კილომეტრობით მავთულხლართები, ასობით ბარაკები, მილიონობით სიკვდილისთვის განწირული ადამიანები – მონობის, ტანჯვის, წამების ისტორია, რომლის დავიწყება არ შეიძლება: მთელი კაცობრიობის ჭრილობა, რომელიც შესაძლოა არც არასდროს შეხორცდეს – ეს არის აუშვიცი.
აქ იყო სიკვდილის ყველაზე დიდი ბანაკი და ეს ერთადერთია, რომელიც მეტ-ნაკლებად შენარჩუნდა პირველადი სახით. აქ არის დამწვარი ადამიანების ნარჩენები, გაზის კამერების ნანგრევები და კრემატორიუმები, ადგილი, სადაც SS-ის (ფაშისტური გერმანიის მცველი რაზმები) ექიმები ადამიანებს არჩევდნენ; სადაც ებრაელი ოჯახები სიკვდილს ელოდნენ; სიკვდილით დასჯის ადგილები; გზები, რომლითაც ადამიანები გაზის კამერებში მიჰყავდათ…
მუზეუმი და მემორიალი არა მარტო ფართო ტერიტორიაა, რომელიც ბლოკების, ბარაკების, სათვალთვალო კოშკებისგან შედგება, არამედ ეს არის ათი ათასობით საგანი და დეპორტირებული ხალხის პირადი ნივთები. ეს უნიკალური ნივთები და ტყვეების ცხოვრებასთან დაკავშირებული ობიექტები მოწმობს ადამიანების ტანჯვაზე, რომლებიც აქ განადგურებისთვის მოიყვანეს.
მუზეუმში არ გამოიყენება ტერმინოლოგია „ექსკურსია“, „გიდი“ ან „ექსკურსიაგიდი“. თანამშრომლებს, რომლებიც მნახველებს უყვებიან აქ რა ხდებოდა, უწოდებენ „ედუკატორებს“ (პოლონური სიტყვიდან edukacja – განათლება), თავად მუზეუმს კი – ხსოვნის ადგილს.
ავტორების მიზანია, ხსოვნის ადგილის მნახველებმა მკაფიოდ დაინახონ, რომ ეს ყველაფერი მოხდა სწორედ აქ: ადგილზე, სადაც შენ დგახარ…
მესამე რაიხის ტერიტორიაზე საკონცენტრაციო ბანაკები 1933 წლიდან იქმნებოდა, როდესაც ხელისუფლებაში ჰიტლერი და მისი პარტია მოვიდნენ. აქ ამწყვევდნენ „საზოგადოების არასასურველ ელემენტებად“ მიჩნეულ ადამიანებს, ნაცისტური რეჟიმის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, ებრაელებს, იეჰოვას მოწმეებს, გერმანელ ჰომოსექსუალებს, სისხლის სამართლის დამნაშავეებს და ა.შ.
1941 წელს, როდესაც ჩანდა, რომ გერმანია მთლიანად დაიპყრობდა ევროპას, მესამე რაიხმა დაადგინა დაეწყოთ „ებრაელების საკითხის საბოლოო გადაწყვეტა“. განადგურებას ექვემდებარებოდა ყველა, ასაკის, სქესის და მრწამსის მიუხედავად. ამ პოლიტიკის განხორციელების საშუალებები იყო შიმშილი გეტოებში, მასობრივი სიკვდილით დასჯა და საბოლოოდ – ებრაელების ფართომასშტაბიანი ჟლეტა გაზის კამერებში.
აუშვიცი – იყო პირველი გერმანული ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკი პოლონეთის ტერიტორიაზე, რომელიც მოგვიანებით მესამე რაიხის მიერ შექმნილი ყველაზე დიდი ბანაკი გახდა. ის სახელმწიფო სტრუქტურა იყო და ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. მისი შექმნის მიზეზი ციხეების გადატვირთულობა გახდა. თავდაპირველად ის მორიგი ბანაკი უნდა ყოფილიყო, თანდათან კი ებრაელი მოსახლეობის მასობრივი განადგურების უმსხვილეს ცენტრად იქცა.
მაქსიმალური აღმავლობის პერიოდში (19944 წლის აგვისტო) აუშვიცი სამი ძირითადი ნაწილისგან შედგებოდა: აუშვიც I (დაახლოებით 16 ათასი ტყვე), 3 კილომეტრში მდებარე აუშვიც II (დაახლოებით 90 ათასი ადამიანი), სადაც მასობრივი განადგურების ყველაზე დიდი მოწყობილობა იყო და 6 კმ-ში მდებარე აუშვიც III მონოვიცა (დაახლოებით 10 ათასი ადამიანი).
ბანაკის მშენებლობასთან დაკავშირებით გერმანელებმა მიმდებარე ტერიტორიებიდან არა ნაკლებ 8 ათასი პოლონელი გაასახლეს, რათა დაახლოებით 10 კმ-ში არავის ეცხოვრა.
1944 წლის მეორე ნახევარში, უკან დახევამდე რამდენიმე თვით ადრე, გერმანელებმა დანაშაულის მტკიცებულების განადგურება დაიწყეს – დაწვეს სარეგისტრაციო წიგნები და დეპორტირებული ებრაელების სიები, გაიტანეს ნაძარცვი ნივთები და სამშენებლო მასალები. ბოლო კვირას ააფეთქეს გაზის კამერები და დაწვეს ებრაელების დარჩენილი ქონება.
აუშვიც I
აუშვიც I 1940 წლის ივნისში შეიქმნა, ოსვენციმთან, სარკინიგზო კვანძის სიახლოვეს. მის შემადგენლობაში შევიდა 20 არსებული შენობა, რომლებიც ბანაკის საჭიროებისამებრ გადააკეთეს. დროთა განმავლობაში ტუსაღების გამოყენებით ააშენეს კიდევ რვა ბლოკი. უმრავლესობა გამოიყენებოდა ტყვეების საცხოვრებლად, რამდენიმე ითვალისწინებდა საავადმყოფოს, საწყობს, კანცელარიას და ბანაკის ციხეს.
აუშვიც I-ში იყო განთავსებული: SS-ის მთავარი კომენდატურა, დასაქმების ცენტრალური ბიურო, სიახლოვეს კი – მომარაგების მთავარი საწყობები, სახელოსნოები და საწარმოები.
ბანაკის შესასვლელშია წარწერა „შრომა ათავისუფლებს“ (ARBEIT MACHT FREI). რეალობაში ყველაფერი საპირისპიროდ იყო. შრომა აქ გენოციდის კიდევ ერთი ფორმა გახდა, რომლებსაც ნაცისტები „შრომით განადგურებას“ უწოდებდნენ.
ბანაკში დღე ადრე იწყებოდა: ზაფხულში 4:30 საათზე, ზამთარში – 5:30 საათზე. ტყვეები ალაგებდნენ საცხოვრებელ ადგილებს, ცდილობდნენ დაებანათ და ბანაკის ორკესტრის აკომპანემენტით გადიოდნენ მრავალსაათიან მძიმე სამუშაოებზე. დაბრუნებისას კი დაღუპულ ან დახოცილ ამხანაგებს მოათრევდნენ.
აუშვიცის არსებობის განმავლობაში გერმანელებმა აქ არანაკლებ 1.3 მლნ ადამიანი მიიყვანეს, მათ შორის 1.1 მლნ ებრაელი, 140 ათასი პოლონელი, 23 ათასი ბოშა, 15 ათასი საბჭოთა სამხედრო ტყვე და 25 ათასი სხვა ეროვნების პატიმარი.
დაახლოებით 900 ათასი ებრაელი ბანაკში მიყვანისთანავე გაზის კამერებში დახოცეს.
უნიკალური საარქივო ფოტოები, რომლებიც ესესელებმა 1944 წლის გაზაფხულზე გადაიღეს.
ამ პერიოდში აუშვიცში დაახლოებით 430 ათასი ებრაელი გადაიყვანეს უნგრეთიდან.
ფოტოებზე ნაჩვენებია ეშელონების ჩასვლა, ოჯახების დაყოფა და კოლონების ფორმირება,
ასევე გაზის კამერებში მიმავალი ადამიანები
აუშვიცში მიყვანილ ებრაელებს ბოლომდე გაურკვევლობაში ამყოფებდნენ. ხშირად ეუბნებოდნენ, რომ ჯერ დეზინფექცია უნდა გაეარათ და დაებანათ. სიკვდილისთვის განწირულ ადამიანებს გაზის კამერებში შესვლამდე უნდა გაეხადათ. ამ შენობებში იყო საშხაპე, გასახდელებში დანომრილი საკიდები, ამით ხალხს შთაბეჭდილება უნდა შეჰქმნოდათ, რომ „აბაზანის შემდეგ“ ტანსაცმლის აღება და ბარაკებში წასვლა შეეძლოთ.
პატიმრებს თმებს ჭრიდნენ, ხოლო 1942 წლიდან მათი როგორც სამრეწველო ნედლეულის შეგროვება დაიწყეს. გამოიყენეს გაზის კამერებში დახოცილი ებრაელი ქალების თმებიც, რომლებსაც ტომრებში აწყობდნენ და გერმანულ კომპანიებზე ყიდდნენ ქსოვილის დამზადებისთვის.
გადარჩენილი ყოველდღიური მოხმარების საგნების მცირე ნაწილი, რომლის განადგურება SS-ელებმა ვერ მოასწრეს, მოწმობს, რომ დეპორტირებულებმა არ იცოდნენ რა ელოდათ აუშვიცში ჩასვლისას.
საწყობებს, რომელიც ორ კრემატორიუმთან და ბანაკის ცენტრალური აბანოს ე.წ. „საუნას“ მოპირდაპირედ მდებარეობდა, „კანადას“ უწოდებდნენ, რადგან პოლონელებს ის უთვალავი სიმდიდრის ქვეყნად მიაჩნდათ. სწორედ „კანადაში“ იყრიდა თავს ჩამორთმეული და ნაძარცვი ნივთები. 1945 წლის იანვარში ფაშისტებმა ხის ბარაკები დაწვეს და „კანადაც“ თითქმის სრულად განადგურდა.
1942 წლის მარტიდან გერმანელებმა დაიწყეს აუშვიცში ქალების გაგზავნაც, მათ შორის ორსულების. ერთი წლის განმავლობაში ყველა ახალშობილს კლავდნენ, ძირითადად ფენოლის ჩხვლეტით ან წყლით სავსე ვედროში ახრჩობდნენ. 1943 წლიდან ცოცხლად ტოვებდნენ არაებრაული წარმოშობის ქალების მიერ გაჩენილ ბავშვებს. საერთო ჯამში აუშვიცში დაიბადა არანაკლებ 700 ბავშვი, მათგან 60 გადარჩა განთავისუფლებამდე.
მოზარდები ხდებოდნენ ექიმ იოზეფ მენგელეს სამედიცინო ექსპერიმენტების მსხვერპლი.
რამდენიმე ათასი ებრაელი ქალი, რომლებიც გადარჩევისას შრომისუუნაროდ მიიჩნიეს – ასაკოვანი და ფეხმძიმე, ინვალიდები, დაავადებულები, დედები მცირეწლოვანი ბავშვებით – ჩასვლისთანავე გაზის კამერებში დახოცეს.
მე-11 ბლოკის ეზოშია კედელი, რომელსაც სიკვდილის კედელი უწოდეს, რადგან სწორედ აქ ხდებოდა დახვრეტა. ფანჯრები ამოქოლილი იყო, რათა პატიმრებს სიკვდილით დასჯა არ დაენახათ. კედელთან ახლოს შემორჩენილია ბოძები, სადაც ზურგს უკან ხელშეკრულ ტყვეს ისე კიდებდნენ, რომ ფეხით მიწას არ მისწვდომოდა.
