Ferrari LaFerrari Aperta–ის ბოლო, 210–ეგზემპლარი ათ მილიონ დოლარად გაიყიდა. ავტომობილი RM Sotheby’s–ის აუქციონის სახლმა Leggenda e Passione–ს ღონისძიების ფარგლებში გაყიდა, რომელიც იტალიური ბრენდის 70 წლის იუბილეს ეძღვნება. მიღებული თანხა ორგანიზაცია Save the Children–ს, ბავშვების დასახმარებლად გადაერიცხება.
ბოლო LaFerrari Aperta ხასხასა წითელი ფერის არის და ძარაზე სარბოლო ზოლები აქვს დატანილი. გარდა ამისა, ავტომობილზე ორგანიზაცია Save the Children–ის ლოგოტიპიც არის გამოსახული.
LaFerrari–ის ჰიბრიდული მოწყობილობა ჯამურად 963 ცხენის ძალას ავითარებს. ნულიდან ას კილომეტრამდე სიჩქარის განვითარება სამ წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი 350 კმ/სთ აქვს.
Leggenda e Passione–ს აუქციონზე ასევე უიშვიათესი Ferrari 365 GTB/4 Daytona Berlinetta Alloy by Scaglietti–ც გაიყიდა, რომელმაც ავტოფარეხში 40 წელი გაატარა. მასში 1,8 მილიონი ევრო გადაიხადეს.