LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის ვლინდება ტვინის პლასტიურობა – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

198
მაია-მაჭავარიანი

როდის ვლინდება ტვინის პლასტიურობა – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ნეიროფსიქოლოგმა მაია მაჭავარიანმა ისაუბრა.

რა არის ნეიროპლასტიურობა?

ნეიროპლასტიურობის ქვეშ ვგულისხმობთ თავის ტვინის პლასტიურობას, რაც რეალურად არის  თავის ტვინის შესაძლებლობა შეიცვალოს და ადაპტირდეს გარემოს ცვლილებების საპასუხოდ. მაგალითად, ისწავლოს ახალი ქცევითი პატერნები ან  აღდგეს დაზიანების შემდეგ. ასევე, ეს არის ის მექანიზმი, რომელიც წყალობით შესაძლებელია  გარკვეულ წილად შევანელოთ ნერვული სისტემის დაბერების პროცესი.

როდის ვლინდება ტვინის პლასტიურობა?

ყველაზე დრამატული ცვლილებები ვლინდება სიცოცხლის პირველ პერიოდში, თავის ტვინის ჩამოყალიბების პროცესში. ნერვული სისტემა აქტიურად ვითარდება და ჩართულია გარემოსთან ადაპტაციის პროცესში, თავის ტვინის საბოლოო ჩამოყალიბება ხდება დაახლოებით 25 წლის ასაკისთვის.

მოძველებული მოსაზრებით, 25 წლის შემდეგ თავის ტვინი პლასტიკური აღარ არის. ანუ თავის ტვინი საბოლოოდ ჩამოყალიბებულია და მომწიფებული ასაკთან ერთად მხოლოდ ვკარგავთ ნერვულ უჯრედებს. ბოლო კვლევები ამ მოსაზრებას არ ადასტურებს.  განსაკუთრებით შეიცვალა ეს შეხედულებები ბოლო 40 წლის მონაცემების საფუძველზე. ნერვული სისტემა მუდმივად განახლებადია. ბავშვობის ასაკში პლასტიურობის ხარისხი გაცილებით დიდია და ზოგადად ასაკის ფაქტორი ნეიროპლასტიურობათან მიმართებით ძალიან მნიშვნელოვანია.

რა სახის ცვლილებები მიმდინარეობს ზრდასრულ ნერვულ სისტემაში?

შეგვიძლია 2 სახის ცვლილება გამოვყოთ სტრუქტურული და ფუნციური

სტრუქტურული მოიაზრებს ტვინის უნარს მოახდინოს თავისი სტრუქტურების ფიზიკური ცვლილებები, აქვე ვიტყვი,რომ მოზრდილი ჩამოყალიბებული ნერვული სისტემა არა მხოლოდ ქმნის ახალ სინაფსურ კავშირებს, არამედ მარაგდება ახალ ნეირონებითაც. ამ პროცესს ნეიროგენეზისი ეწოდება. ამდენად, ცვლილებები მიმდინარეობს როგორც რუხი, ისე თეთრი ნივთიერების მიმართულებით.

მეორე სახის ცვლილება არის ფუნქციური – ამ სახის პლასტიურობას ძირითადად ადგილი აქვს თავის ტვინის დაზიანების შემთხვევაში დაზიანებული უბნის ფუნქციას ,,ითავსებს“ თავის ტვინის სხვა უბნები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ სახის პლასტიურობა არ არის უსაზღვრო. გვაქვს გარკვეული უბნები თავის ტვინში, რომლებიც კრიტიკულია კომუნიკაციისთვის, მოძრაობისთვის და მათი დაზიანება ზოგჯერ შეუქცევად შედეგებს იწვევს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ორივე პლასტიურობის შემთხვევაში აუცილებელი პირობაა შესაბამისი გარემოს შექმნა, ორივე სახის ცვლილება დასწავლის შედეგია. აქედან გამომდინარე, თუ თავის ტვინის არ იძენს ახალ გამოცდილებას, ანუ მას არ ვასტიმულირებთ პლასტიურობა იქნება მინიმალური.

ნორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესი ასეთია: სიცოცხლის პირველი წლების მანძილზე თავის ტვინის ინტენსიურად  ვითარდება და იქმნება უზარმაზარი რაოდენობის ნეირონული კავშირი, მაგრამ უკვე ზრდასრულ ასაკში ამ ნეირონული კავშირების ნახევარი დაკარგულია.

