7 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემის „არტ-FM“-ს სტუმარმა, თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერმა თეონა კახიძემ, ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-8 საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე ისაუბრა, რომელიც 5 მაისს აიღებს სტარტს და 23 მაისამდე გაგრძელდება.
– თეონა, როგორ ემზადებით ფესტივალისთვის?
– წლევანდელი ფესტივალი, რომელიც ქართველ შემსრულებლებთან ერთად ტრადიციულად მსოფლიო ვარსკვლავებსაც უმასპინძლებს, სამ კონცერტს გააერთიანებს, „მთავარი მოქმედი გმირი“ კი, როგორც ყოველთვის თბილისის სიმფონიური ორკესტრი იქნება ბატონ ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით, რადგან სწორედ სიმფონიური ორკესტრის სხვადასხვა შემსრულებლებთან კოლაბორაციაა ფესტივალის მთავარი იდეა.
5 მაისს ჩვენი ორკესტრისა და ლეგენდარული Take 6-ის კონცერტი შედგება. 10 „გრემის“ და სხვა პრესტიჟული პრემიების მფლობელი კოლექტივი ერთხელ უკვე სტუმრობდა ფესტივალს, ამიტომ წელსაც სიამოვნებით გვეწვევა უკვე განახლებული პროგრამით. 14 მაისს თბილისის „ბიგ-ბენდის“ კონცერტი და ერთგვარი დებიუტი შედგება ჩვენს ფესტივალზე, რაც ძალიან გვახარებს, მით უფრო, რომ ორკესტრის ხელმძღვანელი ბატონი გაიოზ კანდელაკი ორკესტრის დირიჟორთან და სამხატვრო ხელმძღვანელთან ბატონი გივი გაჩეჩილაძესთან ერთად მეტად საინტერესო და მრავალფეროვან პროგრამას გვპირდება, მით უფრო, რომ „ბიგ-ბენდს“ საკმაოდ დიდი ისტორია და მსოფლიო ვარსკვლავებთან თანამშრომლობის უზარმაზარი გამოცდილება აქვს. 23 მაისს ლეგენდარული დი დი ბრიჯუოთერის ქალიშვილი ჩაინა მოზესი გვეწვევა, რომელიც არა მხოლოდ მუსიკოსი, არამედ პოპულარული რადიოშოუების წამყვანიცაა საფრანგეთსა და ინგლისში.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ თავად ბრიჯუთერიც სტუმრობდა ფესტივალს და როგორც თავად აღნიშნა, ძალიან შეუყვარდა ჩვენი ქვეყანაც და ჩვენი ორკესტრიც მაესტრო კახიძესთან ერთად. საერთოდ, სიმფონიური ორკესტრები იშვიათად თანამშრომლობენ სხვა ჟანრის წარმომადგენლებთან, რადგან თვლიან, რომ ჯაზ- ან პოპ-მუსიკოსებთან თანამშრომლობა მათ პრესტიჟს ამცირებს, ჩვენი ორკესტრი კი, პირიქით, მაქსიმალურად ცდილობს იყოს მრავალფეროვანი და შეასრულოს განსხვავებული მუსიკა, რითაც ხშირად სასიამოვნოდ აკვირვებს უცხოელ მუსიკოსებს.
– როგორ გაჩნდა ფესტივალის შექმნის იდეა?
– დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კულტურის სამინისტროს, რომელმაც 2015 წელს, ჯანსუღ კახიძის 75 წლის იუბილეზე დაუჭირა მხარი ჩვენს იდეას და სრულად გაიზიარა ჩვენი სურვილი დაგვეარსებინა ბატონ ჯანსუღის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი.