LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ფორჩხიძე: ვაკეთებთ იმას, რასაც მეგონა, რომ არასდროს გავაკეთებდი… არცერთი სიმღერისგან არ ველოდი ასეთ შედეგს

62
ნიკოს-შოუ

9 ივნისს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ნიკო ნანიტაშვილი, დათო ფორჩხიძე, მანუ მურღულია და ნანუკა ფორჩხიძე სტუმრობდნენ, რომლებმაც პროექტზე „ნიკოს შოუ“, თავიანთ თანამშრომლობაზე, მუსიკალურ რეპერტუარზე და გეგმებზე ისაუბრეს. გადაცემაში სიმღერების „ვისკი კოლა და ტეკილა“, „ სიყვარული ამიკრძალე“ და „არის ასეთი ქვეყანა“ პრემიერა შედგა.

როგორ შეიქმნა ეს პროექტი „ნიკოს შოუ“ და ვის ეკუთვნის იდეა?

ნიკო: ნიკოს შოუს იდეა უფროსობას ეკუთვნის. ეს გადაცემა და ჩვენი ეს პროექტი ცოტა სხვა სახით სხვა არხზე არსებობდა, მაგრამ იმ არხზე რაღაც ისე ვერ წავიდა, როგორც უნდა წასულიყო და შემდეგ პატარა პაუზა იყო. ეს პაუზა პროდიუსინგში და უფროსობაში იმისთვის გამოიყენეს, რომ რაღაც ახალი ეტაპი დაწყებულიყო ნიკოსთვის, ჩემთვის და ამისთვის ყოველთვის მადლობას ვამბობ, რადგან თითქოს, რაღაც ჩავარდნის მერე, ხელის ჩაქნევის მომენტი იყო და მერე გამოჩნდა ახალი შემოთავაზება, ახალი გუნდი, უნიჭიერესი ხალხი, უნიჭიერესი სცენარისტები. დათო რომ მყავს გვერდით, ძალიან მიხარია და დიდ ძალას ვგრძნობ.

დათო: მეც ძალიან მიხარია. მე და ნიკო თავიდანვე ერთად ვართ. პირველიც ძალიან მაგრები ვიყავით, მაგრამ რაღაცნაირად ისე არ წავიდა. აქ უკვე ისეთი მომენტია, რომ ასეთ მოკლე ხანში, უკვე ასეთი სწრაფი შედეგები გვაქვს. სხვა წარმატებული შოუები წლობით აგროვებდნენ ამ რეიტინგს. ასეთ მოკლე ხანში ასეთი შედეგები თითქმის მიუღწეველია და ეს ნიშნავს იმას, რომ მაგარი გუნდი შეიკრიბა.

ნიკო: რაც მთავარია, ზვიად ბლიაძემ მართლა იცის ეს საქმე, ზუსტად იცის რას აკეთებს და რა სჭირდება მაყურებელს, მსმენელს და შოუს. ძალიან ბევრი გემოვნება და კატეგორიაა და ყველა გამონახავს კარგს და ცუდს, რაც ყოველთვის გათვალისწინებულია. მე, დათო და ნანუკა წინა ღამის შოუდან მოვდივართ ერთად, მაგრამ აქ ძალიან გაძლიერდა გუნდი, რადგან ორი ძალიან ნიჭიერი ადამიანით, თავისი საქმის პროფესიონალები, მანუ და ამიკო შემოგვიერთდნენ. ყველამ იცის, რა შეუძლია ამიკოს სატელევიზიო სივრცეში, მუსიკალურად, ქორეოგრაფიულად და ა.შ. , ძალიან ნიჭიერია. მანუ არ ვიცოდი ამ მიმართულებით, 34 ყური აქვს 2-ის ნაცვლად, ძალიან მონდომებული და არტისტულია და საბოლოო ჯამში, დებს იმ შედეგს, რაც დათომ თქვა.

ვისაუბროთ სიმღერაზე „ვისკი კოლა და ტეკილა“.

მანუ: სხვათა შორის, ეს არის პირველი სიმღერა, რომელიც რეალურად, ყველაზე მაგრად გაჰიტდა. სავიზიტო ბარათივით არის, რადგან, რომელ სოციალურ ქსელშიც არ უნდა შეხვიდე, ყველგან  არაერთი ვიდეო დევს, ზოგი მღერის, ზოგი ცეკვავს… ჩვენ ამხელა მოლოდინი არ გვქონდა, რომ ასეთი აჟიოტაჟი იქნებოდა ამ სიმღერასთან დაკავშირებით, მაგრამ იმდენად მოეწონა ხალხს, რომ ახლა ჩვენც ძალიან მოგვწონს.

დათო, მუსიკალურ მხარეზე გვესაუბრე.

