22 მაისს ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ამ დღის ფარგლებში, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ფოკას წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დარგვის აქცია გაიმართა.
სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, აქციაში მონაწილეობა ადგილობრივმა მოსახლეობამ და პროფესიული სასწავლებლის „ოპიზარი“ სატყეო საქმის სტუდენტებმა მიიღეს.
როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, დავით დამენიამ აღნიშნა, აქციის ფარგლებში, მონასტრის ტერიტორიაზე 100-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო, რომელთა მოვლა-პატრონობაზეც სასულიერო პირები და მრევლი იზრუნებს.
22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2000 წელს გამოაცხადა.