გულყვითელა ნარგიზულა იგივე კალენდულა ზაფხულის ბალახოვანი მცენარეა, რომელიც გვიან შემოდგომამდე გვასაზრდოებს სასარგებლო ნივთიერებებით. ჩვენში კულტივირებულია, როგორც დეკორატიული და სამკურნალო მცენარე. სამკურნალო მიზნით მცენარის ყვავილები გამოიყენება, რომლებიც დიდი რაოდენობით კაროტინოიდებს, ეთერზეთებს, ფისებს, ლორწოებს, ორგანულ მჟავებსა და საპონინებს შეიცავს. გულყვითელას ყველა ორგანო ფიტონციდური თვისებებით გამოირჩევა ანუ მის გარშემო არსებულ ბაქტერიებს და მიკრობებს კლავს და ჰაერს უსარგებლო ნივთიერებებისგან ასუფთავებს. კალენდულას ოქროსფერი ყვავილი მედიცინაში მრავალმიზნობრივად გამოიყენება.
მეცნიერულ მედიცინაში გულყვითელას ყვავილები ანტისეპტიკური, ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, სისხლის გამწმენდი და დამაწყნარებელი მოქმედებით გამოირჩევა. მას ასევე სისხლის წნევის შმცირების უნარი აქვს. კალენდულას თვალსაჩინო ადგილი უკავია სამკურნალო მცენარეთა შორის. მისგან დამზადებული პრეპარატები – ნაყენები, ნახარშები, მალამოები, სადენზფექციო და ჭრილობების შემახორცებელ თვისებას ავლენს. გამოიყენება ჩირქოვანი იარების და წყლულების სამკურნალოდ. ნარგიზულას სპირტიან ან წყლიან ნაყენს იყენებენ გამოსავლებად ანგინის და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების დროს. სურდოს დროს კი ნაყენით სასუნთქი გზების გამორეცხვას ახდენენ. მცენარის სპირტიანი ნაყენი აგრეთვე ჰიპერტონული დაავადებების სტადიაში გამოიყენება, განსაკუთრებით კლიმაქსის პერიოდში.
კალენდულას ნედლი ყვავილების წვენს ფუტკრებისა და კოღოების ნაკბენ ადგილებზე უსვამენ. სპირტიან ნაყენს კი გულის დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს გულის გახშირებულიო ცემა, შიგნით მისაღებად უნიშნავენ. ასევე იყენებენ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ანთების, კუჭისა და 12 გოჯა ნაწლავის დაავადებების, კოლიტის და კანის სხვა და სხვა დაავადებების დროს. ტრადიციულ მედიცინაში ნარგიზულა გამოიყენება როგორც შარდმდენი, ოფლმდენი, მაზოლების, ფურუნკულების საწინააღმდეგო საშუალება. გულყვითელა-ნარგიზულას მთავარი ღირსება არის ის, რომ მას ძველთაგანვე სიმსივნის იდეალურ სამკურნალო საშუალებად მიიჩნევდნენ. დღეს ავთვისებიანი ახალი წარმონაქმნების განკურნება ნარგიზულას გამოყენებით არ შეიძლება, თუმცა ბოლო სტადიების შემთხვევაში, როცა ოპერაციული ჩარევა უკვე უსარგებლოა, მაინც უნიშნავენ.