16 ივნისს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ მარიამ ელიეშვილი და გელა ტაბაშიძე სტუმრობდნენ, რომლებმაც სამომავლო გეგმებზე და დაგეგმილ კონცერტებზე ისაუბრეს. გადაცემაში მარიამის ახალი სიმღერის „მარტო შენ მიყვარხარ“ პრემიერა შედგა.
როგორია თქვენი საზაფხულო გეგმები, ბევრი ღონისძიება გაქვთ დაგეგმილი?
მარიამი: სანამ ზაფხულზე გადავალთ, გეტყვით, რომ საკმაოდ დატვირთული პერიოდი მქონდა, რადგან მქონდა ევროპის გასტროლები. სოლოკონცერტები ჩავატარე ბელგიაში, გერმანიაში, ცოტა ხნის წინ ჩამოვედი ავსტრია-სლოვაკეთიდან. მოკლედ, ძალიან აქტიური პერიოდი იყო და კიდევ უფრო მეტად აქტიური მოდის, რადგან განსაკუთრებული სეზონი მოდის მუსიკალურ სფეროში. სიმღერა, რომლის პრემიერაც დღეს შედგება, ზუსტად ამ სეზონის შესაფერისია. ქვეყნის შიგნით კონცერტებს რაც შეეხება, რამდენიმე მუნიციპალიტეტიდან არის შემოთავაზება, თუმცა რომ გითხრათ ძალიან ჩართული ვარ-მეთქი, სამწუხაროდ, არ ვარ. მსმენელებს დიდი სურვილი აქვთ და ხშირად მეკითხებიან ხოლმე, თუ ჩავალ და ჩავატარებ კონცერტს, მაგრამ დამოუკიდებლად ამ ყველაფრის გადაწყვეტა მე არ შემიძლია და თუ კი მსგავს ღონისძიებებში უფრო ხშირად ვიქნები, ბევრად უფრო სასურველი იქნება.
გელა: მოკლედ ვიტყვი, რომ ძალიან კარგი კონცერტი გვქონდა დუშეთში, 19 ივნისს თიანეთში და ამის შემდეგ უახლოესი კონცერტი 23 ივლისს გვექნება არტ-გენზე. შემდეგ უკვე გვექნება გასტროლები, ფაქტობრივად, მთელი აგვისტო.
მარიამ, ძირითადად რომელ სიმღერას ითხოვენ გასვლით კონცერტებზე?
მარიამი: არის სიტუაციები, სადაც ქართული სიმღერების გარდა, არაქართულ რეპერტუარსაც ითხოვენ. მე, სხვათა შორის, ბევრ სხვა ჟანრს და სტილს ვმღერი სხვადასხვა ენაზე, ამიტომ შერეული რეპერტუარი არის ხოლმე, თუმცა ძირითადად, რა თქმა უნდა, „ჩვენ ახლა ერთურთი“ არის ხოლმე მოთხოვნადი, ამ სიმღერის რამდენჯერმე შესრულების გარეშე კონცერტი არ ჩაივლის.
როგორი ისტორია აქვს სიმღერას „მარტო შენ მიყვარხარ“?
მარიამი: როგორც მოვყევი, კონცერტებზე შერეული რეპერტუარი მაქვს ხოლმე, მე ბევრ ესპანურს სიმღერას ვმღერი და ჩემზე გავლენა იქონია ამ რიტმმა. ჩემთან ძალიან ახლოს აღმოჩნდა ეს მიმართულება და გადავწყვიტე, რაღაც ახალი, ამ სტილის, ამ რიტმზე აწყობილი სიმღერა გამეკეთებინა. დიდი მადლობა ჩემს საყვარელ კომპოზიტორს ნონა მულაძეს, რომელიც ბოლო პერიოდში ჩემი სიმღერების ავტორია. მელოდიის ნაწილში მეც შევიტანე ჩემი წვლილი. დიდი მადლობა სტუდიას „სანო“ ამ სიმღერის დაფინანსებისთვის. ამ სიმღერაში დასაკრავი ინსტრუმენტები ყველა მერაბ სანოძის დაკრულია. გიტარის ინსტრუმენტულ ნაწილში ძალიან დაგვეხმარნენ ჩემი მეგობრები, ძმები გოგიბერიძეები. სიმღერაზე გადაღებული გვაქვს ვიდეო რგოლიც ჩვენს ულამაზეს და უსაყვარლეს ბათუმში. მზად მაქვს კიდევ ერთი სიმღერა, რომელსაც მალე გამოვუშვებ.
მარიამ ელიეშვილი – მარტო შენ მიყვარხარ
გადაცემის აუდიოჩანაწერი
მარიამ ელიეშვილი & გელა ტაბაშიძე – ისევ მიდიხარ. Live
მარიამ ელიეშვილი. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები