LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღუდუშაური: „იმდენად უთავმოყვარეო როგორ უნდა იყო, მოლდოვის სასამართლოზე თქვა, რომ ის საქართველოს სასამართლო სისტემას უსწრებს და მოწინავეა, ეს არის უსირცხვილობა უნამუსობასთან ერთად“

140
ალუდა ღუდუშაური

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსს“, რომლის თანახმად, ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით მოლდოვა და უკრაინა პირველ და მეორე ადგილს იკავებენ, საქართველო კი მესამე ადგილზეა, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ეხმიანება.

როგორც ალუდა ღუდუშაური აღნიშნავს, „არაერთი პარამეტრით, საქართველო მოლდოვასა და უკრაინასთან მიმართებით არა თუ ჩამორჩენილი, არამედ მოწინავე ქვეყანაა“.

„მათი მიზანია ბურუსისა და გაურკვევლობის შექმნა და დასავლეთის თვალში საქართველოზე ისეთი წარმოდგენის ჩამოყალიბება, რომ ქვეყანაში რეგრესია. არ გვგონია, შევძლოთ და რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებს საკუთარი ქვეყნის და ხალხის სიყვარული ვასწავლოთ, თუმცა დასანანია ის ფაქტი, რომ ყველა, გარდა ამ დესტრუქციული ჯგუფისა, საქართველოს სახელმწიფოს პროგრესს, წინსვლას კარგად ხედავს.

ამ ადამიანებს საკუთარმა ქვეყანამ ვერ დაანახა ის, რისთვისაც საკუთარი ქვეყანა უნდა გიყვარდეს. როდესაც ასეთ სიცრუესა და აბსურდზე გაქვს მოწერილი ხელი, რა ჰგონიათ ამ ადამიანებს, რომ ვინმემ წერა-კითხვა არ იცის და ინტერნეტი არ იძლევა საშუალებას, მარტივად შევადაროთ, როგორია საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა და როგორია მოლდოვაში?

როგორ უნდა იყო იმდენად უთავმოყვარეო, მოლდოვის სასამართლოზე თქვა, რომ ის საქართველოს სასამართლო სისტემას უსწრებს, არის მოწინავე, ეს არის უსირცხვილობა, უნამუსობასთან ერთად“, – თქვა ალუდა ღუდუშაურმა.

ცნობისათვის, „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის“ ანგარიშის მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა. ინდექსში პირველ ადგილს მოლდოვა, მეორეს კი უკრაინა იკავებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კვლევის ავტორებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის მხარდაჭერითა და სხვადასხვა ქვეყნის 65 ადგილობრივი ექსპერტის გამოცდილებით იხელმძღვანელეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g