„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ხვალ, 21:00 საათიდან 18 ოქტომბრის 23:00 საათამდე, დედაქალაქის გარკვეულ უბნებში აიკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა, – ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, 16 ოქტომბერს, 18:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალება ვარდების მოედანზე, ხოლო 21:00 საათიდან ღვინის აღმართიდან და მეტეხის ქუჩიდან ევროპის მოედანის მიმართულებით, ევროპის მოედნიდან მეტეხის ხიდის და გორგასლის მოედნის მიმართულებით.
ავტომანქანები ასევე ვერ იმოძრავებენ გორგასლის ქუჩაზე, თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტამდე. მარჯვენა სანაპიროზე ავტომანქანები ორმხრივად იმოძრავებენ გორგასლის ქუჩის მიმართულებით. სამინისტრო აცხადებს, რომ „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშრებით გამართულ ღონისძიებებზე დასწრების მსურველებს ავტომანქანების გაჩერება შეეძლებათ ევროპის მოედანზე, მიწისქვეშა ავტოსადგომზე და ავლაბრის მოედანზე.
შსს-ს ცნობით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით გაძლიერდება პატრულირება ქალაქის პარკებში, სკვერებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც გაიმართება სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება.