LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო და მსოფლიო სისტემა: როგორ მოვხვდეთ ჩინეთში

37

მსოფლიოს 2019 წლის შესარჩევი ტურნირის პირველი სათამაშო ფანჯარა დასრულდა. პლანეტის პირველობისთვის საკვალიფიკაციო მატჩებს მსოფლიოს ყველა კონტინენტმა უმასპინძლა. ახალი სისტემის თანახმად, ჩინეთში გასამართი მუნდიალის შესარჩევი ტურნირი 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ევროპის საკვალიფიკაციოში შექმნილია 8 ოთხგუნდიანი ჯგუფი. თითოეული ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე გავა 3 საუკეთესო. ნაკრებები ჯგუფის 3 მეტოქესთან მიმოსვლით – შინ და სტუმრად ითამაშებენ და ჯამში 6 ტურის შემდეგ გაირკვევა ის საუკეთესო 3 გუნდი, რომელიც მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადაინაცვლებს.

საქართველო მოხვდა G ჯგუფში გერმანიასთან, სერბეთთან და ავსტრიასთან ერთად. პირველი ჯგუფის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ფიბა-ს გამოყოფილი აქვს 3 ფანჯარა: ნოემბერში, თებერვალში და ივნის-ივლისის მიჯნაზე. ნოემბერის ფანჯარაში ნაკრებებმა უკვე 2 მატჩი მოილიეს და როგორც მოგეხსენებათ, საქართველომ ორივე გასვლითი შეხვედრა დათმო – ჯერ გერმანიაში 24 ნოემბერს და შემდეგ სერბეთში – 27 ნოემბერს.

საქართველოს ნაკრებს დარჩენილ 4 შეხვედრაში მინიმუმ 2 მოგება მართებს, ჯგუფიდან რომ გავიდეს.

ჩვენს ჯგუფში 2-2 მოგებით ლიდერები სერბეთი და გერმანია არიან, ხოლო ავსტრიასა და საქართველოს 2-2 წაგება აქვთ. თებერვლის ფანჯარაში საქართველო ჯერ 23 რიცხვში ავსტრიაში ითამაშებს, ხოლო 2 დღეში თბილისში გერმანიას უმასპინძლებს. პირველი ეტაპის ბოლო ფანჯრის ფარგლებში ილიას ზუროსის გუნდი 2018 წლის 29 ივნისს სერბეთს უმასპინძლებს, ხოლო 2 ივლისს – ავსტრიას.

მეორე ჯგუფური ეტაპის თამაშები გაიმართება 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ივნისამდე. ცნობილია, რომ ჩვენი ჯგუფიდან გასული 3 გუნდის მეტოქეები მომდევნო ეტაპზე H ჯგუფის (საბერძნეთი, ისრაელი, ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი) წარმატებული ნაკრებები იქნებიან. ერთი ჯგუფიდან გასულ გუნდებს ერთმანეთში დაფიქსირებული შედეგები მეორე ეტაპზე გადაჰყვებათ და ეთამაშებიან მხოლოდ სხვა ჯგუფიდან გამოსულ სამ ნაკრებს. ანუ შეიქმნება 6-გუნდიანი ჯგუფები, თუმცა როგორც პირველ, ისე მეორე ეტაპზე ნაკრებებს მოუწევთ 6 მატჩის გამართვა.

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საგზურებს ამ 6-გუნდიანი ჯგუფების 3-3 საუკეთესო მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები