LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაუვალი თბილისი – გაფუჭებული გზები, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და საფრთხე სიცოცხლისთვის

17

”იმხელა ორმოებია, ჯანმრთელი კენგურუ ვერ გადაახტება”, – გახსოვთ, ალბათ, შალვა ნათელაშვილის ეს ფრაზა, რამდენიმე წლის წინ რომ თქვა თბილისის ქუჩებზე, მაგრამ ვინც თბილისში არ ხართ, ან არ ყოფილხართ დიდი ხანია, არ გეგონოთ, რომ რამე შეიცვალა. დაზიანებული გზები, რამდენჯერმე აყრილი და ხელახლა დაგებული გზის საფარი, ორმოები, უკმაყოფილო მძღოლები – დღევანდელი თბილისის რეალური სურათი სახარბიელო ნამდვილად არ არის.

წინასაარჩევნოდ უხვად დარიგებული დაპირებებიდან გზის საფარის დაგება ერთ-ერთია, რომელიც საზოგადოებას მუდმივად ესმის, თუმცა არჩევნების დასრულების შემდეგ დაპირება დაპირებად რჩება, თბილისში გადაადგილების პრობლემა კი აქტუალობას დღემდე არ კარგავს. მძღოლებმა არ იციან, ავტომობილის რომელ ნაწილს დატოვებენ გზაში, ქვეითად მოსიარულემ კი აუცილებლად თავდახრილმა უნდა იაროს, რომელიმე ორმოში ფეხი რომ არ ჩაუვარდეს და არ დაზიანდეს.

დიდი დიღმის დასახლება თბილისის უბნებიდან ერთ-ერთია, სადაც უკვე რამდენიმე თვეა აგებენ, ყრიან და ხელმეორედ აგებენ გზის საფარს. გადათხრილი ქუჩები განსაკუთრებულ დისკომფორტს მძღოლებს უქმნის.

”დიდ დიღომში ვცხოვრობ, ყოველდღე და ხან დღეში რამდენჯერმე მიწევს მანქანით ამ გზის გავლა. მარტის შემდეგ გზები გადათხრილია. მანქანა უკვე რამდენჯერმე მივიყვანე ხელოსანთან გასაკეთებლად. გზას რომ აგებენ, კარგია, მაგრამ ხომ შეიძლება ხარისხიანად დააგო, რამდენჯერმე ხელახლა აყრა რომ არ დაგჭირდეს,” – ჩივის ”ფორტუნასთან” დიდი დიღმის მაცხოვრებელი.

 

”იმხელა ორმოებია, ჯანმრთელი კენგურუ ვერ გადაახტება”

დიდ დიღომში საგზაო სამშენებლო სამუშაოები ნელი ტემპით, თუმცა მაინც მიმდინარეობს. განსხვავებული სურათი გვხვდება თბილისის ცენტრალურ უბნებში.

რუსთაველის გამზირი, კორნელი კეკელიძის ქუჩა, ნინო ჟვანიას ქუჩა – ეს იმ ადგილების მცირე ჩამონათვალია, სადაც გზის საფარი განსაკუთრებით დაზიანებულია.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ”ფორტუნასთან” ერთ უხერხულ ფაქტს იხსენებს:

”ბოლო პერიოდში დაზიანებული გზების პრობლემა განსაკუთრებით ტურისტულ ადგილებში გამოიკვეთა. რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო ”რედისონში” გაეროს ღონისძიება მიმდინარეობდა, საგზაო უსაფრთხოებაზე ვსაუბრობდით, გარეთ კი, ”რედისონის” გვერდზე ერთ-ერთ უზარმაზარ ორმოსთან ტურისტები ფოტოს იღებდნენ,” – ამბობს მესხიშვილი.

დაზიანებული გზის საფარი უხერხულობის გარდა ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს ზრდის. ფაქტის დაფიქსირების შემდეგ კი პასუხისმგებელი პირი აუცილებლად მძღოლია.

”გზაზე რომ თავღია ჭას მანქანას მკვეთრი მოძრაობით აარიდებ, შეიძლება ავარია მოხდეს. ყველა შემთხვევაში მძღოლს ადანაშაულებენ, ჭა რომ ვიღაცას უნდა გადაეხურა ეს გამოძიების დროს არავის ახსოვს. ვერცერთ შემთხვევას ვერ ვიხსენებ, იურიდიულად ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო,” – აღნიშნავს ”ფორტუნასთან” დავით მესხიშვილი.

 

 

თბილისის მერიაში ამ პრობლემაზე საუბარი არ სურთ

თბილისის მერია საგზაო სამშენებლო სამუშაოებისთვის ტენდერს აცხადებს. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას გზის საფარის დაგება ევალება. სამუშაოს შეუსრულებლობის, ან უხარისხოდ შესრულების შემთხვევაში მერია კომპანიას ფინანსურ ჯარიმას აკისრებს. თუმცა, კომპანიის დაჯარიმების ფაქტი საზოგადოებისთვის არაფერს ცვლის. საგზაო სამშენებლო სამუშაოები ჩერდება და გზა დაზიანებული რჩება მანამ, სანამ ადგილობრივი ხელისუფლება სამუშაოს გასაგრძელებლად ახალ კომპანიას არ იპოვის.

თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი დედაქალაქში გზის საფარის მოუწესრიგებლობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ბიძინა ივანიშვილს ასახელებს:

”სასაცილოა, მაგრამ დაზიანებული გზის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ტექნიკის არ არსებობა. მძიმე ტექნიკა ძირითადად შეკვეთილშია მობილიზებული და ერთი კონკრეტული პიროვნების ხის გადატანით არიან დაკავებულები” – განმარტავს ხაბეიშვილი.

საკრებულოს წევრი თბილისის მერიასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს შორის კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მერია კომპანიებს ტენდერში ან ნაცნობობის მიხედვით ამარჯვებინებს ან ტენდერის გამოცხადების გარეშე უფორმებს ხელშეკრულებებს. ტენდერის გამოცხადების გარეშე ამა თუ იმ კომპანიასთან ხელშეკრულება საგანგებო სიტუაციაში ფორმდება.

”რაც ჩვენი ფაცი-ფუცა მერი, ხელისუფლებაში მოვიდა, მას შემდეგ ტენდერის გამოცხადების, ანუ კონკურენციის გარეშე კომპანიებთან უამრავი ხელშეკრულება გაფორმდა. ვითომ საჩქარო სამუშაოები კი თვეობით და წლობით იწელება” – აღნიშნავს ”ფორტუნასთან” ხაბეიშვილი.

საგზაო უსაფრთხოების ექსპერტი დავით მესხიშვილი ”ფორტუნასთან” აღნიშნავს, რომ თბილისის მერია ტენდერში უპირატესობას იმ კომპანიას ანიჭებს, რომელის სამუშაოს შესრულებაში შედარებით დაბალ ანაზღაურებას ითხოვს.

”სისტემა მთლიანად მონგრეულია. სატენდერო პირობებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ისეთი შემადგენლობის ასფალტი უნდა მიუთითოს, რომელიც გზის ხანგრძლივად შენარჩუნების გარანტი იქნება, თუმცა მერია ძირითად ყურადღებას დაბალ ფასზე ამახვილებს და ხარისხს ყურადღებას არ აქცევს,” – განმარტავს მესხიშვილი.

”ფორტუნა” თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურთან დაკავშირებას რამდენჯერმე ეცადა, თუმცა უშედეგოდ.

 

როგორ უნდა მოგვარდეს დედაქალაქში გზების პრობლემა

ექსპერტი დავით მესხიშვილი პრობლემის მოგვარების 3 გზას ასახელებს:

1. საგზაო სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში შეიცვალოს სატენდერო პირობები
2. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს სამუშაოს შეუსრულებლობის ან უხარისხოდ შესრულების შემთხვევაში სხვა დროს ტენდერში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვათ.
3. თბილისის მერიამ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხებში საგზაო უსაფრთხოების ექსპერტები ჩართოს.

გვანცა ბზიავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები