LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მივხვდი, რომ ძალიან პატრიოტი ვარ, არ შემიძლია არსად ცხოვრება, აქ თავს ყველაზე ბედნიერად ვგრძნობ“ – თაკო გაჩეჩილაძე

12
თაკო-გაჩეჩილაძე

2 ივნისს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე სტუმრობდა, რომელმაც ახალი მუსიკალური ალბომი დააანონსა. გადაცემაში თამარ გვერდწითელის სიმღერის „მრავალჟამიერ“ ახალი ვერსიის პრემიერა შედგა

თაკო, რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში?

ის სიახლეა, რომ მალე გამოვუშვებ ალბომს, რომელიც ინგლისურენოვანი იქნება და ის ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე განთავსდება. ამასთანავე, რა თქმა უნდა,  ქართულ პუბლიკაზეც ვმუშაობ. ნელ-ნელა დავუბრუნდი ჩემს საქმიანობას და კარიერას, რაც ძალიან მიხარია. ძალიან მალე ახალ-ახალ სიმღერებს მოგაწვდით.

საზაფხულო კონცერტები თუ გაქვს დაგეგმილი?

ჩემი შვილებიდან გამომდინარე ჯერჯერობით არ მაქვს, რადგან პრიორიტეტული მათი დასვენებაა. მათგან გამომდინარე დავალაგებ ჩემსასაც.

რა პერიოდით ჩამოდიხარ ხოლმე საქართველოში?

მივხვდი, რომ ძალიან პატრიოტი ვარ, რადგან ვერ შევძელი და არ შემიძლია არსად ცხოვრება საქართველოს გარდა. სულ იმაზე გვაქვს კამათი მე და ჩემს ქმარს, რომ რაც შეიძლება დიდხანს მინდა ვიყო საქართველოში. აქ თავს ყველაზე ბედნიერად ვგრძნობ. სანამ აქ ვცხოვრობდი, ვამბობდი, ოღონდ აქედან წამიყვანეთ და ოღონდ აქედან წავიდე-მეთქი და რომ წავედი, იმის მერე, უკან დამაბრუნეთ-მეთქი, ვამბობ. უფრო მეტად დავაფასე.

ვისაუბროთ სიმღერაზე „მრავალჟამიერ“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

მრავალჟამიერ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერაა, რომელიც ქალბატონ თამარ გვერდწითელს ეკუთვნის და ძალიან დიდი მადლობა მას ასეთი ულამაზესი მელოდიის შექმნისთვის. სხვათა შორის, თავის დროზე, ეს სიმღერა მამაჩემმა, გივი გაჩეჩილაძემ გააორკესტრა, მან შექმნა ეს არანჟირება, ეს ამდენი კაპელა და ყველაფერი. ყოველთვის იმდენად მომწონდა ეს სიმღერა, მახსოვს, ერთხელ ჩემს საყვარელ მეგობარს და უნიჭიერეს მომღერალს, ანრის ვუთხარი, რომ მინდა გავაკეთო-მეთქი. ანრიმ მითხრა, მოდი ჩემთან სტუდიაში და ჩავწეროთო. ეს ვერსია ანრი ჯოხაძეს ეკუთვნის, მის სტუდიაშია ჩაწერილი, მისია არანჟირება. მგონი, რომ ძალიან კარგი გამოგვივიდა და მოგეწონებათ.

 

თაკო გაჩეჩილაძე – მრავალჟამიერ

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები