ძვირფასი ადამიანის ორიგინალური საჩუქრით გახარების სურვილი იშვიათი რამ ნამდვილად არ არის, მაგრამ იშვიათად თუ გადავაწყდებით ისეთ ნივთს, რომლის ჩუქებაც ხელოვნების ნიმუშივით შეგვეძლება. ასეთი შეგრძნება მაშინ გამიჩნდა, როცა მეგობრისთვის ხელნაკეთი სამკაულის ძიებისას სოციალურ ქსელში გვერდი „ენჯი / N.G. Art Accessories“ აღმოვაჩინე. ერთმანეთზე უკეთესი ნამუშევრების თვალიერებით გული რომ ვიჯერე, მათი ავტორის პირადად გაცნობაც მოვიწადინე.
ნათია გელანტია უცხო ენების სპეციალისტი აღმოჩნდა, თარჯიმნად მუშაობის 10 წლიანი გამოცდილებით. ერთ მშვენიერ დღეს მასში ხელოვნებისადმი სიყვარულს ინგლისური ენისადმი პატივისცემა დაუჯაბნია და ტყავის სამკაულის მზადებისთვის მიუყვია ხელი. ხელსაქმეში ბავშვობიდანვე ყოჩაღ გოგოს ხელნაკეთი ნივთების მოყვარულთა ყურადღება მალე მიუქცევია და მისი ნამუშევრებისადმი მზარდ ყურადღებას ქართული ბაზრისთვის რაიმე უცხოს შეთავაზებისკენ უბიძგებია.
ნათია გელანტია, თვითნასწავლი არტ დიზაინერი:
– ხელოვნებასთან ჩემი კავშირი სათავეს ღრმა ბავშვობიდან იღებს. მცირე ასაკიდან უკვე დაინტერესებული ვიყავი ხატვით, ქსოვით, ძერწვით, ქარგვით. ჩემს პირველ ხელნაკეთ ნივთს ვერ გავიხსენებ, მაგრამ რაც ზუსტად მახსოვს ისაა, რომ ჩემი ნამუშევრების გაჩუქება მიყვარდა. შემდეგ ძირითადი პროფესიის გამო, რომელიც ბევრ დროსა და შრომას მოითხოვდა, ხელოვნებასთან დიდხნიანი წყვეტა მქონდა, რასაც ძალიან განვიცდიდი. საბოლოოდ მაინც ისე გამოვიდა, რომ თვითგამოხატვის სურვილმა თარჯიმნობისთვის თავი დამანებებინა და ცხოვრების მთავარ საქმედ ხელოვნებისადმი მსახურება ამარჩევინა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ დღეს ფოტოსურათიდან ავტოპორტრეტის დახატვის სურვილი გამიჩნდა. ნახატმა სოციალურ ქსელში ახლობლების წრეში დიდი მოწონება დაიმსახურა, სტუდენტობის დროს შეძენილმა ერთ-ერთმა მეგობარმა კი, რომელსაც ჩემი ნამუშევრები მანამდე ნანახი არ ჰქონდა, ხელნაკეთი ნივთების შექმნა მირჩია. დავუჯერე, მაგრამ ვიდრე საქმეს შევუდგებოდი, ჩემი ნამუშევრების ფორმაზე ბევრი ვიფიქრე, ქართველი მომხმარებლისთვის რაღაც განსხვავებულის შეთავაზება მინდოდა.
სწორედ ძიების ამ პროცესში, შემთხვევით, სოციალურ ქსელში იტალიელი დიზაინერის მიერ შიბორის ტექნიკით დამზადებულ ყელსაბამს წავაწყდი, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თავდაპირველად ვერც კი მივხვდი, რა ქსოვილი იყო ასე ლამაზად დაგოფრილი და მბზინავი, ამიტომ ატლასი უთოთი დავპლისე, მაგრამ არ გამოვიდა. შემდეგ მიახლოებული ქსოვილი მოვიძიე და მსგავსი ყელსაბამის დამზადება ვცადე, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემი ნამუშევარი ინტერნეტში ნანახთან ახლოსაც ვერ მივიდოდა. ბოლოს საქმეში ჩემი მეგობარი ჩაერთო. მან იმ დიზაინერის, ქსოვილისა და ტექნიკის სახელი და ისიც კი მოიძია, საიდან შემეძლო შიბორის ლენტების გამოწერა. იმ დროს, 2016 წელს, ინტერნეტში შიბორის ტექნიკის შემსწავლელი ერთადერთი ვიდეო მოიპოვებოდა. როდესაც მასალა ჩამომივიდა, ამ ვიდეოდან მიღებული ინფორმაციით, არცთუ ურიგოდ, პირველი საყურე დავამზადე. ამას მოჰყვა გულსაბნევები, სამაჯურები, ყელსაბამები, ბეჭდები და თმის სამაგრები. მხოლოდ დროთა განმავლობაში გავაცნობიერე, რომ უნიკალური ნამუშევარი სხვადასხვა სახის ტექნიკისა და მასალის ფერთა შერწყმით მიიღება.
– რა დრო დაგჭირდა შიბორის ტექნიკაში დასახელოვნებლად?
– გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში სამკაულს ასეთი ტექნიკით არავინ ამზადებდა, თავდაპირველად ნიმუშებს Pinterest-იდან ვიღებდი და მსგავსის დამზადებას ვცდილობდი. შემდეგ უკვე საკუთარი დიზაინით დავიწყე მუშაობა. საოჯახო საქმეების გამო (ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს) პირველი კოლექციის შესაქმნელად და საზოგადოების წინაშე მის გამოსაფენად ერთი წელი დამჭირდა.
– სამუშაო პროცესის შესახებ მოგვიყევი.
– შიბორის სამკაულის დასამზადებლად სამი ტექნიკა გამოიყენება – შიბორის, სუტაჟისა და ბისერებით ქარგვის. ძირითადი მასალა შიბორს ლენტებია. შიბორი არის ნატურალური აბრეშუმი, რომელიც სხვადასხვა ფერში იღებება და სპეციალური ტექნიკით იგოფრება. რაც შეეხება სუტაჟის ტექნიკას, რომლითაც საქართველოში სამკაულს უკვე მრავალი წელია, რაც ამზადებენ, სუტაჟის თასმაში ფერადი მინის, ბუნებრივი ქვების და ნებისმიერი სახის კაბოშონის მოთავსებას და კრისტალების/ბისერების ჩაკერებას გულისხმობს. ეს ტექნიკაც დამოუკიდებლად შევისწავლე, შიბორის ტექნიკასთან გავაერთიანე და ნამუშევრების სრულყოფილებისთვის ბისერებით ქარგვის საბაზისო ცოდნაც მოვიშველიე.
ესკიზებს იშვიათად, მხოლოდ იმ შემთხვევაში ვაკეთებ, თუ მომხმარებელი ახალი მოდელის (ჩემი ან მისი იდეით) დამზადებას მთხოვს. რამდენიმე ვარიანტიდან ერთ-ერთის შერჩევის შემდეგ მუშაობას ფერებისა და მასალების შესაბამისად ვიწყებ. ზოგადად კი, საკუთარ, ახალ დიზაინზე მუშაობისას მხოლოდ ჩემს წარმოსახვას ვიყენებ. ზოგჯერ მუშაობის პროცესში ჩანაფიქრს სრულიად ვცვლი ხოლმე. დროს რაც შეეხება, უკვე შექმნილი დიზაინით შიბორის სამკაულის დასამზადებლად მინიმუმ 3-4 საათია საჭირო, ახალ დიზაინზე მუშაობისას, ცხადია, უფრო მეტი.
– რა პრინციპს ერთგულებ საქმის კეთებისას, რა არის შენთვის მნიშვნელოვანი?
– ზოგადად ყველა სფეროში მთავარია, გვიყვარდეს ის, რასაც ვაკეთებთ, მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია მუშაობა ნაყოფიერიც და სასიამოვნოც. ჩემთვის მთავარი პრინციპი კი კმაყოფილი მომხმარებელია. მაქსიმალურად ვცდილობ, მისი სურვილები და გემოვნება გავითვალისწინო, რაშიც ზოგჯერ საათები გადის. თითოეულ შეკვეთას დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები და მომხმარებლისგან უკუკავშირამდე ყოველ ჯერზე ვნერვიულობ. დადებითი შეფასება უდიდესი სტიმულია ჩემთვის.
– უკმაყოფილო მომხმარებლები თუ გყოლია და რა ყოფილა უკმაყოფილების მიზეზი?
– 6 წლის მანძილზე თითზე ჩამოსათვლელი უკმაყოფილო მომხმარებელი მყავს. მიზეზი, ძირითადად, ზომაში ცდომილება ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ სამკაულის რეალურ ზომასა და ფერს ფოტო-ვიდეო მასალით გადმოვცემ, ზოგჯერ თვალი პარამეტრებს სწორად ვერ აღიქვამს.
– რა მოსწონს მომხმარებელს შიბორის ტექნიკით დამზადებულ სამკაულში ყველაზე მეტად?
– შიბორის სამკაულმა თავიდანვე დიდი მოწონება დაიმსახურა, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ხვდებოდნენ, რისგან იყო დამზადებული. შიბორის ტექნიკის შესახებ ცნობადობა თანდათან გაიზარდა, თუმცა ის, რაც შიბორის სამკაულში დღემდე განსაკუთრებულად ხიბლავთ მისი განსხვავებული ფორმა და ფერებია.
– მათ, ვისაც ერთხელ მაინც უცდია საკუთარი ხელით შეექმნა რაიმე ღირებული, კარგად მოეხსენება, როგორ მოთმინებასა და აკურატულობას მოითხოვს ეს პროცესი. სწორედ ამის გამო არ აქვს ხელნაკეთ ნივთებს ისეთივე ხელმისაწვდომი ფასი, როგორც მასობრივი წარმოების პროდუქციას. შენ რა კრიტერიუმებით განსაზღვრავ შენი სამკაულის ფასს საქართველოს ბაზრისთვის?
– უპირველესად ვითვალისწინებ იდეას, დახარჯულ დროს, ხარისხს და მასალის ხარჯებს, შემდეგ კი საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ფასებსა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას.
– რას აკეთებ შენი პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით?
– ჩემი ბიზნესის განვითარებაში სოციალურმა ქსელებმა დიდი როლი ითამაშეს. ვფიქრობ, დღევანდელ დღეს სწორედ ისინი და ელექტრონულ კომერციაა წარმატების გარანტი. თავდაპირველად შიბორის ტექნიკით დამზადებულ სამკაულს ფართო საზოგადოებას სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობით ვაცნობდი. შემდეგ იყო პანდემია და უმოქმედობის პერიოდი. თუმცა პანდემიის დასრულების შემდეგ ხელნაკეთ ნივთებსა და სამკაულზე მოთხოვნა ისევ გაჩნდა. ჩემს შემთხვევაში შეკვეთებმა ისე იმატა, რომ მზა მოდელების მარაგის შექმნის საჭიროება დამიდგა, ამან კი, თავის მხრივ, სახელოსნოს გახსნისკენ მიბიძგა. რაც შეეხება საგრანტო პროგრამებს, კონკურსებში მონაწილეობა არასდროს მიცდია.
– შენი ნამუშევრები საზღვარგარეთ თუ გაგიყიდია?
– ჩემი ბრენდი ხელნაკეთი ნივთების ყველაზე დიდ პლატფორმაზე – Etsy.com – ჯერ კიდევ 2018 წელს დავარეგისტრირე, თუმცა მასზე მხოლოდ პანდემიის დროს გავაქტიურდი. ამ პორტალის საშუალებით ჩემი ნამუშევრები მსოფლიოს მრავალ წერტილში გაიგზავნა. ასევე, უამრავი მომხმარებელი მყავს ემიგრანტებს შორის.
– რამდენად აქცევ ყურადღებას ხელნაკეთი ნივთების ბაზარზე დღეს არსებულ კონკურენციას და რას აკეთებ იმისთვის, რომ მომხმარებელმა უპირატესობა შენს ბრენდს მიანიჭოს?
– გამომდინარე იქიდან, რომ შიბორის ტექნიკა შედარებით ახალი და განსხვავებულია, „ენჯის“ სამკაულს საჩუქრად, თუ საკუთარი თავისთვის უყოყმანოდ ირჩევენ, მაგრამ იმისთვის, რომ ბრენდმა აქტუალურობა არ დაკარგოს და მოსაბეზრებელი არ გახდეს, ჩემს შემოქმედებაში სიახლე ხშირად შემაქვს. ამ ეტაპზე რამდენიმე დიზაინერთან ვთანამშრომლობ, ჩემს სამკაულს საპატარძლო კაბებს ვუსადაგებ, ჩანთებს კი შიბორის დეკორით ვამკობ.
– შიბორის ტექნიკით საკუთარი თავისთვის თუ დაგიმზადებია სამკაული?
– მიუხედავად იმისა, რომ სამკაული, განსაკუთრებით კი საყურეები, ძალიან მიყვარს, საკუთარი თავისთვის არასდროს დამიმზადებია. ფოტოს გადასაღებადაც კი საკუთარი ნამუშევარი იშვიათად მომირგია.
– ვიცი, რომ შიბორის ტექნიკის შესწავლის არაერთი მსურველი გამოგიჩნდა და კურსებიც კი გქონდა, დღეს რა სიახლე გაქვს ამ მხრივ?
– შიბორის ტექნიკის სწავლება 2018 წლიდან დავიწყე და ამ ხნის განმავლობაში, დაახლოებით, 300 მოსწავლე მყოლია, რომელთა უმრავლესობასთან დღემდე ვმეგობრობ. სულ ვიმეორებ, რომ ამ კურსების მიზანი არა მხოლოდ ჩემი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაა, არამედ ჩემი სანაცნობო წრის საინტერესო ადამიანებით გამდიდრება. ამ ეტაპზე საკუთარი მაღაზიის გახსნას არ ვგეგმავ, თუმცა მომხმარებელს უკვე შეუძლია გვესტუმროს სახელოსნოსში და ადგილზე შეარჩიოს ან შეუკვეთოს სასურველი სამკაული, თუ აქსესუარი.
– როგორ წარმოგიდგენია შენი ბრენდის მომავალი?
– ერთი ოცნება მაქვს, რომლის რეალობად ქცევისთვის გარკვეული დრო დამჭირდება, მაგრამ მთავარია, საქმის კეთება იმ შემართებით განვაგრძო, რა შემართებითაც დავიწყე. ვფიქრობ, აუცილებელია მუდმივი განვითარება, სიახლეების ძიება, სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა, მომხმარებელთან უწყვეტი კომუნიკაცია და, რა თქმა უნდა, თავდაუზოგავი შრომა – დასახული მიზნები მხოლოდ ასე მიიღწევა.