LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედასთვის ყოველთვის ოჯახი იყო პრიორიტეტული, არცერთი მშობელთა კრება, არცერთი ექსკურსია არ გაუცდენია” – ირმა სოხაძე და ნატა ასათიანი „არტ-FM“-ში

48
ირმა-სოხაძე-&-ნატა-ასათიანი

2 მაისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს მომღერალი ირმა სოხაძე სტუმრობდა უმცროს ქალიშვილთან – ნატა ასათიანთან ერთად, რომელთაც დედა-შვილურ ურთიერთობაზე, პირად და საქმიან ცხოვრებაზე ისაუბრეს.

– ნატა, ალბათ ხშირად იღებთ ქათინაურებს, რადგან მართლაც საოცარ ოჯახში გაიზარდეთ,

– ძალიან გამიმართლა, რადგან არაჩვეულებრივ ოჯახში დავიბადე, გავიზარდე და მართლაც ბრწყინვალე მშობლები მყავს. ყოველთვის უხერხულად ვგრძნობ თავს, როცა მაქებენ, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობ ვიყო გულწრფელი როგორც საქმეში, ისე ადამიანებთან ურთიერთობაში, ამიტომ ძალიან ძვირფასია ყველა კეთილი სიტყვა, რომელსაც ნაცნობებთან ერთად უცნობებისგანაც ხშირად ვღებულობ.

– როგორ ფიქრობთ, სწორედ გულწრფელობა ხომ არაა თქვენი წარმატების საიდუმლო?

– ძალიან პირობითი მცნებაა წარმატება. ნამდვილად არ ვთვლი საკუთარ თავს წარმატებულად, რადგან ბევრმა ჩემზე მეტი შეძლო, მეტს მიაღწია და დღეს სიამაყით ვიხსენებთ მათ სახელებს. მე მხოლოდ იმ საქმეს ვაკეთებ, რისთვისაც მოწოდებული ვარ, 10 წელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვკითხულობ ლექციებს და ძალიან მომწონს ჩემი საქმე, მით უფრო, რომ ასოცირებული პროფესორი ვარ და ძალიან ძვირფასია ჩემთვის ეს სტატუსი. მომწონს სტუდენტებთან ურთიერთობა, საკუთარი ცოდნის, გამოცდილების გაზიარება და მათგანაც უამრავი საინტერესოს მოსმენა. ასე რომ, თუ პროფესიულ სფეროზეა საუბარი, მაშინ ძალიან მიხარია, რომ საკუთარი თავი ვიპოვე და წარმატებას მივაღწიე.

– ქალბატონო ირმა, როგორი იყო ნატა ბავშვობაში?

– მართლაც არაჩვეულებრივი, სალომეც ძალიან ჭკვიანი და გონიერი ბავშვი იყო, 5 წლიდან დაიწყო კითხვა და წიგნს აღარ უშვებდა ხელიდან, თუმცა ყოველთვის თავისებური ხასიათი, საკუთარი აზრი ჰქონდა და შეუძლებელი იყო მისი გადარწმუნება, ნატა კი, უფრო რბილი, საოცარი დიპლომატი იყო, რომელსაც ნებისმიერი საკამათო საკითხის, კონფლიქტის მოგვარება შეეძლო, ამიტომ დღესაც ბრწყინვალედ გამოსდის ადამიანებთან ურთიერთობა. ვფიქრობ, მთავარი ადამიანობაა, ოჯახის და მშობლების მისია კი – ბავშვის კარგ ადამიანად აღზრდაა, რომელიც საკუთარ თავში გააერთიანებს ყველა დადებით თვისებას.

– რამდენად მოგწონთ ნატას პროექტები?

– მომწონს, რადგან სალომეს მსგავსად ნატაც ყველაფერს სიღრმისეულად აკეთებს და დეტალურად სწავლობს ნებისმიერ თემას, რომელზეც მუშაობს. ორი არაჩვეულებრივი წიგნი გამოსცა, ერთხელ იხუმრა კიდეც, „წიგნი – ჩემი მესამე შვილიო“, რითაც უმცროსი შვილი – სანდრო გააბრაზა, რადგან ძალიან იეჭვიანა.

(ნატა ასათიანი) ძალიან ემოციური აღმოჩნდა პირველი წიგნის გამოსვლა, რამდენიმე პრეზენტაცია მოვაწყვე სხვადასხვა აუდიტორიასთან. როცა სახლში ვამბობდი, რომ მორიგი პრეზენტაცია მქონდა, სანდრო მეხვეწებოდა, აღარ მეთქვა, თითქოს წიგნიც ჩემი შვილი იყო.

– ნატა, როგორია დედა სცენაზე და როგორია სახლში?

– სცენაზეც და სახლშიც ზუსტად ერთნაირია. საკუთარ თავს თუ შევადარებ დედას, სამწუხაროდ მე ნაკლებად ვიცლი შვილებისთვის, დედა კი, მიუხედავად პოპულარობისა, უამრავი კონცერტისა და გასტროლისა, მაინც ყოველთვის იცლიდა ჩვენთვის. ნამდვილად არასდროს გვქონია დანაკლისის გრძნობა.

– ქალბატონო ირმა, როგორ ახერხებდით პირადი და სასცენო ცხოვრების შეთავსებას?

– პირველ რიგში, დიდი მადლობა ამგვარი კომპლიმენტისთვის, მიხარია, თუ მართლა კარგი დედა ვარ და არასდროს ჰქონდათ შვილებს დანაკლისის გრძნობა. არ ვიცი როგორ ვახერხებდი, ალბათ არცერთი პროექტი არაა ოჯახზე მნიშვნელოვანი, რადგან ჩემთვის სწორედ ოჯახია მთავარი.

(ნატა ასათიანი) დედასთვის ყოველთვის ოჯახი იყო პრიორიტეტული, არცერთი მშობელთა კრება, არცერთი ექსკურსია არ გაუცდენია, ჩვეულებრივი ბავშვივით ვიზრდებოდი და მხოლოდ მოგვიანებით, როცა მუშაობა დავიწყე, სხვა ადამიანების დამოკიდებულებით, გაბრწყინებული სახეების და უამრავი კომპლიმენტის წყალობით გავაცნობიერე რას ნიშნავს იყო ირმა სოხაძის შვილი.

– ქალბატონო ირმა, არაჩვეულებრივი კონცერტი მოაწყვეთ რამდენიმე დღის წინ მეგობრებთან ერთად, რომელიც მამუკა ონაშვილს და ზურა დოინჯაშვილის ხსოვნას მიეძღვნა,

– მართლაც კარგი საღამო გამოვიდა, რომელსაც „მონატრება“ დავარქვით და 2 საათზე მეტს გაგრძელდა სავსე დარბაზის ფონზე, უამრავი სტუმარი გვეწვია, თუმცა ზოგი მაინც გაგვინაწყენდა, რადგან მიწვევა ვერ შევძელით. პირობას ვდებ, რომ მსგავსი კონცერტები პერიოდულად მოეწყობა და ყველას ექნება მონაწილეობის საშუალება. ყოველთვის ვშიშობ, პუბლიკა არ დაიღალოს და დარბაზი არ დატოვოს, რადგან კონცერტიდან გასულ მსმენელზე საშინელი არაფერია, თუმცა ჩვენმა საღამომ ერთი ამოსუნთქვით ჩაიარა, მონატრებული მეგობრები გავიხსენეთ და ისეთი გრძნობა დაგვეუფლა, თითქოს მამუკაც და ზურაც ჩვენს გვერდით იყვნენ.

– ნატა, რამდენად რთულია წიგნზე მუშაობა?

