2023 წლიდან ტექინსპექტირების მიმართულებით არაერთი რეფორმა განხორციელდა. რა უნდა გაითვალისწინოთ ტექდათვალიერებაზე მისვლისას, რომ აღარ მოგიწიოთ განმეორებითი ინსპექტირება და როგორია მიმართვიანობა ავტომფლობელების მხრიდან. ამ საკითხებთან დაკავშირებით, “გრინვეი საქართველოს” დირექტორმა ვახტანგ ებიტაშვილმა “ბიზნესნიუსის” ეთერში ისაუბრა.
ტექინსპექტირება 2019 წელს გახდა სავალდებულო საქართველოში. როგორ შეაჯამებთ განვლილ წლებს? რამდენად ეფექტურია რეფორმა?
2019 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში რეგისტრირებული ყველა ავტომობილისთვის ტექინსპექტირება სავალდებულო გახდა. რეფორმის პირველ წელს საკმაოდ დიდი ინტერესი იყო და მომართვიანობაც მაღალი იყო, თუმცა შემდეგ ძალიან დრამატული ზემოქმედება იქონია პანდემიამ და 2020 წელი პრაქტიკულად ზარალიანი წელი იყო მთელი ინდუსტრიისთვის, გამოცხადებაც მინიმალური იყო. 2021-დან ნელ-ნელა ზრდის დინამიკა შეინიშნება და 2022 წელს პრაქტიკულად ჩვენ დავუბრუნდით იმავე ნიშნულს, რომლითაც დავიწყეთ, ეს არის დაახლოებით 800 000-მდე ინსპექტირებული ავტომობილი მთელი წლის განმავლობაში.
რა სურათს იძლევა სტატისტიკა საერთო ჭრილში? ავტომფლობელების რა ნაწილი მოვიდა ტექდათვალიერებაზე?
დღეისათვის, ქვეყანაში რეგისტრირებულია, დაახლოებით, მილიონ ნახევარი ავტომობილი, ნახევარზე ოდნავ მეტი ცხადდება ინსპექტირებაზე, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია და ამ მიმართულებით ძალიან ბევრია გასაკეთებელი. რეფორმის საწყის ეტაპზე ავტომობილების რაოდენობა შედარებით ნაკლები იყო და შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ გამოცხადების მაჩვენებელიც უფრო მაღალი იყო. დღევანდელ დღეს, სამწუხაროდ, ავტომობილების პორტფელის ზრდას, (იმპორტი წლიდან წლამდე დაახლოებით 5%-დან 7%-მდე იზრდება), გამოცხადების დინამიკა ვერ მიყვება, თუმცა ჩვენ მაინც იმედიანად ვართ და სამომავლოდ, ვგეგმავთ, რომ ამ მიმართულებით გარდატეხა შევიტანოთ.
რა არის მთავარი გამოწვევა დღეს და როგორ მუშაობთ ამ მიმართულებით?
ჩვენ ყოველდღიურად კომუნიკაცია გვაქვს მომხმარებლებთან და ჩვენი დაკვირვებით, რამდენიმე გამოკვეთილი გამოწვევა გვაქვს დღეის მდგომარეობით. პირველ რიგში, ესაა, ცნობიერების ამაღლება. ამ მიმართულებით, ჩვენი კომპანია შექმნის პირველივე დღეებიდან აქტიურად იყო ჩართული, თუმცა შეზღუდული რესურსებით. დიდი საინფორმაციო კამპანიების გაშლა საკმაოდ პრობლემურია. ვისურვებდი, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს როლი გაიზარდოს და მათი ჩართულობა უფრო აქტიური იყოს.
ასევე, მნიშვნელოვანი საკითხია ადმინისტრირების მიმართულება და ამ მხრივ, გამოვყოფდი საკანონმდებლო ცვლილებებს ადმინისტრაციულ კოდექსში ჯარიმებთან დაკავშირებით, რაც საკმაოდ დიდი გამოწვევაა. აქ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ადმინისტრირების მიმართულებით, სახელმწიფოს როლი კიდევ უფრო გაიზარდოს. მაგალითად, შსს-დან ავტომფლობელებს რომ გაეგზავნოთ შემახსენებელი sms შეტყობინებები და მათთან კომუნიკაცია ამ მიმართულებითაც იყოს, რომ მოქალაქეებმა გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და აქტიურად მიმართონ ტექინსპექტირების ცენტრებს.
რამდენიმე რეფორმა განხორციელდა 2023 წელს ტექინსპექტირების მიმართულებით, მათ შორის გამკაცრდა კრიტერიუმები, ჯარიმები, ასევე, განმეორებითი ტექინსპექტირება გახდა ფასიანი. თუ შეიძლება გამოვყოთ მთავარი საკითხები, რაც შეიცვალა და რა იყო ამის მიზანი?
მნიშვნელოვანი საკითხია და ამ მიმართულებით აღვნიშნავდი იმას, რომ სახელმწიფოს მიდგომა არის ძალიან თანმიმდევრული, ვინაიდან ჩვენი მიზანია დავუახლოვდეთ ევროკავშირის მოთხოვნებს. ერთ წელში, რა თქმა უნდა, მტკივნეულად აისახება ავტომფლობელებზე, ამიტომ ეტაპობრივად ხდება გამკაცრება. ძალიან უმნიშვნელო მაჩვენებელია შეცვლილი, რაც არაარსებითია და ზეგავლენას არ ახდენს დახარვეზების მაჩვენებელზე. ამიტომ, ძალიან კარგია, რომ ეს დროში გაწელილად ხდება, ასევე, ავტომფლობელები ინფორმირებული არიან, რომ კონკრეტული თარიღებიდან მზად იყვნენ სიახლეებისთვის.
