LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხიბლი“ – ნულოვანი ნარჩენის პრინციპით მომუშავე სტარტაპი

337
01

მწვანე ეკონომიკა ეკონომიკური განვითარების ის მოდელია, რომელიც მდგრად განვითარებასა და ეკოლოგიური ეკონომიკის ცოდნაზეა დამყარებული – ეს მცირე ამონარიდია მწვანე ეკონომიკის შესახებ განმარტებიდან, რომელსაც ბოლო დროს მედიის წარმომადგენლები გულდასმით ვავლებთ თვალს არა მხოლოდ სფეროში უკეთ გარკვევის, არამედ იმ საწარმოების წარმოჩენის მიზნით, რომლებმაც მიზნად ბუნებრივი რესურსების გონივრული გამოყენება და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირება დაისახეს. განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ ამ პროცესში ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ, ოჯახის წევრებიც აიყოლიეს და ახალი, ე.წ. მწვანე სამუშაო ადგილების შექმნა რეგიონებში დაიწყეს.

„ხიბლი“ ზემოთ თქმულის, ალბათ, ერთ-ერთი კარგი მაგალითია. საწარმო 2 წლის წინ გორის რაიონში ერთი აქტიური გოგონას თაოსნობით ხილისგან და მისი ნარჩენებისგან ნატურალური პროდუქციის შექმნის მოტივით ოჯახურ ბიზნესად ჩამოყალიბდა. სტარტაპმა ისეთი მიმართულებები გააერთიანა, როგორებიცაა ღვინის, თაფლის, ჩურჩხელის, ტყლაპისა და ჩირის წარმოება. თუმცა განვითარებამდე იყო საგრანტო კონკურსებში ბედის მოსინჯვის ეტაპები.

თამარ ხიბლიშვილი, „ხიბლის“ დამფუძნებელი:

– საწარმოს შექმნის იდეა წლების წინ გამიჩნდა. მინდოდა სოფელ ატენს ისეთი საწარმო ჰქონოდა, სადაც სოფლის მცხოვრებლები სხვადასხვა მოსავლის ჩაბარებას შეძლებდნენ და ეს მათთვის ფინანსური შემოსავლის წყაროდ იქცეოდა, გარდა ამისა, სოფლის ახალგაზრდებისგან დაცლასაც შეაფერხებდა. მაგრამ ფინანსური სირთულეების გამო იდეის განხორციელება კარგა ხნით გადაიდო.

2022 წლის მარტში გერმანიაში მოგზაურობისას შევიტყვე, რომ პოლონეთს საქართველოსგან ხურმის ჩირის დიდი რაოდენობით შეძენა სურდა, მაგრამ ჩვენი ქვეყანა საკმარისი რაოდენობის მიწოდებას ვერ ახერხებდა. სწორედ მაშინ დავისახე პირველი ნაბიჯების გადადგმა მიზნად, დავბრუნდი სამშობლოში და სხვადასხვა პროექტში აქტიურად ჩავერთე. უპირველესად, მოვიძიე ინფორმაცია საგრანტო კონკურსებთან დაკავშირებით, გამოვიკითხე სოფლის მოსახლეობა, სურდათ თუ არა სოფელში საწარმოს ფუნქციონირება, შემდეგ ისეთი ადგილის შერჩევა დავიწყე, რომელიც მარტივად მისაგნები იქნებოდა როგორც სოფლის მოსახლეობისთვის, ისე დაინტერესებული ტურისტისთვის. პარალელურად ვსწავლობდი ბაზრის საჭიროებებს და გამოწვევებს.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა პირველად 2022 წელს მივიღეთ და სააგენტოსგან „აწარმოე საქართველოში“ 30 000 ლარი მივიღეთ, ჩვენი წილი კი 10 000 ლარი გახლდათ, რაც საწარმოს HACCP-ის პრინციპით (Hazard Analysis Critical Control Point) რემონტს და ინვენტარის შეძენას სრულად მოხმარდა. ამავდროულად ვიყავით ჩართულები პროექტში „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE), რომლის მეშვეობითაც მოვიპოვეთ 7500 ევროს ოდენობის გრანტი (80/20 თანამონაწილეობით) და ეს თანხა 500 კილოგრამიანი საშრობი აპარატის შეძენას მოხმარდება. აქვე აღვნიშნავ, რომ უკვე დასრულდა სატენდერო კონკურსი და მალე გამოცხადდება გამარჯვებული კომპანია, რომელიც ჩვენს საწარმოს 500 კილოგრამიან ჩირის საშრობ აპარატს შემატებს და საწარმოს მუშაობას გაააქტიურებს.

– ნარჩენების გადამუშავება თქვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. გარემოზე ზრუნვის სურვილი რატომ გაგიჩნდათ?

– დღეს გარემო იმდენადაა დაბინძურებული, რომ არ გვინდა, ჩვენი საქმიანობით კიდევ უფრო მეტი ზიანი მივაყენოთ ბუნებას. იქამდე გავაგრძელებთ გარემოსდაცვით პროექტებში მონაწილეობას, ვიდრე ჩვენი საწარმო სრულად მწვანე არ გახდება. დღეს „ხიბლი“ საქართველოში ის ერთ-ერთი საწარმოა, რომელიც ნულოვანი ნარჩენით მუშაობს, რაც იმას გულისხმობს, რომ წარმოებიდან მონარჩენისგან ვქმნით კომპოსტს და სასუქად ვიყენებთ.

– რას ნიშნავს დღეს საქართველოში გქონდეს სტარტაპი, ვისი მხრიდან გჭირდებათ ყველაზე მეტად ხელშეწყობა?

– რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და ვთქვათ, რომ საქართველოში არ არის მარტივი გქონდეს სტარტაპი, ძალიან ბევრმა ამ სიტყვის მნიშვნელობაც კი არ იცის. მაგალითად, როდესაც მაღაზიები პროდუქციის დიდი რაოდენობით მიწოდებას გვთხოვენ, არ ესმით, რომ სტარტაპს ამისი რესურსი ვერ ექნება. სახელმწიფოს ბევრი პროექტი აქვს ახალგაზრდებისთვის, მით უფრო, სოფლის განვითარებისთვის, ასევე, არის უამრავი დონორი ორგანიზაციაც, რაც ძალიან გვეხმარება ჩვენი საქმიანობის სწორად წარმართვაში, მაგრამ ხელშეწყობა ყველა მეწარმეს ბანკებისგანაც სჭირდება. ისინი ან საერთოდ არ გასცემენ, ან რთულად გასცემენ სესხებს და თანაც საშინელი პროცენტით. საქმეში განვითარებისთვის ფინანსები აუცილებელია, ამ მხრივ კი არასახარბიელო მდგომარეობაა.

– სად შეუძლია მომხმარებელს თქვენი პროდუქციის გაცნობა?

– ჩვენი პროდუქცია იყიდება ტურისტულ ობიექტებზე, სხვადასხვა კერძო მაღაზიაში. ასევე, აქტიურად ვმონაწილეობთ გამოფენა-გაყიდვებში საქართველოს მასშტაბით, საიდანაც მომხმარებელი უფრო გვიცნობს. დიდი სურვილი გვაქვს, ჩვენი ნაწარმი საქართველოს ფარგლებს გარეთაც გავიტანოთ.

– როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იქცეს თქვენი საწარმოს მთავარ მახასიათებლად?

– ჩემი ოჯახი მაგალითია იმისა, რომ არ უნდა მივატოვოთ სოფელი, სამშობლო და მაქსიმუმი ვაკეთოთ ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ასე შეიქმნება სამუშაო ადგილები და ნაკლები ემიგრანტი ეყოლება საქართველოს. ჩვენი საწარმოს მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ არცერთ პროდუქტში არ ვიყენებთ არანაირ დანამატს და მათ მხოლოდ ის გემოვნური თვისებები აქვთ, რაც ნედლეულს ახასიათებს. სხვათა შორის, ნედლეულს გორის რაიონის ადგილობრივი ფერმერებისგან ვყიდულობთ.

– როგორც ახალგაზრდა მეწარმემ, საწარმოო პროცესებში თქვენი თაობის ჩართულობის მნიშვნელობაზე რომ ისაუბროთ.

– უპირველესად ვიტყოდი, რომ დღევანდელი მდგომარეობა შენს მომავალს არ განსაზღვრავს, მთავარია, შენი მიზნის გწამდეს. საბედნიეროდ, გარშემო ისეთი მეგობრები მყავს, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაზე გული მართლა შესტკივათ და იმაზე ვართ ორიენტირებულები, როგორ ჩავრთოთ დანარჩენი ახალგაზრდებიც სხვადასხვა აქტივობაში, მით უფრო ისეთი  სოფლებიდან, სადაც ჯერ კიდევ დგას წყლის, დენის და სხვა ელემენტარული საჭიროებების პრობლემა. მათთვის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას ვცდილობთ. ჩვენ ორ ომგამოვლილი ახალგაზრდა თაობა ვართ, რომელმაც უამრავი სტრესის მიუხედავად ფეხზე მყარად დადგომა და საკუთარ ქვეყანაში იმ პროდუქციის წარმოება შეძლო, რითაც მსოფლიოს საქართველოს აცნობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g