LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერეს ხეობის მარჯვენა ფერდი, გაგრძელებული მთაწმინდა-სოლოლაკის ნაწილით, ვაშლიჯვრის ფერდი, ნუცუბიძის პლატოს ნაწილი, გლდანულას ხეობა“ – მეწყერსაშიში ზონები თბილისში: უბნები, სადაც სტიქიის რეალური საფრთხეები არსებობს

990
fot

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლაშა სუხიშვილი ასახელებს დედაქალაქში არსებულ უბნებს, სადაც მეწყერსაშიში ზონაა.

სუხიშვილი ასევე საუბრობს იმის შესახებ, რომ თბილისში არის წყალდიდობისა და წყალმოვარდნის საფრთხეებიც.

აღნიშნულის შესახებ ლაშა სუხიშვილი „კვირის პალიტრას“ ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

– თბილისში გამოსაყოფია შემდეგი რისკის შემცველი მეწყერსაშიში ზონები: ვერეს ხეობის მარჯვენა ფერდი, გაგრძელებული მთაწმინდის და სოლოლაკის ნაწილით, ვაშლიჯვრის ფერდი (ლისის ფერდობიც შედის), ნუცუბიძის პლატოს ნაწილი, გლდანის ჩრდილოეთით გლდანულას ხეობა, ასევე, თემქაზე ე.წ. შეშელიძის მეწყერი, რომელიც ყველაზე თვალსაჩინო და აქტიურია. თბილისში არის კიდევ ბევრი ფერდი, სადაც სხვადასხვა მეწყრული პროცესის ერთეული გამოვლინებებია.

მეწყრული პროცესები დამოკიდებულია გეოლოგიაზე – როგორ არის განლაგებული გეოლოგიური შრეები, მათი დახრის მიმართულება და კუთხე ემთხვევა თუ არა ზედაპირზე ფერდობის დახრის მიმართულებასა და კუთხეს. თუ ასეთი დამთხვევა არის, ეს ნიშნავს, რომ მეწყრული საფრთხე მომატებულია, თუ პირიქითაა – ამგები ქანები სხვა მიმართულებითაა დახრილი და ფერდობი – სხვა, მაშინ მეწყრული პროცესებისკენ მიდრეკილება ნაკლებია. ასე ხდება ვერეს ხეობაში – ვერეს მარჯვენა ფერდზე დახრის კუთხეები ემთხვევა, მარცხენაზე – არა, ამიტომ მარცხენა უფრო სტაბილურია. მეწყრული პროცესები ასევე­ დამოკიდებულია ქანების გამოფიტვის დონეზე, გამოფიტვა კი განპირობებულია ტექტონიკური დაძაბულობით, კლიმატით, ზოგიერთი ტიპის მეწყრის შემთხვევაში – მცენარეული საფრის არსებობით, ქიმიური ეროზიით, მიწისქვეშა წყლების მოქმედებით და ეს ყველაფერი შემდგომ განაპირობებს ქანების მოძრაობას. მნიშვნელოვანია ასევე კლიმატი – თბილისს, როგორც წესი, ახასიათებს მცირე ნალექიანობა, დაახლოებით 500-600მმ ფარგლებში საშუალოდ წლის განმავლობაში, მაგრამ ახასიათებს მოკლე დროში ინტენსიური წვიმებიც, როგორიც იყო 29 აგვისტოს ან 2015 წლის 13 ივნისს. სამწუხარო ის არის, რომ კლიმატის ცვლილების სცენარების მიხედვით თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში მწირნალექიანობა უფრო გაღრმავდება, ანუ წლის განმავლობაში უფრო ნაკლები წვიმა მოვა, რაც უდრის გვალვას, მაგრამ გაიზრდება (და იზრდება კიდეც) დროის მოკლე მონაკვეთში მოსული წვიმის ინტენსივობა, ანუ ხშირად არა, მაგრამ როცა იწვიმებს, ბევრს იწვიმებს.

– დრომ და გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ თბილისში წყალდიდობების საფრთხეც არსებობს და წყალმოვარდნებისაც (თბილისს ახსოვს მტკვრის ადიდების ფაქტები, მდინარე ვერეს ღვარცოფული მოვარდნებიც)…

– თბილისში არის წყალდიდობისა და წყალმოვარდნის საფრთხეებიც. ამ ორ სტიქიას შორის ჩამოყალიბების დროშია განსხვავება. წყალდიდობის ჩამოყალიბება დღეები და კვირები გრძელდება,­ მდინარეზე წყალი ნელ-ნელა იმატებს, ხოლო წყალმოვარდნის შემთხვევაში მდინარეში წყლის რაოდენობა საათებში ან ერთ დღეში იზრდება. ეს არის განსხვავება წყალმოვარდნა-წყალდიდობას შორის. მაგრამ თბილისში მხოლოდ მდინარეებს არა აქვთ ეს პრობლემა. მაგალითად, წყალმოვარდნა შეიძლება იყოს მდინარე ვერეზე, დიღმურაზე, გლდანულაზე, ლეღვთახევზე, ვარაზისხევზეც კი. ეს ყველა მდინარეა, ზოგჯერ სეზონურიც, მაგრამ საქმე ის არის, თბილისში შემოდის ათეულობით მშრალი ხევი, ანუ ჩვეულებრივ ამინდში უწყლო ხეობაა, რომელშიც ინტენსიური წვიმის დროს ყალიბდება­ დიდი რაოდენობით წყალი, ანუ ხარჯი, და ხდება წყალმოვარდნაც. მე მახსოვს 90-იან წლებში ადიდებული მტკვარი, როცა იუსტიციის სახლთან ჩოგბურთის კორტი დატბორა. თუმცა მტკვარი ცოტა განსხვავებული მდინარეა, ვინაიდან ის კაშხლებით რეგულირებულია, ანუ მას თბილისამდეც კაშხალი არეგულირებს და ორთაჭალჰესიც. მაგრამ თუ მტკვარი კაშხლებითაა რეგულირებული, სამაგიეროდ, თბილისში მთის მდინარეები შემოდის. მაგალითად, ვერე და ლეღვთახევი. მთის მდინარე ნაკლებად პროგნოზულია და მიდრეკილია სტიქიური პროცესებისკენ. მდინარე ვერე ხშირად ღვარცოფულია, ლეღვთახევი – ნაკლებად ღვარცოფული, სამაგიეროდ, ახასიათებს წყალმოვარდნა. რამდენიმე წლის წინ გაკეთდა მოდელირება, კვლევა, რამაც აჩვენა, რომ ამ ხეობაში, მათ შორის ტურისტულ ზონაში, არის საფრთხე, რომ ლეღვთახევი გადმოვიდეს კალაპოტიდან, მაგრამ ის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია, რომლის აუზშიც პოზიტიური მოვლენები მოხდა: მაგალითად, ლეღვთახევის კალაპოტის ნაწილი გაიხსნა, ტურისტულ ატრაქციად გადაკეთდა და ამან შეამცირა საფრთხეები და რისკები, თუმცა მისი ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის საფრთხე მაინც არსებობს.

ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g