სიკვდილის კედელთან 5 ათასზე მეტი ადამიანი დახვრიტეს. ის გერმანელებმა 1944 წელს დაშალეს.
ბანაკის ციხეს რამდენიმე მიზნისთვის იყენებდნენ. აქ ჰყავდათ უსაფრთხოების პოლიციის მიერ დაკავებულები. 1943 წლიდან ტარდებოდა გერმანიის საგანგებო სასამართლოს სხდომები. იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობასთან ან ადგილობრივ მოსახლეობასთან დაკავშირებულ ეჭვმიტანილებს ამწყვევდნენ. აქ იყვნენ სამოქალაქო პირებიც, რომლებიც ტყვეებს ეხმარებოდნენ. ციხის კამერებში ასევე ჰყავდათ შიმშილით სიკვდილისთვის განწირულები.
ბანაკის კომენდანტის ეკზეკუციის ადგილზეა სახრჩობელა. მისგან მარცხნივაა პირველი გაზის კამერა და კრემატორიუმი. მოპირდაპირედ კი მდებარეობდა SS-ის საავადმყოფო, მომდევნო ორი შენობა კი ეკავა ადმინისტრაციას და კომენდანტურას.
კიბეები და ფუნდამენტის ფრაგმენტები – გესტაპოს ბარაკის შემორჩენილი ნაწილია. ამ ადგილზე 1947 წელს ჩამოახრჩვეს ბანაკის პირველი კომენდანტი SS-ის ობერშტურმანფიურერი რუდოლფ ჰესი.
მიწით გარშემორტყმული დაბალი ნაგებობა ბანაკის ძირითადი შემოღობვის მიღმა იყო. მას მიკედლებული აქვს აგურის კვამლსადენი. შიგნით არის კრემატორიუმის ორი ღუმელი და სარელსო ეტლები გვამების გადასატანად.
1940 წელს ბანაკის შექმნისას ეს შენობა მორგისთვის გამოიყო. მეზობელ დარბაზში დააყენეს ღუმელები, სადაც შესაძლებელი იყო დღე-ღამეში 340 გვამის ფერფლად ქცევა.
დაახლოებით ერთი წელიწადი მორგს გაზის კამერად იყენებდნენ.
აუშვიც II – ბირკენაუ
ბანაკის მშენებლობა გერმანელებმა 1941 წლის შემოდგომაზე დაიწყეს პოლონური სოფლის ბჟეზინკას, გერმანულად ბირკენაუ, სიახლოვეს, აუშვიც I-დან 3 კილომეტრში. ეს ბანაკი საბჭოთა სამხედრო ტყვეებისთვის იყო გათვალისწინებული, თუმცა ბირკენაუ საბოლოოდ გახდა:
ებრაელების მასობრივი განადგურების ყველაზე მსხვილი ცენტრი;
ყველაზე დიდი ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკი.
გასახლებული პოლონელების სახლების აგურებით აგებული ქვის ბარაკი 700 ადამიანზე იყო გათვალისწინებული, შიგნით 60 სამიარუსიანი საწოლი იყო. 180 საწოლიდან თითოეული 4 ადამიანზე იყო გათვლილი, თუმცა 6-7 ადამიანი მაინც თავსდებოდა. ერთი საბანი რამდენიმე ადამიანზე მოდიოდა.
ხის ბარაკი 400 კაცზე იყო გათვლილი და ფანჯრები არ ჰქონდა. 18 განყოფილებაში სამიარუსიანი საწოლები იყო 15 პატიმარზე. ტუსაღებს თივაზე ეძინათ.
გათბობის სისტემა თავის დანიშნულებას ვერ ასრულებდა.
ბანაკში ხშირი იყო გადამდები ეპიდემიები.
შესასვლელ კარიბჭეში 1944 წლის მაისიდან შედიოდნენ დეპორტირებულთა ეშელონები და ის ასევე გამოიყენებოდა როგორც საგუშაგო ნაგებობა. მატარებლები ჩერდებოდნენ ბანაკის ცენტრში მდებარე რამპასთან.
სარკინიგზო პლატფორმა მდებარეობს ერთმანეთისგან გამოყოფილ ბანაკის ორ ნაწილს შორის. ერთი გზა მიუყვება გაზის კამერებსა და კრემატორიუმებს.
ამ ადგილზე ასრულებდა მატარებელი გზას. ახალჩასულთა უმრავლესობა, რომლებიც SS-ის ექიმებმა შრომისუუნაროდ მიიჩნიეს, იმავე დღეს დახოცეს რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარე გაზის კამერებში. აქედან გადიოდა ათასობით დატყვევებულთა ეშელონები სხვა ბანაკებში.
ვაგონი, რომელიც რამპასთან დადგეს (2009 წ), აჩვენებს რა პირობებში მიჰყავდათ იქ ადამიანები. ამავდროულად ის აუშვიცის კატასტროფის სიმბოლოა.
რკინიგზა დეპორტაციის ძირითადი სატრანსპორტო საშუალება იყო. თავიდან მატარებლები აუშვიც I-თან ჩერდებოდნენ. 1944 წლიდან პირდაპირ ბირკენაუს გაზის კამერებამდე გაკეთებულმა ახალმა სარკინგზო მისასვლელმა საშუალება მისცა დაეჩქარებინათ და გაემარტივებინათ მასობრივი განადგურების პროცესი – მანამდე სიკვდილისთვის განწირულები ან სატვირთოებით მიჰყავდათ ან ფეხით მიუყვებოდნენ უკანასკნელ გზას.
რამპის ბოლოში გაზის კამერებისა და კრემატორიუმების ნანგრევებია, რომლებიც ტყის სიახლოვეს მდებარეობდა. ჩანს ორი გუბურა, სადაც ყრიდნენ დანაცრილ ადამიანებს.
აუშვიცში ებრაელების მასობრივი განადგურება 1942 წლის პირველ ნახევარში დაიწყეს. ამ მიზნით გასახლებული პოლონელი ოჯახების სახლებში ორი დროებითი გაზის კამერა აამოქმედეს. თავიდან გვამებს ძმათა საფლავში მარხავდნენ, შემდეგ კი დაწვა დაიწყეს.
ოთხი დიდი გაზის კამერა გასახდელებითა და კრემატორიუმებით 1943 წლის გაზაფხულზე შევიდა ექსპლუატაციაში, რომლებიც მიწის ქვეშ მდებარეობდა. „ციკლონ ბ“-ს გასაშვებად ხვრელი ზედა გადახურვაში კეთდებოდა. თითოეული გაზის კამერის ფართობი 210 კვადრატულ მეტრს შეადგენდა.
1942-44 წლებში გერმანელებმა ბირკენაუს გაზის კამერებში მილიონობით ებრაელი გააანადგურეს.
1943 წელს შედგენილი SS-ის ბიუროს მოხსენების მიხედვით, აუშვიცის 5 კრემატორიუმის სადღეღამისო გამტარუნარიანობა 4756 გვამზე იყო გათვლილი.
SS-ელებმა ისინი 1945 წელს ააფეთქეს.
სარკინიგზო პლატფორმის ბოლოში, მთავარი კარიდან 800 მეტრში, გაზის კამერების ნანგრევებში მდებარეობს აუშვიცის მსხვერპლთა ძეგლი.
მონუმენტი 1967 წელს ააგეს და რეალურად და სიმბოლურად ასრულებს გზას, რომელმაც ადამიანები გაზის კამერებთან მიიყვანა.
ვახტანგ დარასელია
გამოყენებულია ავტორისა და ბესო ჩიხლაძის ფოტოები
ოსვენციმი-თბილისი