მე გამოვყოფდი კიდევ ერთ მნიშვნელოვან ცვლილებას, რაც შეეხება ე.წ. ხმაურის საკითხს. ზოგადად, პრობლემატური საკითხია, უფრო მეტად დიდი ქალაქების მაცხოვრებლებისთვის, ვინაიდან მომეტებული ხმაურით მოძრაობს ზოგიერთი ავტომობილი განსაკუთრებით ღამის საათებში და აქ ამოქმედდა რეგულაცია. მომხმარებლები ძალიან ადეკვატურად რეაგირებენ ამ ცვლილებაზე. ტექინსპექტირების ცენტრები აქტიურად იქნებიან ჩართული ამ პროცესში, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ქუჩებშიც მოხდეს კონტროლი საპატრულო ეკიპაჟების მხრიდან და როგორც ვიცი, ამ მიმართულებით გარკვეული აქტივობები იგეგმება.
ყველაზე ხშირად რა კრიტერიუმებით ახარვეზებთ ხოლმე ტექდათვალიერებაზე მოსულ ავტომფლობელებს და რას ურჩევთ მათ? რა უნდა გაითვალისწინონ?
ყველაზე ხშირად დახარვეზება ხდება ხოლმე მაშუქებზე და ე.წ. საქარე მინებზე. ეს არ არის ის კომპონენტები, რომლებიც დიდ მატერიალურ დანახარჯს მოითხოვს, ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ავტომფლობელი მობილიზებული იყოს და მომართული იმისათვის, რომ ავტომობილი მუდმივად ჰყავდეს კარგ მდგომარეობაში. ჩვენი დაკვირვებით, არ სჭირდება დიდი დანახარჯები და ძალისხმევა იმას, რომ მანქანა მოწესრიგებული იყოს. დადგენილი პერიოდულობით უნდა ხდებოდეს ავტომობილის შემოწმება, ძრავში ზეთის გამოცვლა, სანთლების შეცვლა და ა.შ. ამ პირობებში, თუ კი მანქანას მოვუვლით და არ მივიყვანთ დრამატულ მდგომარეობამდე, ძალიან მარტივია ტექინსპექტირების გავლა.
რამდენი ფილიალი აქვს დღეს “გრინვეი საქართველოს” ქვეყნის მასშტაბით და რომელ ქალაქებში?
კომპანია “გრინვეი” მეხუთე წელია, რაც არსებობს. პირველივე წლიდან ჩაერთო რეფორმის მიმდინარეობაში და ჩვენ პრაქტიკულად სუფთა ფურცლიდან დავიწყეთ არსებობა. საერთო ღირებულებების გარშემო გაერთიანებული გუნდი იყო ამ კომპანიის ბირთვი და დღევანდელ დღეს, სიამაყით შემიძლია ვთქვა რომ “გრინვეი” წარმოდგენილია 31 ფილიალის სახით როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, თავდაპირველად 12 ადამიანით დავიწყეთ მუშაობა და დღეს 300 პროფესიონალი საქმიანობს ჩვენს ცენტრებში.
რა სიახლეებს და აქციებს სთავაზობს “გრინვეი საქართველო” მომხმარებლებს?
სიახლეები საკმაოდ ბევრი გვექნება. პირველ რიგში, თბილისის მასშტაბით, გვინდა რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ტექინსპექტირება თითოეული ავტომფლობელისთვის. მომხმარებლებზე დაკვირვებით და მათი მოთხოვნით, ჩვენ მიმდინარე წელს გავხსენით ახალი სერვის ცენტრი რუსთავის გზატკეცილზე. წელს კიდევ იგეგმება ამ მიმართულებით სიახლეები, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ. მუშაობა გაგრძელდება და ჩვენს მომხმარებლებს ბევრ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ.
რას გეგმავთ სამომავლოდ და რა იქნება თქვენი მთავარი პრიორიტეტი 2023 წელს?
მთავარი ღირებულება ჩვენთვის არიან ჩვენი თანამშრომლები. 2023 წელს აქცენტს ვაკეთებთ თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლებაზე, პირობების გაუმჯობესებაზე. კვალიფიკაციის ამაღლება, ზოგადად, დარგის გამოწვევაა და 2023 წელს შევქმენით ტრენინგ ცენტრი, რომლის ბაზაზეც ყოველ კვარტალურად მოხდება თანამშრომლების გადამზადება, ატესტაციები და ეს ტექინსპექტირების საკითხზეც საკმაოდ პოზიტიურად აისახება .
უცხოელ პარტნიორებთანაც თანამშრომლობთ. რამდენად არიან ჩართულები თქვენს საქმიანობაში, თუნდაც ტრენინგების მიმართულებით?
ისინი აქტიურად არიან ჩართულები ტრენინგების მიმართულებით. წელსაც იგეგმება ზაფხულის პერიოდში მათი ვიზიტი, ე.წ. ToT პროგრამის ფარგლებში გვექნება გარკვეული აქტივობები. ჩვენი გლობალური პარტნიორია კომპანია “ა პლუსი”, რომელიც მსოფლიოში სამეულში შედის ტექინსპექტირების ბიზნესის კუთხით. აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანია “სიტა”, ექსპერტირების ცენტრების საერთაშორისო კავშირი, რომლის შტაბბინა მდებარეობს ბრიუსელში. ჩვენი გლობალური პარტნიორია, ჩვენ ვართ ამ ორგანიზაციის წევრები და მათი კომპეტენტური ხელმძღვანელი პირების ვიზიტიც იგეგმება მიმდინარე წელს ჩვენთან, რათა მათთან ერთად ტრენინგების მიმართულებით კიდევ ერთხელ გავაღრმავოთ თანამშრომლობა.