რატომ ხდება ასე? ჩვენ მუდმივად ვიძენთ ახალ გამოცდილებას, ის ნეირონული კავშირები, რომლებიც ხშირად გამოიყენება – მყარდება, ხოლო ის კავშირები, რომლის გამოყენება იშვიათია ან საერთოდ აღარ ხდება, ქრება. გარკვეულ წილად ეს პროცესი ხის გასხვლას ჰგავს. ოღონდ ამ შემთხვევაში ჩვენი გამოცდილება აყალიბებს ჩვენს თავის ტვინს. სწორედ ესაა გარემოსთან ადაპტაციის საფუძველი.

რა უპირატესობებს გვაძლევს ნეიროპლასტიურობა?

  1. მუდამ გვაქვს საშუალება ვისწავლოთ ახალი. ტვინის პლასტიურობის წყალობით ვქმნით ახალ სინაფსებს და ვიძენთ ახალ უნარ-ჩვევებს, ეს მისაწვდომია ნებისმიერ ასაკში, მაგრამ ცხადია უფრო გაადვილებულია იმ ნერვული სისტემის შემთხვევაში, რომელიც მიჩვეულია ამ დატვირთვას.
  2. მეორე უპირატესობა არის არსებული კოგნიტური შესაძლებლობების გაუმჯობესება. ეს არის ჩვენი შემეცნებითი ფუნქციები, რომლებიც უშუალოდ ჩართულია ინფორმაციის მიღების გადამუშავების და გამოყენების პროცესებში. ყურადღება, მეხსიერება აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება ა.შ.
  3. ინსულტის, ან თავის ტვინის სხვა სახის დაზიანების შემთხვევაში აღდგენის შესაძლებლობა. სწორედ ნეიროპლასტიურობას ეფუძნება ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაცია.
  4. სუსტი მხარეების გაძლიერების საშუალება – შესაძლოა ადგილი აქვს თავის ტვინის დაზიანებას, მაგრამ შემეცნებითი და სხვა უნარები ყველას განსხვავებული გვაქვს. ნეიროპლასტიურობის წყალობით შესაძლებელია დეფიციტური ან სუსტი ფუნქციების გაძლიერება და გაუმჯობესება.
  5. ყველაზე მნიშვნელოვანი – ახალ გარემოსთან უკეთ ადაპტაცია.

რა ახდენს გავლენას ტვინის პლასტიურობაზე?

ეს არის გენეტიკური და გარემოს ფაქტორების ერთობლიობა. გენეტიკურ ფაქტორებს ვერაფერს ვუზამთ, მაგრამ გარემოს ფაქტორების ცვლილება  კი შეგვიძლია. როგორც უკვე აღინიშნა, ასაკი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამიტომ ნერვულ სისტემაზე ზრუნვა უნდა დავიწყოთ დღეს. რამდენი წლისაც არ უნდა ვიყოთ, სანამ ცოცხლები ვართ პოზიტიური ცვლილების მიღწევა ყოველთვის შეგვიძლია, მაგრამ რაც უფრო ადრე დავიწყებთ მით უკეთესი შედეგები გვექნება. თავის ტვინი მუდამ ცვალებადი სისტემაა და ეს პროცესი არ ჩერდება არც ერთ ასაკში (თუმცა დინამიკა იცვლება).

გარემოს ფაქტორებიდან შეგვიძლია გამოვყოთ – მრავალფეროვანი გარემო და ბევრი ახალი ახალი შთაბეჭდილება. ახალი უნარ-ჩვევების შეძენა, ზრდაზე ორიენტირებული განწყობა, მოწესრიგებული ძილი და დაგეგმილი დასვენება. მოძრაობა და ფიზიკური აქტივობა – მნიშვნელოვანია უკვე არსებული ნეირონების შენარჩუნებაში და ასევე ასტიმულირებს ახალი ნეირონების წარმოქმნას, სპეციფიკური პროტეინის გამოყოფის სტიმულირებას, რომელიც ნერვული კავშირების ზრდის ხელშემწყობია.

როგორც შევუწყოთ ხელი?

7 რჩევა:

იმისათვის რომ მახვილი გონება გვქონდეს,  თავის ტვინს უნდა მივცეთ შესაძლებლობა მოახდინოს ცვლილებები უჯრედულ დონეზე. ამისათვის გვჭირდება ტვინის სტიმულირება და საკვები ნივთიერებებით და ჟანგბადით კარგი მომარაგება.

  1. ფიზიკური აქტივობა (განსაკუთრებით აერობული ვარჯიშები)- სისხლით მომარაგება და ჟანგბადით გამდიდრება შევინარჩუნებთ არსებულ ნეირონებს და კავშირებს, ხელს შევუწყობთ ახალი ნეირონების დაბადებას.
  2. სიახლეები – ასაკთან ერთად ნაკლებად გახსნილები ვართ სიახლეები მიმართ, ნაცნობი სიტუაცია უფრო უსაფრთხო და კომფორტულია (კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ გვიყვარს). რაც მეტი სიახლე იქნება გარემოში მით მეტი სტიმულირება გამოგვივა.
  3. ყურადღება – ავტომატური მოქმედებებიდან მიზანმიმართულად გადასვლა. დროის უმეტეს ნაწილს ავტომატურად ვმოქმედებთ – ეს ნაკლებად დამღლელია,  არ არის ცნობიერების ჩართულობა საჭირო, მაგრამ მეორეს მხრივ არ ვაცნობიერებთ რა ხდება ჩვენს თავს,  არ ვცხოვრობთ მომენტში და ვერ ვიღებთ სიამოვნებას პროცესით. ამდენად, ცნობიერი ჩართვა თუნდაც ავტომატურ პროცესებში ხელს შეუწყობს თავის ტვინს იყოს მეტად აქტიური და პლასტიკური.  ჩართულობის და ყურადღების მართვის ყველაზე კარგი პრაქტიკაა მინდფულნესი, მედიტაცია ან უფრო თავისუფალი ფორმები. უმარტივესი ვარიანტებია ჩვეული სამოძრაო მარშრუტის ცვლილება, ჩვეული მოქმედებების  (დასვენების ან თუნდა მუშაობის დროს ) შაბლონის დანგრევა.
  4. განწყობა ცვლილებების მიმართ  – ზოგს აქვს ფიქსირებული განწყობა,  არ სურთ ცვლილებები. ეს არის პოზიცია ეს ვარ, რაც ვარ ამიტანეთ ასეთი. არიან ადამიანები ვინც ეძებს ცვლილებებს და არიან ზრდაზე ორიენტირებული. ცვლილება ჩვენი არჩევანია. მაშინ როდესაც არ გვსურს კომფორტის ზონიდან გამოსვლა, ბევრი დაბრკოლება და ბევრი მიზეზი გვაქვს თუ რატომ არ მოვახდინოთ ცვლილება. რაც ხელს არ უწყობს ნერვულ მოქნილობას და შესაბამისად  გარემოსთან ადაპტაცია არ იქნება ეფექტური.

და როცა უმოძრაობა + რუტინა და + ერთი და იგივე გარემო წარმოიდგინეთ რა ემართება თავის ტვინს?

  1. ჩვევები –  ეს ასევე არის ასევე განპირობებული ჩვენი თავის ტვინის ფუნქციონირებით. ჩვევა ქცევითი შაბლონია და  რადგანაც მყარად  გამჯდარი ქცევაა – შესაბამისი ნეირონული კავშირები  ყველაზე ადვილად აქტივირდება თავის ტვინში.  შაბლონის დანგრევა ყოველთვის შრომატევადია, ძალისხმევა, დრო და მოთმინება სჭირდება, ამიტომ ზოგი არც ეცდება, ზოგი ცდილობს, მაგრამ არ მიჰყავს პროცესი ბოლომდე.   ახალი უნარ-ჩვევების შესაძენად საჭიროა ახალი ნეირონული კავშირები. ახალი კავშირების შესაქმნელად კი  საჭიროა ბევრი გამეორება. ეს არის ის რასაც თქვენს ნაცვლად ვერავინ გააკეთებს.
  2. ცხოვრების სტილი – დასვენება, მოწესრიგებული ძილი და ჯანსაღი კვება. ეს არის ბევრი ხილი და ბოსტნეული, ე.წ. სასარგებლო ცხიმები, მაქსიმალურად ახალი და მინიმალურად დამუშავებული საკვები პროდუქტები, დაბალანსებული და მრავალფეროვანი კვება. მაგალითად ცნობილია, რომ მცირე რაოდენობით დარიჩინი დადებით ზეგავლენას ახდენს თავის ტვინის ფუნქციონირებაზე, ხოლო სწრაფი კვებისა და ძლიერი გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტები, ტკბილი გაზიანი სასმელები იწვევს ფუნქციონირების დაქვეითებას.
  3. სოციალური კავშირები და ბევრი დადებითი ემოცია – თავის ტვინის სტიმულირების და ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის საწინდარია ურთიერთობა სხვა ადამიანებთან, პოზიტიური გამოცდილებისა და ემოციების გაზიარება.  სხეულსაც და გონებასაც აქვს დიდი პოტენციალი შეიცვალოს და გაძლიერდეს.  რა თქმა უნდა, დროს ვერ გავაჩერებთ და ვერც დაბერების პროცესს, მაგრამ ჩვენი არჩევანია თუ რა სისწრაფით, რა ხარისხით წარიმართება ეს პროცესები.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g