14, 13, 22, 24, 31, მაგრამ ამას არ უნდა შევხედოთ ისე, რომ ამ რიცხვებში დაბადებული ადამიანი მაინც და მაინც აგრესიული იქნება, მას აქვს მიღწევის დიდი ჟინი. კარიერულ ასპარეზზე სწორედაც რომ ის ადამიანები არიან ძალიან ძლიერები, რომელთა დაბადების რიცხვშიც 4 ურევია, რადგან მათ იციან, რა და როგორ უნდათ, იციან, რომ ამისთვის უნდა იწვალონ, რაღაც დაამტკიცონ და კარგად გამოსდით ეს ყველაფერი. ჩვენს დაბადების თარიღში ყველა მოცემულობას გააჩნია კარგი სცენარები.
რას ნიშნავს თქვენი დაბადების თარიღი:
თუ ადამიანი დაიბადა ნებისმიერი თვის 1-ელ რიცხვში, მისი მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ მას სურს იყოს ინდივიდუალური. იმპულსები, რომელიც მას შინაგანად აქვს, ძალიან ძლიერია. ის ყოველთვის ცდილობს, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინოს, შექმნას მის ირგვლივ ისეთი აურა, რომ ის არის გამორჩეული და თან წევრი ამ საზოგადოების. მას უყვარს, როცა თავად აღწევს მიზანს, როცა შედეგებს თავისი ცოდნით დებს. ასეთ ადამიანებს არ უყვართ საქმის ბოლომდე მიყვანა, ისინი არიან ინიციატორები, საწყისი ენერგია საკმაოდ ძლიერი და ეფექტური აქვთ, მაგრამ როგორ რეალიზდება, როგორ განვითარდება დაწყებული, ამაზე პასუხისმგებლობას სხვა კოდები უზრუნველყოფს, ანუ თვე, რიცხვი, წელი და ა.შ. მას ყოველთვის აქვს დიდი მისია და დიდი უნარები. ახასიათებთ ორგანიზატორობა, ლიდერობა, კარგი შედეგების დადება შეუძლიათ სპორტში. კარგია, თუ საკუთარ ბიზნესს წამოიწყებენ.
2 რიცხვში დაბადებულ ადამიანებს კარგად ესმით სხვა ადამიანების. მათ ძალიან ძლიერი შეგრძნებები და კარგი ინტუიცია გააჩნიათ. ხშირად მოქმედებენ ოჯახის წევრების, საყვარელი ადამიანის კარნახით და ამ პროცესში საკუთარ თავს კარგავენ. მათ ძალიან სიღრმისეული ანალიზის უნარი აქვთ. არიან ძალიან კარგი მეგობრები და მესაიდუმლეები. მათ სჭირდებათ სხვა ადამიანი, რომელიც მათ საკუთარ ტკივილის, დარდს უზიარებს, რადგან ამ დროს ისინი თავს საჭიროდ გრძნობენ. მათ ძალიან ძლიერი შინაგანი სამყარო აქვთ. აქვთ უნარები ხელოვნების კუთხით. ისინი კარგად აღიქვამენ სამყაროს რიტმებს. არიან ძალიან კარგი კონსულტანტები, დიპლომატები, მათთვის წარმატებულია იურიდიული სფეროც და ფსიქოლოგიური მიმართულებაც.
3 ბავშვის ენერგიაა. როგორც წესი, 3 რიცხვში დაბადებული ადამიანები განსაკუთრებული კრეატიულობით, ხალისიანობით გამოირჩევიან. მათ შედარებით უფრო ფაქიზი შინაგანი სამყარო გააჩნიათ. ძალიან ბევრი შემოქმედებითი უნარები აქვთ, თუმცა ისინი ბავშვობიდანვე საჭიროებენ მხარდაჭერას. თუ მათ ეს მხარდაჭერა არ აქვთ, მაშინ ითრგუნებიან და საკუთარ თავში იკეტებიან. ყოველთვის თან აქვს პოზიტიურობის და ხალისის განცდა. არის კამპანიის ერთგვარი გული, მეგობრების მაკავშირებელი წერტილი. ხშირად ძალიან კარგი მომლაპარაკებლები არიან. შეუძლიათ სხვა ადამიანების გაგებაც და საკუთარი თავის გამოხატვაც. მრავალმხრივი ადამიანები არიან. აკლიათ დისციპლინა. მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი უნარები პროფესიონალურად განავითარონ. ხშირად აქვთ თვითკმაყოფილების მომენტი, რომ უკვე იციან რაღაც, შეუძლიათ და ა.შ. , რაც მათ ხშირად ხელს უშლის განვითარებაში. ისინი სწორად აღიქვამენ ემოციურ სამყაროს. ადამიანებთან არა მარტო ვერბალურად, არამედ ემოციურადაც ურთიერთობენ. მათთვის კარგია ჟურნალისტიკური, სამსახიობო მიმართულება, მარკეტინგი, პროფესიები, სადაც მნიშვნელოვანია კრეატიულობა.
