LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულს ”თბილისის მწვანე სკოლა” უერთდება

85

შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეული დაიწყო. კვირეულს ”თბილისის მწვანე სკოლა” უერთდება. სკოლის მოწვევით, მეორე კლასელებთან შეხვედრა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გამართეს. პატარებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის, ”შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის” ფარგლებში დამზადებული მაისურები ეცვათ, რომლებიც რამდენიმე თვის წინ, კამპანიის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრისას გადაეცათ. შეხვედრა ძალიან სახალისოდ და საინტერესოდ წარიმართა, რადგან მეორე კლასელები ყველა იმ საგზაო ნიშანს აცნობიერებენ, რაც მათ მაისურებზეა დატანილი. შეხვედრის დასასრულს, მეორე კლასელებმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

”ავტორადიოსთან” საუბარში შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა თეა პერტაიამ განაცხადა, რომ მათთვის ბავშვების განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს და ადამიანმა კანონის პატივისცემა პატარა ასაკიდანვე უნდა ისწავლოს:
”ჩვენი ლოგო არის გული, იგივე სიცოცხლე, რომელიც საგზაო მოძრაობის ნიშნებით არის დაცული და ეს სიმბოლიკა ვფიქრობ ყველასთვის გასაგებია. კამპანიის სახე არის ქართველი ავტომრბოლელი დათა ქაჯაია. იდეა არის ის, რომ ის საქართველოში ყველაზე კარგად ფლობს საჭეს საქართველოში, მაგრამ ყოველთვის იცავს საგზაო მოძრაობის წესებს. კამპანია უფრო მეტად მიმართულია ბავშვებისკენ, ახალგაზრდებისკენ, იმისათვის, რომ მომავალი თაობა უფრო მეტად სცემდეს კანონს პატივს”.

კამპანიის ”შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის ფარგლებში” არაერთი აქტივობა ხორციელდება, მათ შორის შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან. ამისათვის სპეციალურად გადამზადდნენ პატრულ-ინსპექტორები, რომლებიც ბავშვებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე ესაუბრებიან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები