რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ გიორგი სუხიტაშვილი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერების „შატილი“ და „აიარა“ პრემიერა შედგა.
გიორგი, შენი „არ დაიდარდოში“ ბოლო სტუმრობის შემდეგ დიდი დრო გავიდა… რას საქმიანობ და რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში?
სულ სიახლე მაქვს, მაგრამ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ მგონია, სიახლეს სოციალურ ქსელში რომ ათავსებ, ეს ყველაფერი ყველგან სინქრონდება. არ ვარ ადამიანი, რომელიც რაღაცას აკეთებს და მერე ყველგან დაატარებს. იმის გამო, რომ „ფეისბუქზე“ ძალიან დიდი გვერდი მაქვს, სულ მგონია, რომ ტელე-რადიო წარმომადგენლები ყურადღებით უნდა იყვნენ, რადგან რაღაც სისულელეს რომ დავწერ ხოლმე, იმას უცებ გარდაქმნიან სტატიებად. შესაბამისად, რადგან აღნიშნული აინტერესებთ ადამიანებს, სულ მგონია, რომ დაახლოებით იგივე ინტერესი მაინც უნდა იყოს იმ საქმიანობის მიმართ, რა პროფესიითაც გამიცნო საზოგადოებამ.
გიფიქრია, რომ არა მუსიკოსი, ვინ იქნებოდი?
კი, მიფიქრია და რამდენიმე ვარიანტი მაქვს. ერთი, ეს არის – სპორტი, რომელიც დღესაც იკავებს ჩემი ცხოვრების დიდ ნაწილს. ძალიან მიყვარს სამხედრო, მილიტარისტული საქმიანობა. ძალიან მსიამოვნებს ფორმა და მიყვარს იარაღი, ამიტომ ამ კუთხითაც შესაძლოა, რომ ვყოფილიყავი. ასევე, სოფელში მაქვს ბაღი და ბოლო დროს, ამ ბაღის ჩემი ხელით კეთება მიწევს. სამი წლის წინ პირველი მუხები და ნეკერჩხლები დავრგე და მას შემდეგ სხვადასხვა ჯიშის ხეს ვრგავ. მინდა, რომ მომავალში მწვანე, ლამაზი საფესტივალო სივრცე მოვაწყო.
უამრავმა მუსიკოსმა დატოვა საქართველო და ძალიან ბევრს აქვს მსგავსი სურვილი, შენ თუ გიფიქრია ოდესმე ამაზე?
ჩვენს ქვეყანაში მომღერლობა აღიქმება, რომ გააღებ პირს, ფულს შოულობ… სხვა ქვეყანაში როცა გაიგებენ ხოლმე, რომ „Pop Idol“ პრინციპის კონკურსის გამარჯვებული ვარ, რომ მაქვს ჩემი ალბომი, ვარ „თბილისის ბიგ ბენდის“ სოლისტი, თანამშრომლობა მაქვს კამერულ-სიმფონიურ ორკესტრებთან და ა.შ. მათ აბსოლუტურად სულ სხვა განწყობა აქვთ. სამწუხაროდ, უცხოეთში ვხვდები, ჩემს განვლილ ცხოვრებას, კარიერას დაახლოებით როგორ უნდა აღიქვამდნენ საქართველოში. იქ ყველა პროფესიას, ადამიანს სცემენ პატივს. ადამიანებმა უპირობოდ უნდა შევიყვაროთ ერთმანეთი.
ვისაუბროთ სიმღერაზე „შატილი“.
მუსიკა ჩვენი ლეგენდარული კომპოზიტორის, მაცაცო სებისკვერაძისაა, ლექსი კი – არმაზ სანებლიძის. ეს არის სიმღერა, რომელსაც გოგი დოლიძე ასრულებდა. თავად ქალბატონ მაცაცო სებისკვერაძის სურვილი იყო, რომ მე შემესრულებინა. ეს სიმღერა ჩემთვის მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ შიგნით უამრავი ეთნო ელემენტია. გარმონი, საყვირი, ჯაზური ინსტრუმენტი, – ბევრი რამ ხდება შიგნით. ღრმა არის ტექსტიც, ბევრი ქვეტექსტი აქვს. სხვათა შორის, რომ არ ეთქვათ ჩემთვის, რომ ქალბატონი მაცაცოსია, ვერ მივხვდებოდი, ვისი დაწერილი იყო, იმდენად განსხვავდება მისი შემოქმედებისგან. სიმღერა „ბრავო რექორდსში“ ჩავწერეთ. მიხარია, რომ ამ პროექტზე ბევრმა პროფესიონალმა იმუშავა.
როგორია სიმღერის „აიარა“ ისტორია?
გვიანი იყო, მეძინა, რუსა მორჩილაძემ დამირეკა და მითხრა, სუხიტ, „აიარა“ უნდა ჩაწეროო და უცებ გაითიშა ტელეფონი. მერე, გავაგრძელე ძილი და დილით დავურეკე რუსას, გუშინ მართლა დამირეკე, თუ დამესიზმრა-მეთქი, ვკითხე. პირველად ორკესტრთან ერთად, სცენაზე შევასრულე და შემდეგ, ჩავწერე. დიდი მადლობა რუსას ამ ნდობისთვის. ტექსტი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის. სიმღერა „ბრავო რექორდსში“ ჩაიწერა.
ემიგრანტებს როცა ვხვდები, მგონია, რომ ყველა თავის თავს პოულობს ამ სიმღერაში. მეც რაღაც მომიჭერს ხოლმე, რადგან მამა მყავს ემიგრანტი უკვე 20 წელია და პირველ რიგში, მამაჩემი მახსენდება…
გიორგი სუხიტაშვილი – შატილი
გიორგი სუხიტაშვილი – აიარა
გადაცემის აუდიოჩანაწერი
გიორგი სუხიტაშვილი. ვიდეო კოლაჟი