– წიგნის დაწერა რომ გადავწყვიტე, პირველ რიგში მშობლებს გავუმხილე. ყველაზე მეტად მამას გაუკვირდა, ორ კვირაში ერთხელ მირეკავდა და მეკითხებოდა, მართლა წიგნს ვწერდი თუ არა. სხვათა შორის, თავიდან მხოლოდ ლექციების კრებულის გამოშვებას ვგეგმავდი, თუმცა გამომცემლების რჩევით, რომელთაც ძალიან მოეწონათ ჩემი ნაშრომი, საბოლოოდ ნამდვილი წიგნის დაწერა გადავწყვიტე. მიხარია, რომ ჩემი საავტორო წიგნი გამომცემლობამ „ლურჯმა ოკეანემ“ გამოუშვა, რომელიც ქართულად თარგმნილ ინგლისურენოვან ბიზნეს-ლიტერატურას გამოსცემს. წიგნი საჯაროდ საუბრის ხელოვნებას ეძღვნება, რომელსაც კოლეგების შეფასებით ძალიან კარგად ვფლობ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე წიგნის დაწერა, მით უფრო, რომ დარწმუნებული ვარ, სურვილის შემთხვევაში ნებისმიერს შეუძლია გახდეს კარგი ორატორი.

– სად გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?

– ალბათ აუდიტორიაში, როცა ლექციას ვკითხულობ სტუდენტებისთვის. ბევრ სფეროში მოვსინჯე შესაძლებლობები სახელმწიფო უწყებების და კერძო ორგანიზაციების ჩათვლით, თუმცა სწორედ ლექტორობა აღმოჩნდა ჩემი მოწოდება. მართალია, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა იყო ლექტორი, რადგან ახალგაზრდებს ვერც მოუმზადებელი შეხვდები, ვერც ცუდ განწყობაზე, მაგრამ სწორედ მათთან ურთიერთობაა ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნება.

– ქალბატონო ირმა, როგორ მოგწონთ ტელევიზიაში მუშაობა?

– ტელევიზიაში 1980 წელს დავიწყე მუშაობა კონსერვატორიის დასრულების შემდეგ. საოცრად საინტერესო სამყაროში აღმოვჩნდი, სწრაფად მოვირგე წამყვანის ამპლუა და ისე მომეწონა, რომ უარი ვეღარ ვთქვი. მუდმივად განსხვავებული ჟანრის გადაცემებს ვაკეთებდი, ძალიან მომწონდა ტელემარათონი, რომელიც ერთ-ერთი პირველი საქველმოქმედო პროექტი იყო ჯერ სხვადასხვა ნოზოლოგიით დაავადებული ბავშვების, მერე ომით დაზარალებულთა მხარდასაჭერად და ადამიანებიც სრულიად უანგაროდ ეხმარებოდნენ ერთმანეთს. საინტერესო პროექტი იყო „ოქტაგონი“, რომელიც მწირი ტექნიკური აღჭურვილობის ფონზე მართლაც საოცრებად იქცა. სიამოვნებით დავთანხმდი POSTV-ის შეთავაზებას ყოველდღიური გადაცემის წაყვანაზე, მით უფრო, რომ სრული თავისუფლება მაქვს და ყველაფერს საკუთარი სურვილით, გემოვნებით ვაკეთებ. ვფიქრობ, ნებისმიერი წამყვანი ინატრებდა ასეთ უნივერსალურ გადაცემაზე მუშაობას შეუზღუდავი შესაძლებლობებით.

– ნატა, სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– რამდენიმე საჯარო ლექციის ჩატარებას ვგეგმავ სხვადასხვა ორგანიზაციის მიწვევით.

– ქალბატონო ირმა, თქვენ რას გეგმავთ სამომავლოდ?

– საავტორო კონცერტის მოწყობა მინდა დათო მაზანაშვილთან და სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. რა გამოვა ჯერ არ ვიცი, თუმცა დარწმუნებული ვარ, აბსოლუტურად განსხვავებული საღამო იქნება, რადგან ძალიან არ მიყვარს გამეორება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები