წამყვანმა შვეიცარიულმა ანალიტიკურმა კომპანიამ Global Risk Profile (GRP) გლობალური კორუფციის ინდექსთან (Global Corruption Index (GCI)) დაკავშირებით 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
რეიტინგში საქართველო ორი ადგილით დაწინაურდა და მსოფლიოს 196 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის 43-ე ადგილი დაიკავა. ამ მაჩვენებლით მან შავიზღვისპირეთში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში პირველი ადგილი მიიღო სტატუსით „კორუფციის დაბალი დონე“. აღსანიშნავია, რომ საქართველო აღნიშნულ რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც „კორუფციის დაბალი დონის“ სტატუსი აქვს.
კორუფციისაგან თავისუფლებით საქართველომ გაუსწრო ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 8 სახელმწიფოს.
მსოფლიოს მასშტაბით „კორუფციის დაბალი დონის“ სტატუსის მქონე ქვეყნების ათეულში მოხვდნენ: ფინეთი, ნორვეგია, ახალი ზელანდია, შვედეთი, დანია, ესტონეთი, ნიდერლანდები, ისლანდია, ირლანდია და გაერთიანებული სამეფო.
მსოფლიოს მასშტაბით „კორუფციის მაღალი დონის“ სტატუსის მქონე ქვეყნების ათეული კი ასე განისაზღვრა: ჩადი, ჰაიტი, ერიტრეა, სომალი, ლიბია, იემენი, სამხრეთ სუდანი, კონგო, ჩრდილოეთ კორეა და სირია.
გლობალური კორუფციის ინდექსის გამოსათვლელად ექვსი ინდიკატორი გამოიყენება, რომელთაგან ოთხი კორუფციაზე, ორი კი ფინანსურ დანაშაულზეა ორიენტირებული.
