LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან კარგი, საზაფხულო, მხიარული და რიტმული სიმღერა გამოვიდა…“ – დათო გომართელი პრემიერით „არ დაიდარდოში“

76
დათო-გომართელი

21 აპრილს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ მომღერალი დათო გომართელი სტუმრობდა, რომელმაც თავის კარიერაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გადაცემაში სიმღერის „ვიცი, გული აგიჩქარე“ პრემიერა შედგა.

დათო, უკვე წლებია, რაც იტალიაში მოღვაწეობთ, როგორ შეეჩვიეთ იქ ყოფნას და რა სიხშირით ახერხებთ ხოლმე საქართველოში ჩამოსვლას?

როგორც შვებულება მაძლევს უფლებას, ხშირად არ მიწევს ხოლმე ჩამოსვლა. უფრო სადღესასწაულო დღეებში ვახერხებ ჩამოსვლას, რომ ჩემი ოჯახის წევრები, დედაჩემი, ქალიშვილი ვნახო. უკვე 4 წელია იტალიაში ვარ. იტალიაში კარგია, როდესაც დასასვენებლად მიდიხარ, როდესაც ცხოვრობ და მუშაობ, ცოტა ძნელია.

იტალიაში თუ იმართება ხოლმე ქართული საღამოები?

კოვიდის პერიოდში აბსოლუტურად ჩაკეტილი, გაჩერებული იყო ყველაფერი და ძალიან მძიმე იყო. დღესდღეობით უკვე თითქმის იმ დონემდეა აღდგენილი, რაც კოვიდამდე იყო. იმართება პატარ-პატარა ღონისძიებები გამოფენების, კონცერტების და ა.შ. სახით. უფრო მცირერიცხოვანი ღონისძიებები ტარდება, რადგან დიდ ღონისძიებებს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება.

როგორია ახალი სიმღერის, „ვიცი, გული აგიჩქარე“ ისტორია?

ეს სიმღერა, რომელიც  დათო არჩვაძემ დაწერა, მე „იუთუბ“ არხზე ვნახე. სიმღერა ძირითადად საახალწლო იყო და მომივიდა აზრი, რომ ჩემებურად შემესრულებინა. დათოს მივმართე, რა თქმა უნდა და ძალიან გაუხარდა. სიმღერის ჩემებურად გაკეთებისთვის კი დათო ფორჩხიძეს მივმართე და ისიც დამთანხმდა, რისიც ძალიან მადლობელი ვარ. ჩემი აზრით, ძალიან კარგი, საზაფხულო, მხიარული და რიტმული სიმღერა გამოვიდა. ძველი ტექსტის ავტორი ნანა ცინცაძე იყო და რა თქმა უნდა, ტექსტიდან რაღაც ნაწილი დავტოვეთ, ნაწილი კი მე და დათომ დავამატეთ.

სხვა რა სიახლეებია თქვენს შემოქმედებაში?

თანამშრომლობა მქონდა ერთ-ერთ იტალიელ დიჯეისთან, მაგრამ ეს უცხოენოვანი სიმღერა გახლავთ. გადავწყვიტე, გამეკეთებინა რიმეიქი გლორია გეინორის ცნობილი სიმღერის, რომელიც ახალგაზრდობაში ძალიან მიყვარდა.

რეპერტუარს თავად არჩევთ თუ ითვალისწინებთ ვინმეს აზრს?

რა თქმა უნდა, უმეტესწილად მე თვითონ ვიღებ გადაწყვეტილებას და თავად ვარჩევ კომპოზიციას, მაგრამ რაღაც შემოთავაზებებიც არის ხოლმე. ახლა ქეთი გაბისიანთან ერთად ვიწყებ მუშაობას 2 პროექტზე, ერთი ლირიკული დუეტი გახლავთ და ჩაწერილი იქნება ნათია პერანიძესთან ერთად, მეორე სიმღერაა სამბა. ვმუშაობ კიდევ ერთ სიმღერაზე, რომელიც მაია კაჭკაჭიშვილმა დაწერა. ჯერჯერობით ეს სამი ახალი პროექტი მზადდება.

კიდევ როდის ჩამოხვალთ საქართველოში?

აგვისტოში უკვე მიმთავრდება ჩემი დიპლომატიური მისია და იმედია, რომ ზაფხულის თვეებში უკვე აქ ვიქნები.

დაგეგმილი თუ გაქვთ გარკვეული ღონისძიებები?

აგვისტოში და სექტემბერში უკვე ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი.

 

დათო გომართელი – ვიცი გული აგიჩქარე

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

დათო გომართელი. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები