ასაკის მატებასთან ერთად, ძუძუს ქსოვილში, სულ უფრო მეტი უჯრედი იყოფა და ყოველ ჯერზე იზრდება არანორმალური უჯრედების წარმოქმნის რისკი. საბედნიეროდ ორგანიზმს შესწევს უნარი, თავად გაანადგუროს სახეცვლილი უჯრედები, მაგრამ ისეც ხდება, რომ ეს უჯრედები ცოცხალი რჩება და დაყოფასა და გამრავლებას განაგრძობს, რასაც საბოლოოდ სიმსივნური წარმონაქმნის ჩამოყალიბებამდე მივყავართ. ესტროგენი ჰორმონია, რომელიც ხელს უწყობს სარძევე უჯრედების ზრდას. როდესაც ორგანიზმში მისი რაოდენობა მცირეა (სქესობრივ მომწიფებამდე, ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში), უჯრედების გამრავლებაც შენელებული ტემპით მიმდინარეობს. ჰორმონული ბალანსის დარღვევის შედეგად ყალიბდება მასტოპათია, რომელსაც მრავალი სპეციალისტი ძუძუს კიბოს წინამორბედად მოიაზრებს. მასტოპათია უმეტესად 30-40 წლის ასაკში იჩენს თავს. მასზე მიუთითებს სარძევე ჯირკვლის ტკივილი ციკლის ნებისმიერ პერიოდში, გამონაჟონი დვრილიდან.
მეორე პათოლოგია, რომელიც ასევე შეიძლება კიბოსწინარე მდგომარეობად ჩაითვალოს – ფიბროადენომაა. ამ დროს ძუძუს ქსოვილში წარმოიშობა გამკვრივებული, გლუვზედაპირიანი უბნები, რომლებიც ქსოვილის სიღრმეში მოძრაობს. მასტოპათიის შემდგომ კი, ძუძუს კიბოს ჩამოყალიბების რისკფაქტორებია: ხშირი სტრესი, რომელსაც თან ახლავს ჰარმონიული ბალანსის რღვევა, მაიონიზებელი რადიაცია, ალკოჰოლის ხშირი მიღება, თამბაქოს მოწევა, სარძევე ჯირკვლის ტრავმა, ხშირი აბორტი, ნაადრევი მენსტრუაცია და გვიანი მენოპაუზა, ხანმოკლე ლაქტაცია ან მისი არარსებობა, სასქესო ორგანოების ქრონიკული ანთებითი დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ენდოკრინული დაავადებები, იოდის ნაკლებობა, სიმსუქნე, მცირე ფიზიკური აქტიურობა, მემკვიდრეობითი მიდრეკილება.
ძუძუს კიბოს სკრინინგი მამოგრაფიულ გამოკვლევას გულისხმობს. არსებითად ეს რენტგენოლოგიური გამოკვლევაა, რომლის დროსაც ძუძუს ქსოვილი მინიმალურ, ჯანმრთელობისთვის სრულიად უვნებელ დასხივებას იღებს. ძუძუს კიბოს სკრინინგის საშუალებით შესაძლებელია ავთვისებიანი სიმსივნის გამოვლენა საწყის სტადიაში, როდესაც მისი თვალით შემჩნევა და ხელით შეგრძნება შეუძლებელია. გახსოვდეთ: ძუძუს კიბოს საწყის სტადიაში განკურნება შესაძლებელია. საერთაშორისო გამოცდილების თანახმად, პირველ სტადიაში მისი აღმოჩენისას, ასიდან 98 პაციენტი იკურნება.