ევროპული იპოთეკური ობლიგაციების საბჭოს (European Covered Bond Council, ECBC) ყოველწლიურმა საერთაშორისო გამოცემამ, რომელიც იპოთეკური ობლიგაციების ბაზრის აქტუალურ საკითხებს მიმოიხილავს, საქართველოში მოქმედი იპოთეკური ობლიგაციების მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ სტატია გამოაქვეყნა.
პუბლიკაციაში, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ექსპერტების ჩართულობით მომზადდა, პოზიტიურადაა მიმოხილული საქართველოს პარლამენტის მიერ 2022 წელს მიღებული კანონი „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“, ასევე, მის საფუძველზე ეროვნული ბანკის მიერ 2023 წელს დამტკიცებული „იპოთეკით დაცული ობლიგაციების მარეგულირებელი წესი“. გამოცემაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველოში მოქმედი იპოთეკური ობლიგაციების მარეგულირებელი ჩარჩო სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
საერთაშორისო გამოცემის პრეზენტაცია გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში, მიმდინარე წლის სექტემბერში გამართულ იპოთეკური ობლიგაციებისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ გლობალურ კონფერენციაზე (Euromoney/ECBC Covered Bond Congress) შედგა. ორგანიზატორთა მიწვევით ღონისძიებაში საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ღონისძიების ფარგლებში ქართველმა სპეციალისტებმა ხაზი გაუსვეს იპოთეკური ობლიგაციის არა მხოლოდ როგორც საინვესტიციო პროდუქტის მნიშვნელობას, არამედ ყურადღება გაამახვილეს იპოთეკურ ობლიგაციაზე როგორც საბანკო სისტემაში რისკების მართვის ერთ-ერთ ინსტრუმენტზე, მათ შორის, იპოთეკური ობლიგაციის საშუალებით საბანკო სესხების დაფინანსებაში გრძელვადიანი ვალდებულების საფუძველზე მოზიდული სახსრების წილის ზრდის პოტენციალზე.