2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრი კომპანიების 63% აცხადებს, რომ 2023 წელს მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები 2022 წელთან შედარებით გაიზრდება, 28% უცვლელ დონეზე შენარჩუნებას ვარაუდობს, ხოლო კლებას გამოკითხულთა 9% პროგნოზირებს.
საგულისხმოა, რომ 2023 წელს ინვესტიციების გაზრდას ან უცვლელ დონეზე შენარჩუნებას ჯამურად ბიზნესის 91% გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ყველაზე ოპტიმისტური საინვესტიციო მოლოდინი მშენებლობის სექტორს აქვს, კერძოდ, გამოკითხული კომპანიების 75% ინვესტიციების ზრდას გეგმავს. ვაჭრობის სექტორში – 64%, მომსახურების სექტორში – 63%, ხოლო მრეწველობის სექტორში – 45% პროგნოზირებს ინვესტიციების საერთო მოცულობის წლიურ ზრდას.
შეგახსენებთ, რომ ინვესტიციების კვლევა BAG ინდექსის ფარგლებში წელიწადში ორჯერ ტარდება და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების საინვესტიციო საქმიანობას მიმოიხილავს. მიმდინარე კვლევა აჯამებს 2022 წელს განხორციელებულ ინვესტიციებს და მიმოიხილავს საინვესტიციო გეგმებს 2023 წლისთვის.
BAG ინდექსს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.
კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.