LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარკინგის პრობლემის მოგვარების ახალი გზა – საათობრივი გადასახადი

32

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე „სითი ინსტიტუტი საქართველო“ ამ ეტაპზე უცხოელ კოლეგებთან ერთად, დედაქალაქში პარკინგის პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს.

როგორც “ფორტუნას” მამუკა სალუქვაძემ განუცხადა, ახალი სადგომების აშენების გარდა, ამ პრობლემის გადაჭრისთვის სხვა ღონისძიებების გატარებაც იგეგმება.

მათი რეკომენდაციით, შესაძლოა, ქალაქის ცენტრში საათობრივი პარკინგის გადასახადი დაწესდეს. ავტომობილის გაჩერების დროს და შესაბამისად გადასახადს, ავტომატი გააკონტროლებს.

“დღეს ასეთი მდგომარეობაა: ქალაქის ცენტრში შეუზღუდავი დროით შესაძლოა დააყენონ ავტომობილი – პრაქტიკულად უფასოდ. ზოგი ცენტრში აყენებს ავტომობილს და მთელი დღით ტოვებს – ეს დაუშვებელია. ამ ადგილების გამოსათავისუფლებლად, გვინდა საპილოტე პროექტი განვახორციელოთ – საათობრივად ავტომატის მეშვეობით დაპარკინგება. ქალაქის ცენტში პარკინგით უნდა ისარგებლონ იმათ, ვისაც აუცილებელი და გადაუდებელი საქმე აქვთ და ამისთვის შესაბამისი თანხაც უნდა გადაიხადონ”, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.

გარდა ამისა, მამუკა სალუქვაძის თქმით, ზოგადად სისტემის დახვეწაა აუცილებელი და ამ თემას მხოლოდ გენ.გეგმა ვერ გადაჭრის.

აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ რეკომენდაცია და პარკინგის პრობლემის მოგვარების ერთ–ერთი გზაა. გეგმაზე მუშაობა 15 აპრილს დასრულდება. ის საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდზე 2030 წელზე იქნება გაწერილი.

შეგახსენებთ, რომ პარკინგის პრობლემის მოგვარებისთვის, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ჯერ კიდევ ნოემბერში დააანონსა, რომ თბილისის ცენტრალურ ნაწილში 10 მრავალსართულიანი პარკინგის ადგილი მოეწყობოდა, სადგომების მშენებლობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მერიას ამ დრომდე არ მიუღია.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები