რა გავლენა აქვს ჰორმონალურ ფონს ქალის ორგანიზმსა და კანზე – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ გინეკოლოგმა მადონა ჯუღელმა ისაუბრა.
რა გავლენა აქვს ჰორმონალურ ფონს ქალის ორგანიზმზე?
ჰორმონალურ ფონს დიდი გავლენა აქვს ქალის ორგანიზმზე. სწორედ ჰორმონებია პასუხისმგებელი სხეულის ფორმაზე, კანის მდგომარეობასა თუ ხასიათის თავისებურებებზე. შეიძლება ითქვას რომ სწორედ ჰორმონები აყალიბებენ ქალს ქალად.
ქალის ორგანიზმზე მოქმედებს მრავალი ჰორმონი. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ჰორმონია ესტროგენი. სწორედ მისი დახმარებით აქვს ქალს დამახასიათებელი სხეულის ფორმა. ასევე შეიძლება გამოვყოთ ტესტოსტერონი, რომელიც ხელს უწყობს კუნთების განვითარებას, ამცირებს ცხიმის განვითარებას, ამკვრივებს კანს.
ყურადღება უნდა მიექცეს კანისა და თმის მდგომარეობას. ვინაიდან ერთ-ერთი ხშირი სიმპტომია კანის სიმშრალე, ნაოჭების ნაადრევი აქტიური გაჩენა. აკნე და ალოპეცია, რაც შეიძლება ჰიპერანდროგენიის ნიშანი იყოს. შესაძლებელია პრობლემებს თან ერთვოდეს მომატებული წონა. ასევე ხშირია მენსტრუალური ფუნქციის დარღვევა.
როგორ ვლინდება ჰორმონალური დარღვევები?
ჰორმონალური დარღვევის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამოვლინებაა აკნე. როგორც წესი ესტროგენი ამცირებს აკნეს, მაშინ როცა პროგესტერონი პირიქით ხელს უწყობს მის გაჩენას.
კანის სიმშრალეში დიდ როლს თამაშობს ფარისებრი ჯირკვალი. ჰიპოთირეოზს შეუძლია გამოიწვიოს კანის ძლიერი სიმშრალე, ქავილი, გამონაყარი და გაღიზიანება. ასევე ესტროგენის დაბალი დონეც შეიძლება იყოს კანის სიმშრალის მიზეზი.
რაც შეეხება ნაოჭების ნაადრევ გაჩენას ამ შემთხვევაში პასუხისმგებელი ჰორმონია ესტროგენი. როგორც წესი ჰორმონალური და ასაკობრივი ნაოჭები ჩნდება 35წლის შემდეგ, როდესაც მცირდება ჰორმონების გამოყოფა. სწორედ ესტროგენის უკმარისობა იწვევს მათ ნაადრევ გაჩენას.
ყურადღება უნდა მივაქციოთ თმებსაც. კორტიზოლის დიდი რაოდენობით გამოყოფა უარყოფითად მოქმედებს თმის ხარისხზე. აქვე ესტროგენიც და ტესტოსტერონიც დიდ როლს თამაშობს. ესტროგენის დეფიციტისას თმები გამოიყურება უსიცოცხლოდ და აღინიშნება თმის ცვენა. ასევე დიდი როლი აკისრია ფარისებრ ჯირკვალს.
წონის მატება შეიძლება გამოწვეული იყოს ჰიპოთირეოზით. ვინაიდან ფარისებრი ჯირკვალი არეგულირებს მეტაბოლიზმს. აქვე გასათვალისწინებელია კორტიზოლის ან ლეპტინის მოქმედება. რაც შეეხება კორტიზოლს, მას სტრესის ჰორმონსაც უწოდებენ. კორტიზოლის დიდი რაოდენობით გამომუშავების დროს ორგანიზმი იწყებს ცხიმის ჩალაგებას.
რას ნიშნავს ჰორმონალური აკნე?
ჰორმონული აკნე შესაძლოა განუვითარდეს ნებისმიერი ასაკის ზრდასრულს. დიაგნოზი ხშირია ქალებში.
გარდატეხის ასაკი და ჰორმონული აკნე:
გარდატეხის ასაკში ჰორმონული აკნეს დროს გამონაყარი ჩნდება შუბლის, ცხვირისა და ნიკაპის არეში.
ზრდასრული ასაკი და ჰორმონული აკნე:
ზრდასრულ ასაკში კი ჰორმონული გამონაყარი, ძირითადად, სახის ქვედა არეში ნაწილდება, მაგალითად, ლოყის ქვედა არესა და ყბის ხაზის გარშემო.
ჰორმონული აკნე შესაძლოა ჩამოყალიბდეს იმ ჰორმონების გამო, რომელიც აღნიშნული მდგომარეობის დროს აქტიურდება:
მენსტრუაცია;
პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი;
მენოპაუზა;
ანდროგენის მომატებული დონე.
რისი ბრალია სებორეა/აკნე?
დღეს სადავოდ აღარ მიიჩნევა, რომ სებორეა/აკნეს განვითარების მიზეზი ჰორმონული დისბალანსია, რომელიც თირკმელზედა ჯირკვლების დისფუნქცით არის გამოწვეული. თირკმელზედა ჯირკვლების დისფუნქციის დროს ორგანიზმი ჭარბად გამოიმუშავებს განსაზღვრული ტიპის ანდროგენებს (მამაკაცის ჰორმონებს), რაც კანის ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ ცხიმის გაძლიერებულ წარმოქმნას იწვევს. ამას ემატება თმის ფოლიკულის არხში გარქოვანებული უჯრედების ჭარბი წარმოქმნაც. შედეგად ჩნდება საცობი, დაგროვილი მასა კანის ზედაპირამდე ვეღარ ამოდის და ფოლიკულში გროვდება. ეს უკანასკნელი იბერება, ხოლო მისი სადინარი იხშობა; წარმოიშობა კომედონები (ფერიმჭამელები), ხოლო მათი ინფიცირებისას – ჩირქოვანი გამონაყარი (აკნე). ასეთი პაციენტებისთვის დამახასიათებელია მსუბუქი ჰირსუტიზმი (ჭარბთმიანობა), მენსტრუალური ციკლის დარღვევა და სხვა.