ემიგრანტის ცხოვრება მარტივი რომ არ არის, ეს ახალი არავისთვისაა, თუმცა, აღსანიშნავი და საინტერესოა, როგორ უმკლავდებიან ამ გზას ახალგაზრდა ქალები, რომელთაც ოჯახის დატოვება და ხშირად მძიმე სამუშაოს შესრულება უწევთ.
ამ სტატიაში მოგიყვებით ამბავს, 34 წლის ემიგრანტ გოგოზე, რომელმაც 4 წლიანი დაუღალავი და მძიმე შრომის შემდეგ, იტალიაში, ტოსკანას რეგიონში, უფრო ზუსტად კი ფლორენციაში თავის დამკვიდრება შეძლო და მეტიც, იტალიური მედიის ყურადღების ცენტრშიც კი მოექცა.
როგორც თავად ლილია ღელეყვა გვიყვება, ამ გზის გავლა ადვილი არ ყოფილა, თუმცა დღეს უკვე განვლილ წლებზე „ფორტუნასთან“ საუბრობს და ამბობს, რომ უფრო მეტად ძლიერია, ვიდრე აქამდე.
ლილია ამჟამად ტოსკანას რეგიონში მდებარე, ფეხსაცმლის საწარმოშია დასაქმებული, პროდუქტი კი, რომელსაც უკვე თავად ამზადებს, ადგილობრივი ბაზარზე იყიდება. იტალიური მედია წერს, რომ 15 დასაქმებული ქმნის პროდუქტს, რომელიც უმსხვილეს საერთაშორისო მოდის ბრენდებთან მუშაობს.
პროფესიული კურსებით გადამზადების შემდეგ, ლილია ერთადერთი ქართველი აღმოჩნდა, რომელიც სწორედ ამ 15 ახალგაზრდას შორის მოხვდა.
გარდა ამისა, ამავე საწარმოში დამზადებული სპორტული ფეხსაცმლის ხაზი უკრაინაში, ჰუმანიტარული დახმარების სახით იგზავნება, რაც როგორც ემიგრანტი ამბობს, მისთვის განსაკუთრებით ამაღელვებელია:
„საწარმოს ვაკანსია ინტერნეტის საშუალებით მოვიძიე. უკვე 4 წელია ამ ქვეყანაში ვცხოვრობ, შესაბამისად, ენა კარგად ვიცი, ასევე მაქვს ცხოვრებისა და მუშაობისთვის საჭირო საბუთი, გავთამამდი და ჩემი მონაცემები, CV რეზიუმე გავგზავნე.
სიმართლე გითხრათ, თავიდან მოლოდინი არ მქონია, რომ ასე სწრაფად დამირეკავდნენ და თანამშრომლობას შემომთავაზებდნენ. აქ თავის დამკვიდრება არც თუ ისე მარტივია და მით უფრო, როცა ამ კუთხით არანაირი გამოცდილება არ გაქვს. წლები მხოლოდ იმას სჭირდება, რომ ადამიანებში ნდობა მოიპოვო და აჩვენო, რომ ნებისმიერ საქმეს პასუხისმგებლობით ეკიდები.
რა თქმა უნდა, ამ საქმის არაფერი გამეგებოდა, თუმცა, მონდომება და ენთუზიაზმი იმდენად დიდი იყო, რომ ორი გასაუბრების შემდეგ ამიყვანეს. გავიარე შესაბამისი, პროფესიული გადამზადების კურსები, რომელიც 6 კვირას გაგრძელდა. მთელი ამ დროის განმავლობაში შემასწავლეს საკერავ მანქანასა და ტყავზე მუშაობა. 6 კვირის შემდეგ კი ოფიციალურად დამასაქმეს.
დღეს უკვე თავისუფლად ვკერავ ფეხსაცმელს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაქვს ადამიანური სამსახური. რეჟიმს ძალიან კარგად მოვერგე, დღის განმავლობაში 8 საათს ვმუშაობ, მაქვს საკმარისი ანაზღაურება და რაც მთავარია კარგი გარემო, სადაც მუშაობა მსიამოვნებს.
სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ ჩემი შეკერილი ფეხსაცმელი უკრაინაში, ჰუმანიტარული დახმარების სახითაც იგზავნება, რაც, რა თქმა უნდა, ჩემთვის ემოციური და ამაღელვებელია“, – უამბობს „ფორტუნას“ ლილია.
ამბობს, რომ აქამდე მოსასვლელად დიდი შრომის გაწევა მოუხდა, სხვა დანარჩენი ემიგრანტი გოგოების მსგავსად, უვლიდა მოხუცს, ალაგებდა სახლებს და ა.შ, რამაც გარკვეულ ეტაპზე ჯანმრთელობის პრობლემებიც კი შეუქმნა, თუმცა, არ დანებდა და დღეს უკვე ბევრად ძლიერია.
„რაც შეეხება ჩემს, როგორც ერთი რიგითი ემიგრანტის ცხოვრებას, რა გითხრათ, ჩემი ქვეყნიდან წასვლა, როგორც ბევრ სხვა დანარჩენს ქართველ ქალს, მძიმე სოციალური ფონისა და მატერიალური პრობლემების გამო მომიწია, რადგან საქართველოში სტაბილური სამსახურის შოვნა და მით უმეტეს, ღირსეული ანაზღაურებით, ძალიან ძნელია.
ბევრი მცდელობისა და უძილო ღამეების მიუხედავად, რამაც კარგა ხანს გასტანა, საბოლოო ჯამში, ჩემს ოჯახს ვერც ვერაფერი შემატა. მიუხედავად იმისა, რომ 24 საათიან რეჟიმში, მინიმალურ ხელფასზე ვმუშაობდი, წლების განმავლობაში არაფერი იცვლებოდა, ვალს ვალი ემატებოდა, ამიტომ მომიწია 3 შვილის დატოვება და ემიგრანტის მძიმე ცხოვრებასთან შეჭიდება.
უკვე მე-5 წელია, იტალიაში, კერძოდ ტოსკანას რეგიონში, ფლორენციაში ვცხოვრობ. სხვების მსგავსად, თავიდან მეც ოჯახში მუშაობით დავიწყე. სიტყვებით ძალიან ძნელია იმის გადმოცემა, რას განიცდის დედა, რომელმაც შვილები, ოჯახი, ახლობელი ადამიანები დატოვა და სრულიად უცხო გარემოში მოხვდა.
წარმოიდგინეთ, არ იცი ენა, არ იცი ამ ქვეყნის ცხოვრების რიტმი, არ იცი ხასიათი, რა უნდათ, როგორ უნდა მოიქცე, რა გააკეთო რომ თავი მოაწონო და საპასუხოდ ნორმალური დამოკიდებულება, ნდობა მიიღო.
თავიდან ძალიან გამიჭირდა, მომიწია მოხუცთან მუშაობა, სახლის მოწესრიგება, დალაგება, მოკლედ, ყველაფერი ის, რასაც ემიგრანტები აკეთებენ… თუმცა დამერწმუნეთ, მოსასმენად მარტივია, მაგრამ სრულიად უცხო ქვეყანაში, მარტო მოხვედრილს, შენს ფიქრებსა და დარდებთან ერთად, ამ ყველაფერთან გამკლავება ურთულესია.
მონატრება, უცხო ადამიანები, სრულიად უცხო გარემო – ამას ყველა ვერ უძლებს, ეწყებათ დეპრესია და უკან, სამშობლოში უარეს მდგომარეობაში ბრუნდებიან“, – ამბობს ლილია და გვიამბობს მისი ხასიათის შესახებ, რამაც ამდენი შეაძლებინა:
„ჩემს შემთხვევაში, ალბათ, ძლიერმა ფსიქიკამაც იქონია გავლენა, რადგან მშობლები ძალიან პატარა ასაკში, თითქმის ბავშვობაში დავკარგე. საქართველოში არ ვცხოვრობდით, მშობლების დაკარგვის შემდეგ ჩამომიყვანეს ჩემს დასთან, რომელმაც ფაქტობრივად, თავიდან გამზარდა.
თუმცა, დღეს აღმოჩნდა, რომ ისევ სხვა ქვეყანაში მიწევს ცხოვრება, რადგან სხვანაირად განათლების, განვითარებისა და უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობის პოვნა, შეუძლებელი გახდა.
კი, უცხო ქვეყანაში ცხოვრება ძალიან რთულია, თუმცა, უკვე შევეჩვიე, გავიჩინე მეგობრები, ვმუშაობ და რაც მთავარია, ღირსეული ანაზღაურება მაქვს.
აქ ადამიანის უფლება უზენაესია, მე მგონია, ცხოველთა უფლებებიც კი იმ დონეზეა აყვანილი, ჩემი მათდამი სიყვარულის მიუხედავად, ხანდახან გადაჭარბებულადაც კი მეჩვენება.
მოკლედ, ადვილი არაა შენს ახლობელ ადამიანებს წლობით დაშორდე, თუმცა მაინც მაქვს იმედი, რომ მალე ჩემს სამშობლოს დავუბრუნდები, სადაც სხვა რეალობა დამხვდება და შევძლებ ჩემი ხელფასით ოჯახსაც დავეხმარო“. – გვითხრა ლილიამ.