LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ათენი – რჩევები ათენში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

4546
ათენი

ათენი უბრალოდ დედაქალაქი როდია. სწორედ აქ დაიბადა კლასიკური საბერძნეთი, ეს კი ნიშნავს, რომ მთლიანად დასავლური ცივილიზაცია. პირველი დასახლება აქ დაახლოებით ჩვ.წ.-აღ-მდე 3000 წელს გაჩნდა.

ათენი მოიცავს ძველ ქალაქს, ცენტრალურ რაიონებს, გარეუბნებს, ასევე პირეოსის პორტს. ცენტრშია ორი ბორცვი: აკროპოლისის ბორცვი პართენონით და ლიკაბეტის ბორცვი (ლიკავიტოსი) მწვერვალზე წმინდა გიორგის ეკლესიით.

ათენში მთელ თვესაც დაყოფთ ძველი ძეგლებისა და ნანგრევების, შესანიშნავი ნეოკლასიკური შენობებისა და მუზეუმების თვალიერებაში, თუმცა არის ადგილები, რასაც ჯობს მოერიდოთ. მაგალითად, ქალაქის ცენტრში მდებარე ომონიას კვარტალს, რომელიც მიგრანტებითაა სავსე და დღის შუქზეც კი ჯობს გვერდი აუაროთ.

ათენის რაიონები

საბერძნეთის დედაქალაქი 7 ოლქად და რამდენიმე ათეულ კვარტალად არის დაყოფილი. ზოგიერთი მათგანი საინტერესოა ტურისტული თვალსაზრისით, ზოგი საერთოდ არ არის სათვალავში ჩასაგდები, ხოლო ომონიას რომ ჯობს გაეცალოთ უკვე აღვნიშნეთ.

ქალაქის სტუმრებს შორის ყველაზე პოპულარული რაიონია აკროპოლისი. ეს ისტორიული ცენტრია და სწორედ აქ მდებარეობს ძველბერძნული არქიტექტურის ძეგლები – უშუალოდ აკროპოლისი, რომლის ტერიტორიაზეა ჰეროდე ატიკუსის თეატრი, სადაც დღემდე იმართება კონცერტები, სპექტაკლები და სხვა კულტურული ღონისძიებები.

რადგან აკროპოლისი ქალაქის ცენტრია, აქ ეკონომიური საცხოვრებლის მოძებნა არც თუ მარტივია, სასტუმროს ნომერში ერთი ღამის გათენება 60 ევროდან დაგიჯდებათ.

ათენის მეორე ცნობილი რაიონია პლაკა. აქ რამდენიმე საინტერესო მუზეუმია, მათ შორის აღსანიშნავია საბავშვო და ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმი, ასევე სამლოცველო პოეტური სახელწოდებით ქარის კოშკი (აგორასთან ერთად 3 ევრო) და მიტროპოლის ტაძარი. ტურისტების უმრავლესობა სწორედ პლაკაზე ჩერდება. აქ სხვადასხვა ფასის სასტუმროებია, თუმცა ბიუჯეტური (15-20 ევრო ღამეში) ბევრი არ არის.

სუვენირები და ძველი ნივთები შეგიძლიათ შეიძინოთ მონასტირაკის რაიონში მდებარე ბაზარში. აქვეა ძველი მეჩეთი და უწმინდესი ღვთისმშობლის ტაძარი. ამ ნაწილში რამდენიმე იაფი სასტუმროცაა, მაგრამ კარგი ოტელების ფასი 100 ევროდან იწყება.

თუ ქალაქის ზემოდან ყურება მოისურვეთ (200 მ სიმაღლიდან), კოლონაკის რაიონისკენ უნდა აიღოთ გეზი. ლიკაბეტის მთაზე ფეხითაც ახვალთ და ფუნიკულიორითაც. ამ კვარტალში ბევრი სადღეღამისო გასართობი დაწესებულებაა. თუმცა იცოდეთ, რომ ათენის ყველაზე ძვირი რაიონი სწორედ კოლონაკია.

 

ტრანსპორტი

ათენის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა მეტროს, ტრამვაისა და ავტობუსს მოიცავს. მეტრო 5:00 საათიდან შუაღამემდე მუშაობს და გადასაადგილებლად მოსახერხებელია. სულ სამი ხაზია და ძალიან საინტერესო მუზეუმ-სადგურებს მოიცავს. სიძველეები ხაზების გათხრისას აღმოაჩინეს.

ტრამვაის სამი ხაზი ათენს სამხრეთ რაიონებთან აკავშირებს და სანაპიროებზე წასასვლელად მოსახერხებელია. ღამის ავტობუსები კი უკან დასაბრუნებლად შეუცვლელია.

ბილეთები დაახლოებით ევრონახევარი ღირს და 90 წუთი მოქმედებს გადაჯდომების შეუზღუდავად. არის 24-საათიანი და 5-დღიანი სამგზავრო ბილეთები. ისინი ყველა სახის ტრანსპორტზე გამოიყენება, გამონაკლისი აეროპორტის მარშრუტია და ხაზი Express X80.

ტურისტებისთვის კი სპეციალური სამგზავრო ბილეთებიცაა. ის 22 ევრო ღირს და აეროპორტშიც მიხვალთ-მოხვალთ და ყველა სახის ტრანსპორტითაც იმგზავრებთ 3 დღის განმავლობაში.

 

შოპინგი

ათენი თანამედროვე მეგაპოლისია. ძველი ანტიკვარული ნივთები მშვენივრად ერწყმის მოდური დიზაინერების ნამუშევრებს.

ტანსაცმელ-ფეხსაცმლისთვის, ოღონდ არც თუ ძვირი მარკების, ჯობს ერმას ქუჩაზე წახვიდეთ, ყველაზე მსხვილი სავაჭრო ქუჩაა. მთელ ჩაყოლებაზე გამოფენილია Zara, Morgan, Benneton, Marks&Spenser და სხვები.

შოპინგისთვის ყველაზე მდიდრული რაიონებია კოლონაკი, კიფისია და გლიფადა. თუ აქ წახვალთ, მზად იყავით, რომ საკმაო ფულსაც დაემშვიდობებით.

არც თუ ძვირ საქონელს იპოვით სავაჭრო ცენტრ Factory Outlet-ში. თუმცა ეს ცენტრიდან საკმაოდ შორსაა (აეროპორტისკენაა), ხოლო ცენტრშია სავაჭრო ცენტრი Attica.

ეკონომიურ შოპოჰოლიკებს გიჯობთ ზაფხულის მეორე ნახევარში დაგეგმოთ ვიზიტი. ივლისის შუიდან აგვისტოს ბოლომდე ფასდაკლებები იწყება, ფასები 50-80%-ით ეცემა.

აუცილებლად შეიარეთ აფინასის ქუჩაზე. აქ შეიძენთ გემრიელ ბერძნულ სუვენირებს – ზეთისხილს, ფეტას, თაფლს, მეტაქსას.

მუზეუმები

ათენში 250-ზე მეტი მუზეუმი, გალერეა და სატაძრო კომპლექსია.

არქეოლოგიური მუზეუმი მთელი ქვეყნის მასშტაბით ნაპოვნ უნიკალურ მასალებს ინახავს.
ბიზანტიის მუზეუმი ევროპაში საუკეთესოა ხატებისა და მოზაიკების კოლექციით.
ბენაკის მუზეუმი ცნობილია ძველბერძნული და ბიზანტიური ხელოვნების მდიდარი კოლექციით, ასევე ჩინური ფაიფურისა და აღმოსავლური სამკაულების ექსპოზიციებით.
მის სიახლოვესაა სამხატვრო გალერეა, სადაც წარმოდგენილია მე-14 საუკუნიდან დღემდე ბერძენი მხატვრების ნამუშევრები.

რა თქმა უნდა, უნდა ითქვას, აკროპოლისის მუზეუმზეც, რომელიც შვეიცარიელი არქიტექტორის მიერ არის დაპროექტებული და ულტრათანამედროვე შენობაა.

გაინტერესებთ როგორი სამკაულები იყო მოდაში სხვადასხვა ეპოქაში? მაშინ შეიარეთ ილიას ლალაუნისის საიუველირო მუზეუმში (ორშაბათი დასვენებაა, ფასი 5 ევრო)

ათენს აქვს ავტომუზეუმიც, რომელიც 4 ათას კვ/მ-ზეა გაშლილი და 300-მდე ექსპონატია, მათგან 110 ექსკლუზიური.

ათენის მუზეუმების ყველა ექსპოზიციის დათვალიერებას ერთი შვებულება ვერაფრით ეყოფა, ამიტომ ჯობს წინასწარ შეარჩიოთ და დაგეგმოთ სავიზიტო ადგილები.

დიონისეს თეატრი

ბერძნული ამფითეატრები საქვეყნოდაა ცნობილი, უძველესი კი სწორედ ათენშია. დიონისეს თეატრი ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე V საუკუნეში წარმოიშვა. სწორედ აქ დგამდნენ ესქილეს, სოფოკლეს და არისტოფანეს ნაწარმოებებს, თეატრი კი 17 ათასს მაყურებელს იტევდა.
თეატრს ფანტასტიკური აკუსტიკა აქვს: ერთი კაცი ორკესტრში რომ დარჩეს და მეორე სულ ზედა რიგში ავიდეს, ყველა სიტყვას გაიგონებს. შეგიძლიათ ეს თავადაც შეამოწმოთ.
თეატრი არეპაგიტუს ქუჩაზეა. აქ მეტროთი მიხვალთ (წითელ იხაზი, სადგური „აკროპოლისი“). ბილეთის ფასი 12 ევროა. თეატრი ღიაა ყოველდღე 8:30-დამ 18:00 საათამდე.

საკვების გზამკვლევი

ათენი, ცივილიზაციის აკვანი, ისტორიის გარდა, კულინარიული სცენითაც ამაყობს, დაწყებული მაღალი კლასის რესტორნებიდან უმარტივეს ქუჩის კერძებამდე.
ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის გზაჯვარედინზე მდებარე ბერძნულ სამზარეულოზე სამივეს აქვს გავლენა.
გასაკვირი არ არის, რომ აქ სამზარეულო ეროვნული გართობაა. სწრაფი კვება უხვადაა, თუმცა აქ უყვართ, როდესაც კერძებს საათობით მიირთმევენ, ხოლო კარგი კამპანია კვლავ ნომერი პირველი ინგრედიენტია.

ცხვრის ხორცი

რვაფეხა

ბერძნული სალათი

სუვლაკი
პოპულარული ბერძნული სწრაფი კვების პროდუქტი, რომელიც შედგება მცირე ზომის ხორცისა და ზოგჯერ ბოსტნეულისგან. ისინი შამფურზე აცმული იწვება. ჩვეულებრივ, მიირთმევენ პირდაპირ შამფურიდან, ცხელ მდგომარეობაში. მოკლედ, ჩვენებურად მწვადია.

მუსაკა
ბერძნული გასტრონომიის ერთ-ერთ საგანძურად მიიჩნევა და საერთაშორისო დონეზეა აღიარებული. ის წააგავს ლაზანიას.
ბადრიჯნის, კარტოფილისა და ხორცის კერძი. აქვს ბევრი რეგიონალური ვარიაცია. მუსაკას ბერძნული ვერსია შეიმუშავა ბერძენმა მზარეულმა ნიკოლაოს ცელემენტესმა 1920-იან წლებში.

კლეფტიკო (Kleftiko)
ამ კერძს საინტერესო წარმოშობის ისტორია აქვს.
არსებობს ვერსია, რომ ოდესღაც მწყემსებმა გადაწყვიტეს მეპატრონისთვის ცხვარი მოეპარათ. დაკლულ ცხოველს გარშემო თიხა წაუსვეს და კოცონის ქვეშ ჩამარხეს, რომ ვერ მიაგნოთ. როდესაც დაბრუნდნენ, აღმოაჩინეს, რომ ხორცი უჩვეულოდ რბილი გამხდარიყო. უფრო გემრიელი, ვიდრე უბრალოდ რომ შეეწვათ.
რა თქმა უნდა, რეცეპტის დიდხანს საიდუმლოდ შენახვა ვერ მოხერხდა. ცხვრები სულ უფრო ხშირად იკარგებოდნენ და ერთხელაც მწყემსები დაიჭირეს. რა ბედი ეწიათ უცნობია, მაგრამ რეცეპტი ბერძნების საგანძური გახდა.

ტიროპიტა (Tyropita)
იგივე ბერძნული ჩიზქეიქი, ბერძნული ყველის ნამცხვარი. ჩვენებურ ხაჭაპურს წააგავს. უფრო ფენოვანი ხაჭაპურის ვარიაციაა კასეროპიტა (Kaseropita).
ასევე შიგთავსად იყენებენ ისპანახს და გამოდის Spanakotyropita.

ბერძნული იოგურტი თაფლით

ტენილი პომიდორი და წიწაკა (Gemista)
პოპულარობით სარგებლობს მთელ საბერძნეთში და მენიუში შეგხვდებათ სახელწოდებით mageirefta, რაც “მოხარშულს” ნიშნავს.

ფისტა

და რა თქმა უნდა, საბერძნეთის დატოვება როგორ შეიძლება თუ არ მიირთმევთ იქაურ და ნაღდ გიროს.

 

რა ვნახოთ ათენის სიახლოვეს

ვნახოთ ძირითადი და ყველაზე საინტერესო გასართობი და ღირსშესანიშნაობები ათენის ახლომახლო.


მცურავი მუზეუმი „ავეროფი“
სამხედრო-საზღვაო მუზეუმი პალეო ფალიროში მდებარეობს. მუზეუმის შენობა განთავსებულია 1911 წელს აგებულ ჯავშოსან კრეისერ „გეორგიოს ავეროფზე“. ეს გემი მონაწილეობას იღებდა პირველ ბალკანურ, პირველ მსოფლიო და მეორე მსოფლიო ომებში.
მუზეუმი ყოველდღე მუშაობს და სულ რაღაც 2 ევრო ღირს.

 

მარათონის ველი და ქალაქი მარათონი
ეს ადგილი ათენიდან 30 კმ-შია და ისტორიაში შესულია მარათონის დიდი ბრძოლის ადგილად. ველის სიახლოვეს მდებარეობს გუმბათის სახის საფლავი, რომელიც მშვენივრად არის შემონახული.
აქვეა მარათონის არქეოლოგიური მუზეუმი. კოლექცია მოიცავს ნეოლითის ხანიდან რომის პერიოდის ექსპონატებს.
შესვლა 3 ევრო ღირს. მუშაობს 8:00-დან 15:00 საათამდე.

პარნასის მთა
ეს თვალწარმტაცი ქედი ათენიდან 35 კმ-შია. 1 კმ სიმაღლის მთა დაფარულია წიწვოვანი ტყით. მთაზეა IV საუკუნის ფილისის ციხესიმაგრე, მის სიახლოვეს კი პანას გამოქვაბული, სადაც არქეოლოგებმა დაახლოებით 2 ათასი სანათი აღმოაჩინეს. გამოქვაბულს სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების ორი დარბაზი აქვს.
მთის მწვერვალზე სასტუმროა.

დაფნის მონასტერი
ეს უძველესი მონასტერი ათენის გარეუბანშია. ის ბიზანტიის იმპერიის არქიტექტურული ხელოვნების ერთ-ერთ უდიდეს შედევრად მიიჩნევა. დღეისათვის მუზეუმია განთავსებული. აქ ნახავთ შესანიშნავ მოზაიკებს, ბიზანტიური ქანდაკებების ფრაგმენტებს, ქრისტიანულ თემაზე შექმნილ ულამაზეს ფრესკებს.
მონასტერი ღიაა სამშაბათსა და პარასკევს (9:00-14:00). ფასი: 3 ევრო.

ზოოლოგიური პარკი „ატიკა“
ზოოპარკი ათენის შორიახლოს მდებარეობს და 20 ჰექტარს იკავებს. ის მსოფლიოს ყველაზე მონახულებდი ზოოპარკების სიაში შედის და მთელი წელი მუშაობს. აურაცხელი რაოდენობის ნადირ-ფრინველთა გარდა აქ არის კაფეები, მაღაზიები და საბავშვო მოედანი.
ზოოპარკი დასვენების დღის გარეშე მუშაობს – 9:00-18:00 – და შესვლა 15 ევრო ღირს.

პირეოსის პორტი
ეს ქალაქი-პორტი ათენის ცენტრიდან სულ რაღაც 9 კმ-შია. აქ ყოველთვის ბევრი ხალხია და ქუჩებში სიცოცხლე ჩქეფს. პორტი მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია, რადგან სწორედ აქედან მიემართებიან პოპულარული კრუიზები საბერძნეთის კუნძულებისკენ. თებერვალში კი კინოფესტივალი Ecocinema იმართება, ხოლო ზაფხულში ახალგაზრდული ფესტივალი „როკ ტალღა“. მაგრამ ტურისტებს ყველაზე მეტად იზიდავთ კოსტიუმირებული დღესასწაული „სამი მეფის გზა“.
გარდა ამისა, პირეოსი ცნობილია თავისი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობებით. ლამაზია ქალაქის ძველი კარიბჭე და პელოპონესის ომის დროს აღმართული გამაგრებები.

კუნძული ჰიდრა
ეს კუნძული ათენიდან შორს არ არის და საუკეთესოდ მიიჩნევა სარონიკოსის ყურის კუნძულებს შორის. ის ტურისტებს იზიდავს არ მარტო ლამაზი პეიზაჟებით, სუფთა პლაჟებითა და ღამის ცხოვრებით, არამედ მრავალფეროვანი ღირსშესანიშნაობებით, რომელთაც მიეკუთვნება ხელოვნების დარბაზი, სადაც ხშირად იმართება ცნობილი მხატვრების გამოფენები. უნდა ეწვიოთ საუკუნის წინ გახსნილ კუნძულის ისტორიის მუზეუმს. აქ ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, სადაც წარმოდგენილია უძველესი წიგნები. შესანიშნავი ხედი იშლება ილია წინასწარმეტყველის მონასტრიდან.
კუნძულამდე მისვლა პირეოსის პორტიდან არის შესაძლებელი.

 

ათენის სანაპიროები

ათენი საზღვაო დასვენებისთვის მშვენიერი ადგილია. აქ ყველანაირი გემოვნების ადამიანისთვის მოიძებნება საპლაჟო კურორტები. ტურისტებს იზიდავს სუფთა და თბილი წყალი და გარშემო ლამაზი პეიზაჟები. თან ძალიან კარგი მომსახურებაა.

სეზონი მაისის ბოლოს იხსნება, მაგრამ საცურაოდ წყალი კომფორტული ივნისის შუიდან უფროა. ზაფხულში საკმაოდ ცხელა, მაგრამ ჰაერის ტენიანობა დაბალია და ამიტომ სიცხე დიდად შემაწუხებელი არ არის. საზღვაოდ წასვლა უმჯობესია ივნისის შუაწელს და სექტემბერში.

 

ყველაზე პოპულარული და საუკეთესო სანაპიროები

 

ლაგონისი (Grand beach Lagonissi)
ეს ძალიან პოპულარული პლაჟია. ის ნახევარკუნძულ ლაგონისის ულამაზეს ყურეში მდებარეობს (40 კმ ათენიდან). ყოველ მზისგან დამცავ ქოლგაზე მენიუა განთავსებული და შეკვეთა იქვეა შესაძლებელი. აქ საწყლოსნო სპორტის სახეობებისთვის სპორტული კომპლექსიცაა.
პლაჟი მუშაობს 8:00-დან 21:00 სთ-მდე. საჭიროა შესვლის საფასურის გადახდა. უფროსებისთვის – 8 ევრო, 12 წლამდე უფასოა. დასვენების დღეებსა და დღესასწაულებზე: უფროსები – 17 ევრო, 6 წლამდე – უფასო, 6-დან 12 წლამდე – 7 ევრო.


ვულიაგმენისი (Attiki Akti Vuliagmenis)
ამ პლაჟს დიდი ფართობი აქვს. ზღვა აქ ღრმა და სუფთაა. ძირითადად ახალგაზრდობა დადის. სხვა ათასგვარ სერვისთან ერთად, აღსანიშნავია, რომ პლაჟი ადაპტირებულია შშმ პირებისთვის სპეციალური მოწყობილობებით.
მუშაობს ყოველდღე 8:00-დან 20:00 სთ-მდე.

 

ვოულა (Α Beach Voula)
ეს საზოგადოებრივი პლაჟი ათენიდან 17 კმ-შია და მუდმივად სავსეა ტურისტებით. ის ახალგაზრდებისთვის და ოჯახებისთვისაც საყვარელი ადგილია. ზღვა აქ არც ისე სუფთაა, მაგრამ კომპენსირებას ახდენს გარშემო პეიზაჟებით. კვირაობით ცეცხლოვან საღამოებს აწყობენ. ბუნებრივია, შექმნილია კომფორტისთვის აუცილებელი მომსახურება.
პლაჟი მუშაობს 7:00-დან 21:00 სთ-მდე. შესვლა 4 ევრო უფროსებისთვის (დასვენების დღეებში 5 ევრო). 5 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა. შეზლონგი და ქოლგა ფასიანია – 2 ევრო.

 

ასევე აღსანიშნავია:

კალამაკი (Kalamaki Beach)
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანაპიროა ათენის სიახლოვეს, სადაც მისვლა ქალაქის ცენტრიდან ძალიან მარტივია.

გლიფადა (Glyfada Beach)
ათენის უმსხვილესი და განვითარებული სამხრეთ გარეუბანია. ამბობენ, რომ აქ ძალიან სასიამოვნო წყალია. ასევე გამოირჩევა კაფე-რესტორნებით, სადაც ათენში საუკეთესო კერძებს დააგემოვნებთ.

ვარკიზა (Varkiza Beach)

ათენიდან ბოლო საგარეუბნო სანაპიროა, ქალაქის ცენტრიდან 15 მილია.

 

როგორ მივიდეთ სანაპიროებამდე?

ყველა პლაჟი ათენიდან არც თუ შორსაა და ერთ სანაპირო ზოლში მდებარეობს. ადგილამდე მისვლა რთული არ არის.
პლაჟებამდე მიდის ტრამვაი, რომელიც სინტაგმას მოედნიდან (კონსტიტუციის მოედანი) გადის. პირველი მარშრუტით (ტრამვაის ხაზი Т1) მიხვალთ ნეო-ფალიროს გარეუბნის მხრიდან მდებარე პლაჟებამდე, ხოლო Т2 ხაზით მიხვალთ პლაჟებამდე, რომელიც ვულუს მხრიდან მდებარეობს.

 

რა უნდა გააკეთო ათენში?

ნახო აკროპოლისი
გაისეირნო პლაკაზე
სუნიონის კონცხზე დატკბე მზის ჩასვლით
ახვიდე ლიკავიტოსზე
აძვრე არეოპაგის (არესის) ბორცვზე და იქიდან გადმოხედო ათენს
პარლამენტთან შეესწრო საპატიო ყარაულის ცვლას
შეხვიდე მუზეუმებში
შეიგრძნო აღმოსავლური ბაზრის კოლორიტი
შეიარო პირეოსის პორტში
გაისეირნო კუნძულებისკენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g