დათო: ყველაფერი, რასაც მე ვიტყვი, იქნება ხუმრობა და არ დაიჯეროთ. ადამიანს ყველაზე ძალიან ეშინია, რომ ჯოჯოხეთში არ მოხვდეს. მე მოვხვდი ჯოჯოხეთში და არც ისეთი საშიშია, იქაც ძალიან კომფორტულად შეიძლება იყოთ და არ ინერვიულოთ (იცინის). აქ ვაკეთებთ იმას, რასაც მეგონა, რომ არასდროს გავაკეთებდი. მე არ ვარ იმ ტალღაზე, რომ მე არ მეკადრება და რაღაც… მოსწონთ და მჯერა, რომ აქაც პროფესიონალურად ვაკეთებთ ყველაფერს. თან ეს არის ერთი გადაცემის ნომერი, ერთხელ ვიმღერეთ, ერთხელ ჩავწერეთ და ერთხელ პატარა პოსტ პროდაქშენი გავუკეთეთ. თუ ეს იმ დონეზე გაკეთდება, რომ მართლა სავიზიტო ბარათად გავაკეთოთ და ვიღაცამ გასტროლზე წაგვიყვანოს და ა.შ. , ეს ისე იჟღერებს და ასეთი ნომერი იქნება, რომ პირს დავაღებინებ ვიღაცებს. არის მუსიკა, რომელსაც ენთუზიაზმითაც გავაკეთებ. ნიკოც ძალიან მიყვარს, ჩემი შვილიც და მანუც, მაგრამ ამას ენთუზიაზმით მე არ გავაკეთებ, რადგან ჩემი სტილი არ არის, მაგრამ თუ ამაზე მოთხოვნილება და შემოსავალი იქნება, გრანდიოზული ჟღერადობით და კონცერტით ვხედავ ამ პროექტს. ინსტაგრამს რომ ვუყურებ, უკრაინელები გიჟდებიან, ისეთ რამეებს წერენ და ისე მოსწონთ.

როგორია მუშაობის პროცესი, როგორ ხდება კონკრეტული სიმღერის შერჩევა?

დათო: ყველა თავის საქმეს აკეთებს. ზვიოს მოაქვს ტექსტი და ჩვენ მერე რაღაცებს ვაკეთებთ. ზოგი კარგი გამოგვდის, ზოგი – არა.  საერთოდ არცერთი სიმღერისგან არ ველოდი ასეთ შედეგს, მეგონა, რომ უბრალოდ, კარგი, ლამაზი მუსიკალური ნომერი იქნებოდა. ეს ხალხს აცეკვებს, ათამაშებს და რესტორნებში ამ ჩანაწერებს რთავენ, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია. არც ღირებულებით და არც მნიშვნელობით არ ვედრები და არავინ მეჩხუბოს და მით უმეტეს, ბავშვებს არ დასცხოთ მის გამო, მაგრამ ამ პროექტს ვადარებ „ივერიას“, რომელიც იყო გრანდიოზული თავისი მიუზიკლებით, იუმორით, მაღალი ხარისხის მუსიკით. მე გეუბნებით, რომ ამ შემადგენლობით უმაღლეს დონეზე შეგვიძლია მუშაობა, იყოს ფანოღი, მაგრამ ძალიან მაგრად იქნება.

აპირებთ ამ ყველაფრის განხორციელებას?

დათო: ვნახოთ. მთავარია, გადაცემა გაგრძელდეს, იყოს მოთხოვნილება, ხშირად დაუკრან რესტორნებში…

მანუ: ეს პროექტი გამოვა, რადგან ვინც ვართ, ყველას სურვილია, რომ კარგი იყოს და რაღაც ახალი ვქნათ. რადგანაც ასეთი მოწადინებულები ვართ, სხვა გზა არ არის. მით უმეტეს, ჩვენ ისეთი წინამძღოლები გვაქვს… ზვიად ბლიაძემ იცის ეს საქმე და შესაბამისად, 100%-ით ვენდობით ამ ადამიანს და მივყვებით. ღრმად გვჯერა, რომ გაამართლებს, რასაც ის გვეუბნება.

დათო: ეს ფანოღი იქნება ძალიან მაგარი ჟღერადობით და მაგარი კლიპი ექნება. ძალიან მაღალი ხარისხით გავაკეთებთ.

მსმენელის აზრს რამდენად ითვალისწინებთ?

ნიკო: რომ გითხრათ, თითოეულ კომენტარს ვუყურებთ-მეთქი, არა, ეს ფიზიკურად შეუძლებელია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის გასათვალისწინებელია და რა თქმა უნდა, გულწრფელი, დადებითი კომენტარები უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს. სიახლეები მუსიკალური მიმართულებით აუცილებლად იქნება.

დათო: მაყურებელს მინდა ვუთხრა, რომ ეს არ არის მუსიკალური პროექტი, ეს არის იუმორისტული შოუ და აქედან გამომდინარე, ძალიან მომთხოვნები და კატეგორიულებიც ნუ იქნებიან. კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ჩვენ გამოწვევების არ გვეშინია და თუ ამას მუსიკალურ პროექტად მოითხოვს დიდი დოზის მაყურებელი, თუ ამაზე გაერთობა, ივლის, ფულს გადაიხდის, მაგარი პროექტი იქნება.

ნანუკა: მე მართლა ძალიან მიხარია, რომ ასეთ გამოცდილ და პროფესიონალ ადამიანებთან ერთად ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ჩემი კომფორტის ზონა. სხვა რაღაცების კეთება მინდა, მაგრამ ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ მათგან.

 

ნიკოს ბენდი, მანუ მურღულია & ნანუკა ფორჩხიძე – ზოგან ირმების ჯოგია

 

ნიკო & მანუ – სიყვარული ამიკრძალე

 

ნიკოს ბენდი – ვისკი კოლა 

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები