LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროკავშირის ბაზარი“ – შამუგიას თქმით, მსოფლიოს 96 ქვეყანაში რეკორდული ღირებულების პროდუქციაა ექსპორტირებული

120
შამუგია

ეკონომიკური განვითარება, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელსაც ორი წელზე მეტია ვინარჩუნებთ, საშუალებას გვაძლევს, წლიდან წლამდე გავზარდოთ დაფინანსება როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით. ბოლო 5 წლის განმავლობაში, სამინისტროს ასიგნებები 150%-ით გაიზარდა, რამაც ახალი ინიციატივების განხორციელების და შემდგომი განვითარების შესაძლებლობები მოგვცა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შამუგიას თქმით, რეფორმის განხორციელების შედეგად, ფერმერებისთვის და აგრობიზნესში ჩართული მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომი გახდება მეტი მხარდაჭერის მექანიზმი, რომელიც ორიენტირებული იქნება დივერსიფიცირებაზე, ინკლუზიურობასა და ეფექტიანობაზე.

ამასთან, მინისტრმა სხვა საკითხებზეც, მათ შორის ექსპორტის მაჩვენებელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობით, კერძო სექტორის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითარების შედეგია ბოლო 10 წელიწადში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის თითქმის 147%-იანი ზრდა.

მინისტრის თქმით, 2022 წელს, საქართველოდან, მსოფლიოს 96 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული, 1.3 მილიარდამდე აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 34 %-ით, ხოლო 2021 წლის მაჩვენებელს 10.5 %-ით აღემატება.

მისივე განცხადებით, ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის უფრო მზარდი ტენდენცია 2023 წელს ფიქსირდება. პირველი კვარტლის მონაცემებით, ექსპორტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 29%-იანი ზრდაა, ხოლო ევროკავშირში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 21%-ით არის გაზრდილი.

„ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროკავშირის ბაზარი და ამ ბაზარზე არსებული პოტენციალის სრულად გამოყენება. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, ევროკავშირის ქვეყნებში 129%-ით გაიზარდა ღვინის ექსპორტი, სპირტიანი სასმელების – 26%-ით, ხილისა და ბოსტნეულის წვენების – 103%-ით, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები – 4.7-ჯერ, ხოლო მშრალი ხილის ექსპორტი 5-ჯერ არის გაზრდილი. ასევე ხორციელდება ჩაისა და ციტრუსის ექსპორტი.

აღსანიშნია, რომ ევროკავშირმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ საქართველოს მიანიჭა შემდეგი ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტზე გატანის უფლება: თაფლი და მეფუტკრეობის პროდუქტები, შავი ზღვის თევზი და თევზის პროდუქტები, ცხოველთა საკვები და სხვა“, – აღნიშნა შამუგიამ.

magti 5g