4-იანის ყველაზე სახასიათო მომენტია მისი სურვილი და სწრაფვა სტატუსისკენ, ავტორიტეტულობისკენ. მათ სჭირდებათ სტაბილურობა, სიმყარე. თუ ბავშვობიდან არასწორი განვითარების სცენარები გვაქვს, ძალიან ბევრ რაღაცებს არიან ხოლმე მიდებ-მოდებული და შეიძლება ძალიან საშიშ რაღაცებსაც აკეთებდნენ, გამომდინარე იქიდან, რომ საკუთარი თავის ძებნაში და რაღაცის დამტკიცების პროცესში არიან ხოლმე ეს ადამიანები. მათ ძალიან კარგი ორგანიზატორული და ლიდერული უნარები აქვთ, არიან კარგი მენეჯერები, განაგებენ სხვა ადამიანებს და მთელ რიგ პროცესებს. დისციპლინა ნამდვილად არის მათი ძლიერი მხარე. თუ ოთხიანს დისციპლინა არ გააჩნია, ძალიან ნეგატიურ სურათს ვიღებთ, რადგანაც დისციპლინის არქონის გამო, ეს ადამიანი ქაოსშია. ხშირად ცოტა მკაცრები არიან, როგორც საკუთარი თავის მიმართ, ისე სხვების. ხშირად მიუღებლობაც აქვთ და ადამიანების გადაკეთებისკენ არიან მიდრეკილნი. ხშირად ესენი არიან ადამიანები, რომლებიც გიცავენ მტრისგან, რომლისაც თავადაც ეშინიათ. არიან მზრუნველები. ოთხიანებს ხშირად შევხვდებით სახელმწიფო სტრუქტურებში, პოლიციაში, ჯარში, ხშირად იკავებენ ხელმძღვანელის პოზიციასაც. ძალიან ძლიერები არიან ფინანსური მიმართულებითაც.
5-იანი არის გაბრწყინების, გონიერების, მომხიბვლელობის ციფრი. ხშირად 5 რიცხვში დაბადებული ადამიანები ძალიან მიმზიდველები, ხალისიანები არიან. მათ, როგორც წესი, კარგი იუმორი აქვთ. ადვილად ახდენენ ადაპტირებას სხვადასხვა სიტუაციებში, იციან, რა უნდათ. უყვართ მოძრაობა, ახალი ადგილების ნახვა, მოგზაურობა. შეიძლება რამდენიმე სამეგობრო წრეც ჰყავდეთ. ხშირად ინფორმაციულ ეპიცენტრშიც არიან ხოლმე, პირველები იგებენ ჭორებს. მუდმივად ეძებენ იმ ცოდნას და ინფორმაცია, რომელსაც გამოიყენებენ თავიანთ თუ სხვა ადამიანის სასიკეთოდ. ნეგატიური განვითარების შემთხვევაში ვიღებთ ზედმეტად კრიტიკულ ადამიანს, რომელიც აკრიტიკებს როგორც საკუთარ თავს, ისე სხვებს, ცდილობს, ყველაფერში დაინახოს ნაკლი და არა – უპირატესობა. საკუთარი თავი არ უნდა დატანჯონ განცდებით, რომ არ არიან საკმარისი, რომ რაღაცას ისე ვერ აკეთებენ და ა.შ. , უნდა იმუშაონ ამ საკითხზე. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია მიზეზ-შედეგობრიობა. არიან ძალიან ფილოსოფიურები. არიან კარგი პედაგოგები, ლექტორები, წამყვანები, კარგია სამსახიობო მიმართულებაც.
6 რიცხვში დაბადებული ადამიანები, როგორც წესი, ძალიან მეგობრულები, მზრუნველები, შრომისუნარიანები არიან. მათ ხშირად აქვთ თავდაჯერებულობის პრობლემა, ვერ ხვდებიან საკუთარი თავის ფასს. არ იციან, რა არის სწორი და რა არის არასწორი და სად როგორ უნდა მოიქცნენ. მათ გააჩნიათ ძალიან კარგი პოტენციალი, რომელიც ბავშვობიდანვე საჭიროებს განვითარებას. აქვთ ძალიან კარგი კომუნიკაციის უნარი. ადამიანები მათთან გრძნობენ დაცულობას, კომფორტს. კარგად შეუძლიათ დაკისრებული საქმის შესრულება. ერთდროულად უნდათ და არ უნდათ, სჭირდებათ და არ სჭირდებათ, უყვართ – არ უყვართ. ძალიან რთულად იღებენ ხოლმე გადაწყვეტილებებს. თუ ეტყვით, რომ უშნოა, დაიჯერებს, თუ ეტყვით, რომ ლამაზია, ის დაიჯერებს და ა.შ. ყველა ადამიანთან ისეთი ხდება, როგორიც იმ ადამიანს ჰგონია, ამიტომ 6-იანი ვიღაცისთვის შეიძლება იყოს ძალიან კარგი და ვიღაცისთვის უცნაური. მიდრეკილნი არიან სხვისი ტვირთის საკუთარ თავზე აღებისკენ. ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები ხშირად არიან ექიმები, ქირურგები. არიან შრომის უნარიანები და აქვთ მიდრეკილება პროფესიონალიზმის განვითარებისკენ. შეიძლება იყვნენ მხატვრები, იუველირები, იმ პროფესიის ადამიანები, სადაც პროდუქტის შექმნაში აქტიურად იქნება ჩართული მათი ხელები.
7 რიცხვში დაბადებულ ადამიანებს ძალიან კარგი უნარები აქვთ, რასაც გაიფიქრებენ ხოლმე, პირდაპირ ხდება მათ ცხოვრებაში, ანუ მათ აზრებს ძალიან დიდი მოზიდვის უნარი აქვთ. შეუძლიათ ყველა კარის გაღება და საიდუმლოებების ამოხსნა. ხშირად მათ მარტივი გზები ურჩევნიათ, შეიძლება, რომ შრომის და განვითარების ნაცვლად, კრიმინალური გზით წავიდნენ. მათ აქვთ ადამიანების ადვილად ამოცნობის ძალიან ძლიერი უნარი. მათი ყველაზე დამახასიათებელი თვისება გაქცევის სურვილია, ისინი გაურბიან ყველას და ყველაფერს. შვიდიანს მშვიდობა სჭირდება. მთავარია იყვნენ მომავლისკენ მიმართულნი, თუ ვერ ხედავს, 1 წლის მერე როგორ იქნება, მას ეწყება შიშები, თუ იცის, რა განვითარება ელოდება, მშვიდდება. აქვს კარიერული ფართო პროფილი, ძალიან კარგები არიან ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის, გამოძიების, კულინარიის მიმართულებით.
8 რიცხვში დაბადებული ადამიანები, როგორც წესი, ძალიან კარმულები არიან და მარტივად უბრუნდებათ ჩადენილი მოქმედებები, უფრო მეტად კი, ნეგატიური ადვილად ხვდებათ წინ. სამყარო არ აცდის, რომ რაღაც შეცდომები ჩაიდინონ, მარტივად ისჯებიან ყველაფრისთვის. მორეს მხრივ, თუ ეტაპობრივად მიჰყვებიან ყველაფერს, ძალიან დიდ ძალაუფლებას და სახელს იხვეჭენ. მათ აქვთ მოთხოვნილება, რომ იყვნენ ძლიერები და განაგონ საკუთარი რეალობა და ის სივრცე, სადაც იმყოფებიან. მათაც აქვთ აგრესიული იმპულსები, რომლებიც სწორად განვითარებას საჭიროებენ. აქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობის განცდა. თუ ისინი თვითგანვითარებით მიდიან, როგორც წესი, ძალიან მაღალ შედეგებზე გადიან. მათ დიდი ფინანსური რესურსის მოპოვების უნარი აქვთ. ისინი ხშირად არიან ჩაკეტილნი ერთ სივრცეში და ერთ წრეზე ბრუნავენ და იქიდან გამოსვლას საჭიროებენ. მათთვის ყველაზე ნეგატიური მომენტია, როცა მიჯაჭვულნი და დამოკიდებულნი ხდებიან ადამიანზე, სამსახურზე, პროფესიაზე და ა.შ. , ეს მათთვის ძალიან ტოქსიკურ და ნეგატიურ შედეგს იძლევა. მათთვის კარგია სტრუქტურაში მუშაობა ან ბიზნესი.
9 რიცხვში დაბადებული ადამიანები ბევრ რამეს ატარებენ საკუთარ თავში, თუმცა ამ ყველაფერს რეალიზება, წარმოჩენა უნდა. ატარებენ სიბრძნეს, ცოდნას. როგორც წესი, ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვს. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაცია. ეს ადამიანები ხშირად მიდიან ხოლმე ემიგრაციაში, იცვლიან სამეგობროს, სივრცეს მანამ, სანამ არ იპოვიან იმ ადამიანებს, რომელთაც ენდობიან. ვისთან ერთადაც თავს დაცულად და კომფორტულად იგრძნობენ. ყველასგან მოელიან სამართლიანობას, პატივისცემას. მათთვის მნიშვნელოვანია მყარი შედეგების გარანტია. მათი მთავარი დამახასიათებელი თვისება ინტელექტუალობაა. მათი ყველაზე ნეგატიური თვისება კრიტიკულობა, დეტალიზაციაა. აქვთ ანალიზის გაკეთების და შეჯამების უნიკალური უნარი. არიან იდეალური მოსამართლეები, ადვოკატები. აქვთ ფართო პროფესიული მიმართულება, რადგან მრავალმხრივი უნარები აქვთ.
10-იანების მთავარი უნარია, რომ ერთიანის იმპულსურობა, ძალა, ძლიერება შენარჩუნებული აქვთ. აქვთ უნიკალური უნარი მოირგონ და შევიდნენ ყველანაირ როლში. ადვილად უწყობენ ფეხს ადამიანებს, მოვლენებს, მთავარია, იყვნენ ყურადღების ცენტრში. არიან იდეალური წამყვანები, მომღერლები. ბევრ სფეროში შეუძლიათ საკუთარი თავის განვითარება. ხშირად არიან შეუვალები და ჯიუტები, უჭირთ სხვებზე დათანხმება.
გადაცემის აუდიოჩანაწერი