საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა XIII საუკუნის ისტორიულ ძეგლთან – ყინწვისის მონასტერთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნული შიდასახელმწიფოებრივი გზის 3,3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. პროექტის ფარგლებში დაიგება ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა მოსახლეობის ეზოში შესასვლელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნები, ავტოპავილიონები, ხელოვნური ნაგებობები, წყალგამტარი მილები, გვერდულები, კიუვეტები და გაბიონები.
აღნიშნული საგზაო მონაკვეთი ვერ უზრუნველყოფდა ტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. ასფალტ-ბეტონის საფარი ზოგან ნაწილობრივ, ცალკეულ მონაკვეთებზე კი მთლიანად იყო დაზიანებული და ზედაპირული წყლები გზის სავალ ნაწილზე მოედინებოდა.
რეაბილიტირებული გზით ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები უფრო კომფორტულად შეძლებენ ყინწვისის მონასტერთან დაკავშირებას. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და ივნისში დასრულდება.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 მილიონ 414 ათასი ლარია.