ფრანგი მეცნიერები ფიქრობენ, რომ იპოვეს მიზეზი იმის, თუ რატომ არის გონებრივი მუშაობა ისეთივე დამღლელი, როგორც ფიზიკური. სპეციალისტთა აზრით, კოგნიტიური სამუშაო ტვინში ქიმიურ ცვლილებებს იწვევს.
გონებრივი დაღლილობა წარმოიქმნება მას შემდეგ, რაც ტვინის იმ ნაწილში რომელიც კონტროლზეა პასუხისმგებელი, კონკრეტული ქიმიური ნივთიერება გროვდება. ეს ნივთიერებაა – გლუტამატი, რომელიც ძუძუმწოვართა ცენტრალურ ნერვულ სისტემაშია განთავსებული და ისეთ პროცესებზე ახდენს გავლენას როგორიცაა – სწავლა, მეხსიერება და ძილის ციკლი.
თავისი ჰიპოთეზის დასადასტურებლად მკვლევრებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს. ცდის პირებს 6 საათის განმავლობაში სხვადასხვა დავალებები უნდა შეესრულებინათ, ძირითადად ისეთები, რომელსაც ფიქრი ესაჭიროებოდა. ამასთან, მონაწილეთა ნახევარს მარტივი დავალებები მისცეს, მეორე ნახევარს – რთული. შედეგად დაღლილობის ნიშნები მხოლოდ იმ ჯგუფს გაუჩნდა, ვინც რთულ სამუშაოს ასრულებდა.
შემდეგ მეცნიერებმა ტვინის მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფიაც გადაიღეს და ცდისპირთა ორ ჯგუფს შორის გლუტამატის განსხვავებული დონე დააფიქსირეს. მკვლევართა თქმით, ამ ნივთიერების დაგროვება იმაზე მიუთითებს რომ ორგანიზმი ტვინის აქტივობის შესანარჩუნებლად მეტ რესურსს ხარჯავს და ადამიანიც უფრო იღლება.
კვლევის ავტორები იმასაც აზუსტებენ, რომ გლუტამატის შესამცირებლად ამ დროისთვის საუკეთესო გზა კარგი ძილია.