საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდმა “ზუგდიდმა” ანთალიაში შეკრებაზე ამხანაგური შეხვედრა კოსოვოს ჩემპიონატის წარმომადგენელ “ფერონიკელისთან” ჩაატარა და 1:2 დამარცხდა.
პრობლემა იმან წარმოშვა, რომ ფიფასა და უეფას აქამდე არ მიუცია კოსოვოსთვის საერთაშორისო ასპარეზზე მონაწილეობის უფლება.
„ზუგდიდისა“ და დრენასის „ფერონიკელის“ არაოფიციალური ამხანაგური მატჩის ჩატარების შესახებ განცხადებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
“მედია და ინტერნეტ საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განმარტავს, რომ უმაღლესი ლიგის კლუბებს გააჩნიათ ვალდებულება სფფ-სთან შეათანხმონ ინფორმაცია საერთაშორისო ამხანაგური მატჩების ჩატარების შესახებ.
ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სფფ ფაქტის გამოვლენის შემდეგ იმოქმედებს სფფ-ს, უეფასა და ფიფას დებულებების შესაბამისად, რომლის დაცვა წარმოადგენს ვალდებულებას სფფ-ს ნებისმიერი სუბიექტისთვის“, – ნათქვამია ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.
გახმაურებულ ამბავს თურქეთში შეკრებაზე მყოფი “ზუგდიდიც” ეხმაურება.
“ზუგდიდი” ადასტურებს, რომ თურქეთში შეკრებაზე, ამხანაგური მატჩი გამართა, კოსოვოს საფეხბურთო კლუბ “ფერონიკელთან”.
ამ შეხვედრის დაგეგმვის ორგანიზატორებმა და უპირველეს ყოვლისა ჩვენ, არ მივაქციეთ ყურადღება პოლიტიკურ მხარეს, კერძოდ იმას, რომ კოსოვოს რესპუბლიკა, არ არის საქართველოს მიერ აღიარებული ქვეყანა და ჩვენ, მხოლოდ სპორტული პრინციპით ვიმოქმედეთ. მართალია, კოსოვოს რესპუბლიკა აღიარებული ჰყავს, საქართველოს მთავარ პარტნიორ ქვეყნებს, როგორიცაა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და ევროკავშირის სხვა ქვეყნები – სულ ასზე მეტ სახელმწიფოს. მიუხედავად ამისა, ვაღიარებთ, რომ ს.კ. “ზუგდიდი”-ს მხრიდან მოხდა პოლიტიკური საკითხისადმი ყურადღების მოდუნება, რის გამოც ვიხდით ბოდიშს”.