LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია” ხელისუფლებას ავტოსაგზაო შემთხვევების შესამცირებლად რეაგირებას სთხოვს

36

”ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია” ხელისუფლებას ავტოსაგზაო შემთხვევების შესამცირებლად დროულ რეაგირებას სთხოვს.
როგორც ასოციაციაში აცხადებენ, სახელმწიფო სტრუქტურები უბრალოდ არაფერს აკეთებენ და მშვიდად ადევნებენ თვალყურს როგორ იხოცებიან მოქალაქეები.

”ავტორადიო” ”ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

”როდესაც სახელმწიფო თავად კლავს საკუთარ მოქალაქეებს! 2012 წლიდან დღემდე გარდაიცვალა 2 300-ზე მეტი ადამიანი და სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო 40 000-მდე ჩვენმა მოქალაქემ. ეს არის კატასტროფა!

დღეს ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევას კიდევ ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უკიდურესად საგანგაშოდ მიგვაჩნია არსებული ვითარება. ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითადი მიზეზები, სულ რამოდენიმეა: 1. სიჩქარის გადაჭარბება; 2.ნასვამი პირი საჭესთან; 3. უწყვეტი ხაზის გადაკვეთა, საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა; 4.ქვეითებთან შეჯახება (200 გარდაცვალება, მხოლოდ1 წლის განმავლობაში); ამ მიზეზების გამო მხოლოდ 2015 წელს გარდაიცვალვა 600-ზე მეტი ადამიანი და სხეულის დაზიანება მიიღო 10 000-მდე.

როდესაც სახელმწიფომ ეს ძირითადი მიზეზები იცის და არაფერს არ აკეთებს, არც პრევენციულს, არც სარეკლამოს, არც სოციალურს, არც არანაირს და საერთოდ არ რეაგირებს, ის სახელმწიფო არ არის და თუ არის ის მკვლელია. 2016 წლის პირველ 4 თვეში, ჩვენი ინფორმაციით სიკვდილიანობის 200-მდე ფაქტია დაფიქსირებული. გაოგნებული ვართ როგორი ოლიმპიური სიმშვიდით ადევნებს დღევანდელი ხელისუფლება ჩვენი მოქალაქეების სიკვდილს თვალს და საერთოდ არ აქვს არანაირი რეაქცია. ამიტომაც გარდაცვალების ეს შემთხვევები თქვენს კისერზეა ბატონებო! განსაკუთრებით შემაშფოთებელია, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს სიმშვიდე, როდესაც საქალაქთაშორისო მიკროავტობუსებში ჩვილი ბავშვების გარდაცვალების ფაქტები დაფიქსირდა 2015 წელს და არა თუ რაიმე ტიპის ქმედება, არამედ განმარტებაც კი არ გაუკეთებიათ. ეს არის თავიდან ბოლომდე დანაშაულებრივი სტრუქტურა, რომელიც ცდილობს არაფერზე აგოს პასუხი, თუმცა მას ეს ევალება კანონით. 2012 წლიდან დღემდე დავდივართ სხვადახვა უწყებებში შეხვედრებზე და არცერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა. ამ საუბრის პერიოდში, სხვადასხვა უწყებებში სრულიად უაზრო შეხვედრების პარალელურად, ანუ 4 წლის განმავლობაში გარდაიცვალა 2000-ზე მეტი ადამიანი და სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო 40 000 მდე ჩვენმა მოქალაქემ. ეს არის კატასტროფა!

ავტოსაგზაო შემთხვევას, მხოლოდ მაშინ შეიძლება დაერქვას „უბედური შემთხვევა,“ თუ ხელისუფლებამ ყველა ღონეს მიმართა, მათ შორის პრევენციულს და მაინც დადგა ეს შედეგი, მაგრამ როდესაც სახელმწიფო სტრუქტურები უბრალოდ არაფერს აკეთებენ და მშვიდად ადევნებენ თვალყურს როგორ იხოცებიან ჩვენი მოქალაქეები, ისინი არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები! დღევანდელი სახელმწიფო, რომლის ხელმძღვანელ რგოლს დღევანდელი ხელისუფლება წარმოადგენს, მისი უმოქმედობით მონაწილეობს ჩვენი მოქალაქეების მკვლელობაში. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას!”-ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები