LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „მართალია ეს ხალხი, რად უნდა გზის რეაბილიტაციას 8 თვე, აყარე ძველი, გადააგე ახალი. ყოფილიყო გასული საუკუნის ინფრასტრუქტურით, რა უჭირდა“ – რას წერს თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი

235
BeFunky-collage

თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს.

ამის შესახებ თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ წერეთლის გამზირზე სამუშაოები სულ მალე დასრულდება.

„მართალია ეს ხალხი, რად უნდა გზის რეაბილიტაციას 8 თვე, აყარე ძველი, გადააგე ახალი. ყოფილიყო გასული საუკუნის ინფრასტრუქტურით, რა უჭირდა.

არც დიდუბის ხიდი იყო გასაახლებელი, მერე რა, რომ ინტენსიური მოძრაობაა ხიდზე და 70 წელია ხელი არავის უხლია, სამაგიეროდ დისკომფორტი ხომ არ გვექნებოდა.

ახლა კი უფრო სერიოზულად, ვისაც მართლა აინტერესებს შექმნილი აჟიოტაჟიდან სიმართლის გაგება, მოკლე პასუხები მთავარ კითხვებზე (ვრცლად ბევრჯერ ისაუბრეს ჩემზე უფრო კომპეტენტურებმა):

– რატომ გაჭიანურდა სამუშაოების დასრულება?

გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თარიღად (პირველივე დღიდან) დასახელებული იყო 2024 წლის იანვრის ბოლო. დღეს 21 იანვარია, გაგიკვირდებათ და საგზაო მოძრაობა დაგეგმილ დროს, ისევ იმავე თარიღში (იანვრის ბოლოს) ორმხრივად აღდგება.

– რატომ არ გაუწყვიტა თბილისის მერიამ უპასუხისმგებლო კომპანიებს ხელშეკრულებები არა იანვარში, არამედ 6 თვის წინ?

6 თვის წინ, 4 თვის წინ, 3 თვის წინ და ასე შემდეგ გამზირზე მიმდინარეობდა კომუნიკაციების შეცვლის სამუშაოები, რაც არის რეაბილიტაციის ყველაზე რთული და ხანგრძლივი პროცესი. ამ სამუშაოებს აწარმოებდნენ სხვადასხვა კომპანიები, მათ შორის- თბილისი ენერჯი, ჯივიპი, თელასი… სწორედ ამის შემდეგ ხდება უშუალოდ გზის, ტორტუარების, თარგების მოწყობა და სხვა მსგავსი ტიპის სამუშაო. შესაბამისად, ხარვეზები, რაც კომპანიებს წინა თვეებშიც ჰქონდათ და ამის შესახებ მუდმივად ხდებოდა მითითებები მონიტორინგის მიერ, თვალსაჩინო გახდა დასკვნით ეტაპზე. ანუ, როცა ყველა ძირითადი სამუშაო დასრულდა და დაიწყო მოწესრიგების ეტაპი, ცხადი გახდა, რომ კონტრაქტორი კომპანიები ვერ ართმევდნენ თავს დაკისრებულ მოვალეობას. შესაბამისად, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ.

– რატომ შეარჩია მერიამ ისეთი კომპანიები, რომლებიც ვერ ართმევენ თავს აღებულ პასუხისმგებლობას?

მერია არ არჩევს კომპანიებს, მერია ადგენს სატენდერო პირობებს, დანარჩენს შესყიდვების კანონი არეგულირებს. ტენდერი ცხადდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე და ნებისმიერს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა.

და ბოლოს, წერეთლის გამზირზე სამუშაოები სულ მალე დასრულდება და დარწმუნებული ვარ, ყველა, ვისაც უყვარს თბილისი, გულით გაიხარებს განახლებული გამზირით, რომელიც დასავლეთ საქართველოდან ჩვენს ქალაქში შემომავალ ნაკადს ერთ-ერთი პირველი ეგებება,“ – წერს მანანა თოქმაჯიშვილი ფოტო/ვიდეო მასალას გვიზიარებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g